საქართველოში ცხოველის მიმართ სისასტიკის ფაქტები ხშირია, განსაკუთრებით კი ძაღლების მიმართ. ესვრიან, ასახიჩრებენ, კლავენ, აწამებენ…
სამწუხაროდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი მკვდარი მუხლია, რომელის თანახმადაც ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა დასჯადი უნდა იყოს. პრაქტიკულად ამ კანონით არ ხდება არც სათანადო გამოძიება, არც დამნაშავის გამოვლენა, არც მისი დასჯა და არც აღსრულება. შესაბამისად საქართველოში ცხოველებისადმი სისასტიკე დაუსჯელი რჩება.
2021 წლის 19 აპრილს ზუგდიდში მიუსაფარ ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს დაზიანებები. იგივე განმეორდა ამ ძაღლის მიმართ მეორე დღესაც. მის სხეულში ათასობით საფანტის ტყვიაა. ასევე კიდურში მოხვედრილია სავარაუდოდ პნევმატური იარაღიდან გასრულილი ტყვიაც. სამწუხაროდ დამნაშავე არავის არ დაუნახავს.
ძაღლი გადარჩა, მაგრამ ჯერჯერობით არავინ იცის, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიყენებული დაზიანებების გამო.
ძაღლის დაზიანების პირველივე დღესვე GSPSA-ს წარმომადგენლის მიერ გამოძახებულ იქნა პოლიცია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მხრიდან დაიწყო მოკვლევა. ამ ეტაპზე არ ვფლობთ ინფორმაციას აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე. GSPSA-ს წარმომადგენლის მხრიდან მოხდა ძაღლის გადაყვანა ვეტერინარულ კლინიკაში პირველადი დახმარებისთვის და გამოკვლევისთვის.
რენტგენოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლის მთელ სხეულში არის დიდი რაოდენობის საფანტის ტყვიები, ასევე სავარაუდოდ პნევმატური იარაღიდან მოხვედრილი ტყვიაც, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ ცხოველს ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ახლო მანძილიდან . GSPSA-ს წარმომადგენლის ინიციატივით შედგენილია ვეტერინარული დასკვნა და რენტგენოლოგიური კვლევის მასალა, რომელიც ოფიციალურად გადაეცა გამოძიებას.
„ბრილო“ ან „ლომა“, ასე შეარქვეს ორივე სახელი ამ კეთილ და ლამაზ ძაღლს. ის ამ ფაქტამდე რამოდენიმე თვით ადრე გამოჩნდა ქალაქ ზუგდიდის ერთ უბანში. ბრილოს ადგილობრივი ცხოველთამოყვარულები დაეხმარნენ, მოაწესრიგეს და მუდმივად აწვდიდნენ საკვებს. ბრილო არის ძალიან კეთილი, თბილი, ალერსიანი და ფსიქიკურად მოწესრიგებული ძაღლი. ის არავის არ ერჩის, არც სხვა ცხოველს და არც ადამიანს.
ბრილოს მიმართ განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. პირი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მის მოკვლას საშიშია არა მარტო ცხოველებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.
“ბრილო” ამ ეტაპზე უსაფრთხოებისთვის ადგილობრივ მოხალისეებს ჰყავთ შეფარებული დაცულ ტერიტორიაზე. GSPSA მაქსიმალურ მიიღებს ზომებს, რომ ბრილო გაჩუქდეს საზღვარგარეთ და დაივიწყოს საქართველოში ცხოვრების მძიმე პერიოდი, სადაც მას სცემდნენ, ტანჯავდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ… თუმცა საქართველოშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ცხოველის კეთილდღეობა და მათი დაცვა.