დანიელი ცხოველთადამცველების ვიზიტი GSPSA-ს თავშესაფარში

2017 წლის 18-21 ნოემბერს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” სტუმრობდა ქალბატონებს ლაურა მომესა და პატრიცია მაია ანდერსენს.

დანიელი ცხოველთადამცველები საქართველოში იმყოფებოდნენ სპეციალური ვიზიტით, რომლის მთავარი მიზანი იყო GSPSA-ს უკეთ გაცნობა და ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების პრობლემების შესწავლა. სტუმრებმა GSPSA-ს ტრავმირებული ცხოველების თავშესაფრის ბინადრებისათვის საჩუქრად ჩამოიტანეს დანიაში შეგროვებული ბევრი საჭირო ნივთი: დასაგებები, ძაღლების ლაბადები, საყელურები, ღვედები, ჯამები, ჰიგიენური მოვლის საშუალებები და სხვა.

დანიელმა ცხოველთადამცველებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისში, ბუკიას ბაღში ჩატარებულ მიუსაფარი ლეკვების გაჩუქების აქციაში.

ვიზიტის დასრულების შემდეგ ქალბატონი ლაურა მომესი ფეისბუქის გვერდზე სწერს:

“ეს იყო მოგზაურობა, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ შეგხვდნენ სტუმართმოყვარული გრძნობით და დიდი სიამოვნებით. ჩვენ, ორივენი განცვიფრებულები ვართ იმით, თუ რაოდენ საოცარი გუნდი დგას თავშესაფრის (ორგანიზაციის) სათავეში. და ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ვართ მათი მხარდამჭერები და პარტნიორები.

ვიზიტის ბოლო დღეს თეიმურაზმა მე და პატრიციას გადმოგვცა მადლობის სიგელები საქართველოში უსახლკარო ცხოველების მიმართ ფასდაუდებელი მხარდაჭერისათვის. დიდი მადლობა ყველას, ვისთანაც ერთად დავეხმარეთ თავშესაფარს.

მე არ მქონდა რაიმე ეჭვი, მაგრამ ამ მოგზაურობის შემდეგ მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს არის სრულიად საოცარი პროექტი, რომელიც მხარს უჭერს და ეხმარება არა მხოლოდ თავშესაფრის ცხოველებს, არამედ მთლიანად ცხოველთა კეთილდღეობას საქართველოში და კავკასიაში.”

ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერ დანიაში შექმნილია ჯგუფი – DIGU (Dansk Indsamling til Gadehunde i Udlandet – დანიელი ხალხის დახმარება ქუჩის ცხოველებს საზღვარგარეთ). ამ ჯგუფის მეშვეობით ხორციელდება სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც მიმართულია მიუსაფარი ცხოველების ყოფის შესამსუბუქებლად დანიის საზღვრებს გარეთ. მათ მიერ დანიაში იმართება ივენთები, აუქციონები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები საქართველოში უპატრონო ცხოველების დახმარების მიზნით. DIGU ეხმარება GSPSA-ს ტრავმირებული ცხოველების თავშესაფარს და დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ბინადრების კეთილდღეობაში.

GSPSA მადლობას უხდის ქალბატონებს ლაურა მომესა და პატრიცია მაია ანდერსენს შეუფასებელი მეგობრობისათვის, მხარდაჭერისათვის და დახმარებისათვის! ასევე დიდი მადლობა დანიელ ხალხს საქართველოში მიუსაფარი ცხოველების ბედით დაინტერესებისათვის და მათი კეთილდღეობისათვის საქველმოქმედო პროგრამებში მონაწილეობისათვის!

ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ:

დანიელი მეგობრების დახმარება GSPSA-ს თავშესაფარს

დახმარება GSPSA-სა და გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარს

 

 

This slideshow requires JavaScript.