GSPSA-მ კავშირის თავმჯდომარედ აირჩია ქალბატონი ადელინ მირეი სანგ

2012 წლის 25 სექტემბერს რეგისტრირებული კავშირის “საქართველოს ცხოველთა დაცვისა გადარჩენის საზოგადოება”–ის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ფრანგი ქალბატონი ადელინ მირეი სანგ.

ადელინ მირეი სანგ დაიბადა 1982 წელს საფრანგეთის ქალაქ სევრში. გაიზარდა პარიზთან ახლოს და 2000 წელს დაამთავრა სკოლა, რის შემდეგაც 2 წლის მანძილზე სწავლობდა კოლეჯ დანიელუში ქალაქ პარიზში. 2005 წელს მიიღო ბაკალავრიის წოდება საერთაშორისო ურთიერთობის განხრით ლიონ 3 უნივერსიტეტში.

2002 წლის აგვისტოში პირველად ჩამოვიდა საქართველოში, სადაც ბავშვებს ასწავლიდა ფრანგულ ენას საჯარო სკოლაში. 2003 წელს 6 თვის მანძილზე სწავლობდა გერმანიაში ქ. ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში. ბავშვობიდან უყვარს მოგზაურობა და ცდილობს აღმოაჩინოს რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა : რუსეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ბენინი..

2006 წლის მარტში 6 თვის მაძილზე გაიარა სტაჟირება თბილისის ფრანგულ კულტურის ცენტრში. 2006 წლის სექტემბერში დაბრუნდა საფრანგეთში სადაც 2 წლის მანძილზე სწავლობდა ქართულ და რუსულ ენებს პარიზის აღმოსავლური ენების და ცივილიზაციის ნაციონალურ ინსტიტუტში.

2008 წლის სექტემბერში დაბრუნდა საქართველოში, საფრანგეთის საელჩოს კულტურის დეპარტამენტში სამუშაოდ (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი). ამ დროიდან მოყოლებული იკავებს ფრანგული ენის კურსების დირექტორის თანამდებობას. 2011 სექტემბრიდან ასევე არის ფრანგული ინსტიტუტის გენერალური მდივანი.

პირველად საქართველოს ვიზიტის დროს, ის დარჩა გულნატკენი უსახლკარო ცხოველების რაოდენობით. წაიკითხა, რომ საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებს. შეიტყო, რომ ხდებოდა მაწანწალა ძაღლების მასიური განადგურება ყველა ქალაქში და რომ თბილისში მერია ანხორციელებდა არასწორ მიდგომას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. 2011 წლის მაისიდან ეხმარება GSPSA-ის ორგანიზაციას ცხოველთა დაცვის სფეროში და ის ხდება ორგანიზაციის აქტიური წევრი. ამ პერიოდიდან ქალბატონი ადელინ ახორციელებს GSPSA-ს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის მოვალეობას. მან ურთიერთობა დაამყარა მსოფლიოში ცნობილ ცხოველთადაცვის ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ურთიერთობა “ბრიჟიტ ბარდოს ფონდთან”, რომელიც აქტიურობს GSPSA-ს მისიის დახმარებისათვის და მხარდაჭერისათვის. ქალბატონი ადელინის მიერ დამუშავებულია პროგრამები და პროექტები, რომელიც ეხება თბილისში უზედამხედველო ცხოველების პოპულაციის მართვას ჰუმანურ მეთოდებს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

ვულოცავთ საქართველოში ბინადარ ცხოველებს, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას” და ცხოველთამოყვარულ ადამიანებს ქალბატონი ადელინის ხელმძღვანელობით ცხოველთა დაცვის სფეროში ახალი ეტაპის დაწყებას !