GSPSA-ს თავმჯდომარემ თბილისის მერიის მხრიდან კანონდარღვევების გამო ოფიციალურად მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს

2010 წლის 16 დეკემბერს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”-მ ქ. თბილისის მერიას მიმართა წერილობითი ფორმით (ორი მიმართვა) და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის მიღება ქ. თბილისში უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებულ თემებზე. მიუხედავად მოთხოვნის კანონიერებისა, ქ. თბილისის მერიამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მთელი რიგი მუხლები და კანონით განსაზღვრულ დროში (და არც შემდგომ) ინფორმაცია არ გაუცია და არც სხვა რაიმე პასუხი მისი გაუცემლობის მიზეზების შესახებ.

GSPSA 16.12.2010 წლის ოფიციალური წერილობითი მიმართვით ქ. თბილისის მერიიდან ითხოვს ყველა დოკუმენტაციას, რომელიც ეხება 2010 წლის 26 თებერვალს ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს – ” ტენდერი ქ. თბილისში მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველების (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე” და გამარჯვებული კომპანიასთან ( შ.პ.ს. ”დებიუტი) გაფორმებულ ყველა კონტრაქტს და სხვა აქტებს. ასევე ყველა ოფიციალურ ინფორმაციას და დოკუმენტაციას, რომელიც ეხება 2010 წლიდან დღემდე უზედამხედველო ცხოველების (ძაღლი, კატა) ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურებას.

ამ ინფორმაციის GSPSA-სთვის გადმოცემის შემთხვევაში მოპოვებული იქნება ბევრი მტკიცებეულება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ და შესაძლებელია სასამართლოს მეშვეობით დამტკიცდეს ქ. თბილისის მერიის მიერ უსახლკარო ცხოველთა თემასთან მიმართებაში ტენდერების არასწორი ჩატარება და სახელმწიფო სახსრების ხარჯვა სრულიად არაეფექტურ პროგრამაზე, რომლის შედეგადაც უპატრონო ცხოველების რაოდენობა არ შემცირებულა, განხორციელდა ცხოველებისადმი სისასტიკე, განადგურება, ცხოველთა არაბუნებრივი მიგრაცია და სხვა ნეგატიური ქმედებები. გარდა ამისა, არაკანონიერი ე.წ. „ვეტერინალური მომსახურების“ ფარგლებში არაერთხელ შეილახა საქართველოსა და უცხოეთის ცხოველმოყვარული მოქალაქეთა უფლებები, როდესაც ცხოველის დაჭერის დროს განხორციელებული სასტიკი ქმედებების, ასევე მიკედლებული ცხოველების განადგურების შედეგად ბევრმა ადამიანმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა. აღნიშნულმა გამოიწვია ცხოველმოყვარული ინტელექტუალური საზოგადოების გულისწყრომა და უნდობლობა ხელისუფლების მიმართ. ირღვევა საერთაშორისო ნორმები (ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია) და ადამიანთა უფლებებიც.

ქ. თბილისის მერიის მხრიდან GSPSA-ს კანონიერ მოთხოვნაზე საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ იგნონირების გამო და ასევე მერიის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” გამგეობის თავმჯდომარემ თეიმურაზ წიქორიძემ 2011 წლის 04 თებერვალს წერილითა და განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ გიორგი ტუღუშს და სთხოვა კომპეტენციის ფარგლებში მან მიიღოს ყველა მაქსიმალური ზომა და აიძულოს ქ. თბილისის მერია GSPSA-ს კანონიერი მოთხოვნის რეალიზაციაში, რაც ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის დაუყონებლივ მიღებას.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სახალხო დამცველისა და სართაშორისო ორგანიზაციების დახმარებით და ძალისხმევით მიიღებს ოფიციალურ ინფორმაციებს მუნიციპალიტეტის მხრიდან და გააგრძელებს ბრძოლას საქართველოში ცხოველთა მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ.

 

GSPSA-ს ოფიციალური მიმართვა საქართველოს სახალხო დამცველს

GSPSA-ს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე