სანამ ცხოველს ავიყვანთ

41lyWs-qTDL

ცხოველების სიყვარული ხშირ შემთხვევაში საკმარისი არ არის, იმისთვის, რომ შეძლო კარგად მოუარო შენს ოთხფეხა მეგობარს, საჭიროა მზად იყო მატერიალურად, ფიზიკურად და მორალურად. კარგად  დაფიქრდით და ისე გადაწყვიტეთ ხართ თუ არა მზად ძაღლის ასაყვანად. ძაღლი ფუმფულა სათამაშო არ არის, ის ოჯახის წევრია, რომელსაც საკუთარი მოთხოვნილებები და საჭიროებები გააჩნია. გაეცანით ქვემოთ მოყვანილ პირობებს, ეს გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით ოჯახში ცხოველის მიღებაზე.

 

  • ოჯახის არცერთ წევრს არ უნდა ჰქონდეს ალერგია ცხოველის ბეწვზე.
  • დარწმუნდით, რომ ოჯახის ყველა წევრი მომხრეა ოჯახში ძაღლის მიღების, ყველა მზადაა დაუთმოს გარკვეული ყურადღება და პასუხისმგებლობით მოეკიდოს მის მოვლას, კვებას, გასეირნებას და ა.შ. დარწმუნდით, რომ ამ ყველაფრისთვის ყოველთვის გამოინახება დრო და საშუალება.
  • გაითვალისწინეთ, რომ ძაღლს სჭირდება სრულყოფილი, დაბალანსებული კვება, იმისთვის რომ იყოს ჯანმრთელი. საკვების შერჩევისას გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან.
  • გაითვალისწინეთ, რომ ძაღლს ბეწვი, მცირე რაოდენობით, ყოველთვის სცვივა. წელიწადში 2ჯერ იცვლიან ბეწვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ პერიოდში უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ სისუფთავის შესანარჩუნებლად. დღეში 30 წუთით მისი დავარცხნა სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
  • გაითვალისწინეთ, რომ ძაღლს  სჭირდება ვეტ მომსახურება. აცრები, პარაზიტებზე დამუშავება, შესაფერისი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, საჭირო აქსესუარები და ა.შ. (დაწვრილებით ლინკი basic  care
  • არ შეარჩიოთ ძაღლი მხოლოდ გარეგნობის/ჯიშის მიხედვით. შეიძლება თქვენს გემოვნებას შეესაბამებოდეს მაგრამ მისი მოვლა თქვენს შესაძლებლობებს აღემატებოდეს. გაითვალისწინეთ რამდენად ენერგიულია, როგორი ხასიათი აქვს, რამდენად შეძლებთ მის დამორჩილებას. გაატარეთ გარკვეული დრო მასთან ერთად, გამოსცადეთ როგორია მისი გასეირნება.
  • გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაიცვათ საზოგადოებაში მოქცევის წესები, რომელსაც არეგულირებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
  • ლეკვის აყვანის შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ მას დასჭირდება გარკვეული დრო ისწავლოს „კარგად მოქცევა“, მანამდე კი უნდა მოითმინოთ დასვრილი იატაკი, დახეული ნივთები, კბენა თამაშის დროს და ა.შ. მიმართეთ სპეციალისტს თუ არ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა.
  • დააკვირდით, რამდენად კეთილგანწობილი სამეზობლო გყავთ ცხოველების მიმართ, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა გამოითქვას პრეტენზიები მათი მხრიდან, რამდენად გაუმკლავდებით ასეთ სიტუაციას?!
  • გაითვალისწინეთ, ძაღლს გააჩნია სექსუალური მოთხოვნილებები, ძუ ძაღლს 6-8 თვეში ერთხელ აქვს მძუნაობის პერიოდი და ის 3 კვირა გრძელდება, ამ პერიოდში ძაღლებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი, ნაკლებად ემორჩილებიან პატრონს, ხვადი ძაღლი ნებისმიერ დროს შეიძლება გაგექცეთ, თუ ახლოს ამძუვნებული ძუ გამოჩნდა. ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია გაკეთდეს სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციები.  თუ თქვენს ძაღლს ეყოლება ლეკვები, აუცილებელია მათ ჯანმრთელობაზეც იზრუნოთ, 1,5-2თვის შემდეგ კი უნდა მოიძებნოს ლეკვებისთვის პატრონი, რომელიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება დაკისრებულ მოვალეობას.
  • დარწმუნდით, რომ მზად ხართ ჭირში და ლხინში ერთად იყოთ, არ მიატოვებთ ავადმყოფობის და სიბერის დროს, როცა მას ყველაზე მეტად დასჭირდება მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონი. გახსოვდეთ, რომ მისთვის მთავარი საყრდენი ხართ.

 

თუ ზემოთ მოყვანილი არცერთი პუნქტი არ წარმოადგენს პრობლემას და მზად ხართ ყველა სირთულის გადალახვისთვის, მაშინ დროა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ოთხფეხა მეგობარი, რომელიც ამ სირთულეების მიუხედავად აუცილებლად გააფერადებს თქვენს ცხოვრებას.

გასაჩუქებელი ცხოველები GSPSA თავშესაფრიდან

საუკეთესო მიზეზები, რატომ უნდა ავიყვანოთ ძაღლი თავშესაფრიდან