კონფერენცია – შინაური ცხოველების პოპულაციების მართვა. თბილისი, 25 დეკემბერი 2009 წელი.

2009 წლის 25 დეკემბერს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” მიერ ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ”შინაური ცხოველების პოპულაციების მართვა საქართველოს ქალაქებში”. კონფერენციას დაესწრნენ ქ. თბილისის საკრებულოს, ქ. თბილისის მერიის ოფიციალური წარმომადგენლები, ცხოველთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, კინოლოგიური გაერთიანებები და წამყვანი ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა ჰოლდინგური კომპანია”ვიტ-ჯორჯიას” პრესსაკონფერენციო დარბაზში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ქალაქებში, უპირველეს ყოვლისა კი თბილისში არასწორი პროგრამების გამო რთული მდგომარეობა შეიქმნა ცხოველთა პოპულაციის მართვის სფეროში, მნიშვნელოვნათ გაიზარდა უზედამხედველო ცხოველების რაოდენობა, კონტრაქტორი კომერციული ფირმების მიერ ხდება ცხოველებისადმი სასტიკი ქმედებები და არაცივილიზირებული მეთოდებით მათი განადგურება, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ყველა ცივილიზირებულ წესსა და ნორმას. დელეგატებმა, იმედი გამოთქვეს, რომ მომავალი წლიდან ქ. თბილისში მუნიციპალიტეტი ითანამშრომლებს ცხოველთა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ერთობლივად გადაწყვიტავენ ამ პრობლემებს. მისასალმებელი იყო ამ კონფერენციაზე ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების წინადადებები, რაც გამოიხატება ურთიერთთანამშრომლობასა და პრობლემის ცივილიზირებული გზით მოგვარებაში. აღინიშნა, რომ საკრებულოს კომისია რამოდენიმე დღეში გააგრძელებს მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ცხოველთა პოპულაციის საკითხების მოსაგვარებლად. კონფერენციაზე თავისი პოზიციები დააფიქსირეს კინოლოგიური გაერთიანებებისა და ვეტერინარული კლინიკის წარმომადგენლებმა. კონფერენციამ ჩაიარა საქმიან და მეგობრულ ვითარებაში.