დატყვევებული დათვის ბელები გააქრეს, შესაძლებელია ისინი ცოცხლებიც აღარ არიან

დატყვევებული დათვის ბელები რესტორნის ტერიტორიიდან გააქრეს!

 2019 წლის 17 ივლისს სოფელ ვარიანში (გორის მუნიციპალიტეტი) რესტორნის ტერიტორიაზე დატყვევებული დათვის ბელები გააქრეს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს არ უმხელენ დათვის ბელების მათ ტერიტორიაზე დატყვევების ფაქტს.

GSPSA ვარაუდობს, რომ დათვის ბელები მოკლულია!

 GSPSA მიმართავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გამოძიება რესტორნის ტერიტორიაზე დათვის ბელების დატყვევების და მათი შემდგომი ბედის შესახებ, ხოლო კანონდამრღვევი პირის (ან პირების მიმართ) გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

ინფორმაცია ფაქტის შესახებ:

2019 წლის 17 ივლისს GSPSA-მ უცხოელი მოქალაქეებისგან მიიღო შეტყობინება და ფოტო-ვიდეო მასალები დატყვევებული დათვის ბელების შესახებ. როგორც თვითმხილველმა მოგვაწოდა ინფორმაცია,  ბელები დატყვევებული ჰყავდათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში რესტორნის ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობაში, რაც თვითონ თვითმხილველმა დააფიქსირა ამავე დღეს, როდესაც ის ეწვია რესტორანს.  ფოტომასალა და  ვიდეო გადაიღო მან და სასწრაფოდ მოგვაწოდა ინფორმაცია.

ინფორმაციისა და შესაბამისი მტკიცებულების მიღებისთანავე GSPSA-ს ხელმძღვანელობა სასწრაფოდ დაუკავშირდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს და სამინისტროსგან მოითხოვა დაუყონებლივ რეაგირება კანონის სრული დაცვით, რაც ითვალისწინებდა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ ადგილზე გასვლას, სიტუაციის შესწავლას, ბელების ჩამორთმევას უკანონო ტყვეობიდან, მათ დაბინავებას თავშესაფარში და კანონდამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი ზომების გატარებას.  შეტყობინების მიღებიდან სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყონებლივ გავიდნენ ადგილზე, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა დეპარტამენტის უფლებამოსილი პირისგან. მიუხედავად დეპარტამენტის თანამშრომელთან შეთანხმებისა, 17 ივლისს GSPSA-ს არ შეატყობინეს ადგილზე გასვლის შედეგები. ორგანიზაციამ ამავე დღის ბოლოს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა თვითმხილველის მიერ მოწოდებული ვიდეო მასალა და შესაბამისი ინფორმაცია, რაც ასევე გადაეგზავნა დეპარტამენტს.

18 ივლის GSPSA-ს ხელმძღვანელი კვლავ დაუკავშირდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელს აღნიშნულზე. რომელმაც ორგანიზაციას შეატყობინა, რომ 17 ივლისს დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მითითებულ ადგილზე სოფელ ვარიანში, სადაც მათ ვერ მოიძიეს დატყვევებული დათვის ბელები, ხოლო რესტორნის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო ბელების არსებობა და დატყვევების ფაქტი.

GSPSA-ს ხელმძღვანელობის უშუალო მონაწილეობით მოხდა თვითმხილველი პირის  კომუნიკაცია ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელთან. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა თვითმხილველი ესაუბრა დეპარტამენტის თანამშრომელს და  მიაწოდა მას დეტალური ინფორმაცია.

ამავე დღეს, 18 ივლისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით შესაბამისი ეკიპაჟი კვლავ გავიდა მითითებულ ადგილზე, მაგრამ ვერც ამჯერად აღმოაჩინა დატყვევებული დათვის ბელები.

როგორც ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა განგვიმარტა, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომპეტენციის ფარგლებში ჩაატარა ყველა საჭირო ქმედება, მაგრამ დატყვევებული ბელები ვერ აღმოაჩინა, ხოლო რესტორნის წარმომადგენელმა კატეგორიულად უარყო ბელების არსებობა მათ ტერიტორიაზე, რაც  რა თქმა უნდა, ცრუ ინფორმაციაა ასეთ შემთხვევაში რესტორნის წარმომადგენლების მხრიდან.

GSPSA თვითმხილველის მიერ მოწოდებული ფოტო-ვიდეო მასალებზე, ინფორმაციებზე, ასევე სამინისტროს შესაბამის თანამშრომლისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყდნობით აკეთებს შემდეგ დასკვნას:

  • დათვების ტყვეობის ფაქტები დადასტურებულია კონკრეტულ ადგილზე (მტკიცებულება ფოტო-ვიდეო მასალები და თვითმხილველები);
  • სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მისვლამდე დათვის ბელები ადგილიდან არის გაუჩინარებული (ან არიან მოკლულები, ან გადამალულები სხვა ადგილზე, ან გაშვებულები არიან ტყეში);
  • სავარაუდოთ, GSPSA-ს მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაცია დათვის ბელების შესახებ, უკანონოდ გამჟღავნებულია და წინასწარ ვიღაცამ გააფრთხილა რესტორნის ხელმძღვანელობა დეპარტამენტის თანამშრომელთა მისვლის შესახებ;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესტორნის ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობაში არ ჰყავდათ დათვის ბელები, არ შეესაბამება სინამდვილეს და არის ცრუ ინფორმაცია;

GSPSA-ს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ვიდეოზე გადაღებული დათვის ბელები, რომელთა ასაკი სავარაუდოდ 5-6 თვეა, დაჭერილი და დატყვევებულები არიან რამოდენიმე თვეა და ალბათ მათ დასაჭერად მოკლულია დედა დათვიც.

GSPSA ვარაუდობს და არ გამორიცხავს, რომ ტყვე დათვის ბელები შესაძლებელია გამიზნული იყვნენ დასაკლავად „საპატივცემულო“ სტუმრის მოთხოვნის შემთხვევაში დათვის ხორცის დასაგემოვნებლად.

GSPSA კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურად გამოაქვეყნოს ინფორმაცია და პასუხი გასცეს საზოგადოებას ამ ფაქტთან დაკავშირებულ კითხვებს. ასევე სამინისტრომ უნდა მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მოკვლევისთვის და გამოძიებისთვის. პირველ რიგში კი სასწრაფოდ დასადგენია დათვის ბელების ბედი.

მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ . მისი დატყვევება აკრძალულია და ისჯება კანონით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 853 ​მუხლის თანახმად, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.

საქართველოში დათვის უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის წესით ისჯება. ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს 50 000 ლარს. შესაბამისად, ის პირი, რომელიც უკანონოდ მოიპოვებს დათვს (ანუ მოკლავს) საქართველოს კანონის თანახმად მას უნდა დაეკისროს გარემოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

სსკ-ის შესაბამისად, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეყვანილ ცხოველზე ნადირობა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.