2011 წლის 4 აპრილს ცხოველთადამცველებმა მემორანდუმი გააფორმეს

2011 წლის 4 აპრილს, უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების – “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA-ს, “თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია”-ისა და “სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება”-ის ხელმძღვანელთა მიერ ხელმოწერილი იქნა ამ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმი.

ამ დოკუმენტის თანახმად ცხოველთადამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელების: თეიმურაზ წიქორიძის – “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA, თამაზ ელიზბარაშვილის – “თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაცია” და ვახტანგ მამალაძის – “სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება” მხრიდან დადასტურდა მტკიცე ურთიერთთანამშრომლობა ამ ორგანიზაციებს შორის ცხოველთა დაცვის, გადარჩენის და მათი უფლებების დაცვის სფეროში. მთავარი მიზანია ცხოველებისათვის უკეთესი გარემოს შექმნა, ცხოველთა მიმართ სისასტიკის აღკვეთა, ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის ხელისუფლებისათვის ხელშეწყობა, ვეტერინარული მომსახურება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ცხოველისადმი ჰუმანური დამოკიდებულების დამკვიდრება.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის გაფორმება და ხელმოწერა მოხდა 4 აპრილს, უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღეს (http://www.strayanimalsday.org), რაც სიმბოლურადაც მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს. ცხოველთადამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უპატრონო ცხოველების დღისადმი მიძღვნილ აქციაზე მსოფლიო საზოგადოებას მოუხმეს მხარდაჭერისკენ და ცხოველთა დასახმარებლად.

ამ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ცხოველთადამცველთა მოძრაობა ახალ ეტაპზე გადადის, რაც მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საერთაშორისო თვალსაზრისითაც.

მემორანდუმზე ხელისმომწერნი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციათა სამეული მოუწოდებს ცხოველთადამცველებს მხარდაჭერისათვის, რაც წინაპირობაა ცხოველთა უკეთესი გარემოს შესაქმნელად და მათ დასაცავად.