ქ. თბილისის მერიამ 2010 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა ხელახალი ტენდერი მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველების ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე

2010 წლის 26 თებერვალს ქ. თბილისის მერიამ უზედამხედველო ცხოველების დაჭერა-იზოლაციასა და ე.წ. ვეტერინარულ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე კიდევ ერთი ახალი სატენდერო წინადადება გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად განთავსდა მერიის საითში. შესყიდვის ობიექტია: ქ. თბილისში 34100 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. მომსახურების გაწევის სავალდებულო ვადაა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2011 წ-მდე.

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა – 1 140 000 ლარი.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA ჯერჯერობით არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას თუ რა რაოდენობის ცხოველების გაჟლეტას აპირებს ქალაქის მერია ამ ტენდერით, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ტენდერის ტექნიკურ დავალებაში გასაჟლეტი და მოსაკვლელი ცხოველთა რაოდენობა, როგორც ადრე გამოცხადებულ სატენდერო ტექნიკურ დავალებაში იყო, არ იქნება ცხოველთა საერთო დასაჭერ რიცხვთან შეფარდებით 80%-ზე ნაკლები. ასეთი პროპორციით იყო დადგენილი წინა ტენდერების ტექნიკურ დავალებაში და სამწუხაროდ ალბათ მერია ამ შემთხვევაშიდაც არ უღალატებს მიუღებელ და გაუმართლებელ ტრადიციულ ქმედებას.

ნიშანდობლივია, რომ ამ ეტაპზე ამ ახალი სატენდერო წინადადებით მერიამ გამოაცხადა 34 100 ცხოველის დაჭერა, რაც წინა ტენდერის ციფრთან შეფარდებით ათასი ერთეულით მცირეა. საინტერესოა და გასაკვირი, თუ საიდან არის აღებული ეს ციფრი: 34 100. დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნულზე პასუხი არ არსებობს.

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებიდან – 1140000 (მილიონ 140 ათასი) ლარიდან გამომდინარე ერთ ცხოველზე მომსახურების (დაჭერა-იზოლაცია-მოკვლა) ღირებულება შეადგენს 33 ლარსა და 43 თეთრს. მერიას ურჩევნია წლებისა და საუკუნეების მანძილზე დახარჯოს ბიუჯეტიდან მილიონები, ჟლიტოს ცხოველები, არასწორი პროგრამის გამო ამრავლოს ქალაქში მაწანწალა ძაღლები და კატები და გაამდიდროს ამ სფეროში მოღვაწე ძაღლმკვლელი ორგანიზაციაში მომუშავე კრიმინალები და ამ ორგანიზაციის მეპატრონეები.

სამწუხაროა, რომ მიუხედავად ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” დიდი მცდელობისა, რომ თბილისის საკრებულოს მიეღო გადაწყვეტილება ”შინაურ ცხოველთა პოპულაციების მართვის წესის შესახებ”, მასზედ მუშაობა არ მიმდინარეობს და ცხოველთადამცველების სურვილი და ოფიციალური მიმართვები დღევანდელ დღემდე იგნორირებულია. გადაწყვეტილებაში ერთმნიშვნელოვნად და უპირველესად გათვალისწინებული უნდა იყოს უზედამხედველო ცხოველთა პოპულაციის მართვის რეგულირება ჰუმანური წესებით, რაც თავისთავად ნიშნავს ცხოველების პოპულაციის რეგულირების დასაშვებობას მხოლოდ ცივილიზირებული  წესით, როგორიცაა ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება, სტერილიზაციის (კასტრაციის) შესაძლებლობები და ა.შ. რაც ჰუმანურია, მიღებულია და იწვევს რიცხოვნობის შემცირებას და პოპულაციის მართვას. ამ გადაწყვეტილების არ არსებობის გამო კი თბილისის მერია აცხადებს ტენდერებს და აფორმებს ხელშეკრულებებს ძაღლმკვლელ ფირმებთან ცხოველთა ჟლეტვის თაობაზე, თუმცა საქართველოს არც ერთ კანონში, არც სხვა სამართებლივ აქტებში ჯანმრთელ ცხოველთა განადგურებაზე საუბარიც კი არ არის. შესაბამისად, მერია მოქმედებს უკანონოდ.

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ თბილისის მერია აშენებს უზედამხედველო ცხოველთა თავშესაფარს, მაგრამ სამწუხაროდ, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ალბათ ეს მხოლოდ ცხოველთა ხოცვის ობიექტი იქნება.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” შეშფოთებულია აღნიშნული სატენდერო წინადადებიების კასკადით უზედამხედველო ცხოველების პრობლემების ე.წ. მოგვარებასთან მიმართებაში. საზოგადოებამ რამოდენიმეჯერ მოუწოდა მუნიციპალიტეტს საკითხი გადაწყვიტოს ელემენტარული ცივილიზირებული და ჰუმანური ფორმით, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების უფლებები. ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წინადადებები და რეკომენდაციები. აღნიშნული სატენდერო წინადადება არის ცხოველების პერმანენტულ განადგურებაზე მიმართული აქცია და არა ვეტერინარული მომსახურებაზე სახელმწიფო შესყიდვა, რაც მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო ცივილიზირებულ წესსა და ნორმას. ცივილიზირებული წესით მოკვდინება უმტკივნეულო მეთოდით შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხოველების, რომლებიც იტანჯებიან რაიმე დაავადებით, ან საფრთხეს უქმნიან ადამიანთა ჯანმრთელობას, რაც ფასდება მკაცრი კრიტერიუმებით და ამ შემთხვევაში გამოიყენება საერთაშორისო დონეზე მიღებული მოკვდინების ჰუმანური მეთოდი.

დღევანდელ დღეს კი ისევ გრძელდება ”ბოლქვაძის” მეთოდებით და იმავე სპეცმანქანებით ცხოველების სასტიკი მეთოდებით დაჭერა – ტრანსპორტირება და მათი მოკვლა. ნადგურდება ცხოველები და თან სასტიკი და მიუღებელი მეთოდებით.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” მოკლე ხანში მოიპოვებს აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და მიაწვდის საზოგადოებას მაქსიმალურ ოფიციალურ ინფორმაციას.