GSPSA-მ მიმართა საქართველოს პარლამენტს ცხოველთა კეთილდღეობის საკანონმდებლო წინადადებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  მიერ განხილვის პროცესშია არასამთავრობო ორგანიზაციების (თ. ჭავჭანიძე, ს. ჯიბუტი, თ. აქუბარდია, ს. ბეროშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება დამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ  და მეორე ჯგუფის, საქართველოში მოქმედი რეგისტრირებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“.

 საკანონმდებლო წინადადება –  „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ 

 საკანონმდებლო წინადადება – „ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2018 წლის 21 თებერვლის დასკვნის საფუძველზე ორივე საკანონმდებლო წინადადება უნდა შეჯერდეს და შემუშავდეს კანონპროექტი. კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით.

ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“-GSPSA-ს  გარკვეული ფაქტორებისა და მიზეზების გათვალისწინებით არ მიუღია მონაწილეობა არც საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებაში და არც კომიტეტის განხილვებში.  GSPSA გაეცნო პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს და მასზედ აქვს საკუთარი შეხედულებები, შენიშვნები და წინადადებები.

2018 წლის 23 აგვისტოს  ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA -მ საკანონმდებლო წინადადებების შესახებ წერილით ოფიციალურად მიმართა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს.  აღნიშნულ წერილში დაფიქსირებულია  GSPSA-ს შენიშვნები და წინადადებები ამ საკანონმდებლო წინადადებების შესახებ.

საქარველოს პარლამენტში გაგზავნილი წერილები და წერილის დანართები:

    წერილი პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებების თაობაზე   

წერილის  დანართი N1

წერილის დანართი N2

წერილის დანართი N3

ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA მიაჩნია, რომ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების (თ. ჭავჭანიძე, ს. ჯიბუტი, თ. აქუბარდია, ს. ბეროშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონის პროექტზე ვერ ასახავს მთავარ მიზანს კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო წინადადების გარკვეულ პუნქტებში სწერია ცხოველთა დაცვის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ არის პუნქტები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება კომანიონი ცხოველების კეთილდღეობას. საკანონმდებლო წინადადების ბევრი პუნქტი შეუსაბამობაშია ცხოველთა დაცვისა და კეთილდღეობის ძირითად პრინციპებთან.  საკანონმდებლო წინადადების მე-17 და მე-18 პუნქტი (თავშესაფრები და მათი სტანდარტები) პირდაპირ მიმართულია უკვე არსებული თავშესაფრების ლიკვიდაციისაკენ და მომავალში ახალი თავშესაფრების დაარსების და ფუნქციონირების შეუძლებლობისკენ (თავშესაფრების მოწყობის სტანდარტები – მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი). ხოლო თავშესაფრების არ არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია უსახლკარო ცხოველთა პოპულაციის მართვა, რაოდენობრივი შემცირების კონტროლი, დაავადებების კონტროლი და სხვა.  ასევე აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება კანონის პროექტზე თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიმართულია ადამიანისა და ცხოველის უფლებების დარღვევისკენ. GSPSA-ს აზრით,  ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების (თ. ჭავჭანიძე, ს. ჯიბუტი, თ. აქუბარდია, ს. ბეროშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“  შეუსაბამობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებთან მიმართებაში. შესაბამისად მისი განხილვა და დეტალური შენიშვნები აზრს კარგავს. GSPSA უარყოფითად აფასებს  საკანონმდებლო წინადადებას “ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ”. 

რაც შეეხება მეორე ჯგუფის, საქართველოში მოქმედი რეგისტრირებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას „ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ . GSPSA- ს აზრით აღნიშნული წინადადება პრინციპის დონეზე მისაღებია, მაგრამ საჭიროებს შემდგომ მუშაობას ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით.  

GSPSA-მ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებაზე „ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ შეიმუშავა წინადადებები, რეკომენდაციები და გააკეთა შენიშვნები.

 

———————————————–

შენიშვნები და წინადადებები საკანონმდებლო წინადადებაზე:

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“  (N648  18.01.2018)

პროექტის ტექსტში კონკრეტული მუხლებზე შენიშვნები იხილეთ დანართი N 2- ში.

 ძირითადი და მთავარი შენიშვნები:

  1. კანონპროექტი არის სახელწოდებით: „საქართველოს კანონი ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“.  ზოგად დებულებებში დაწერილია: „ამ კანონის მიზანია ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა“. შესაბამისად კანონის სახელწოდებისა და ზოგადი დებულების თანახმად კანონი არეგულირებს ცხოველთა კეთილდღეობის ნორმებს,  მაგრამ შემდეგ თავებში და მუხლებში არის მხოლოდ „კომპანიონ ცხოველებზე“ გამახვილებული ყურადღება. ზოგიერთ ნაწილში გვხვდება „ფერმერული ცხოველები“, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად და მათზე არავითარი რეგულაციები არ არის დაწერილი. ამავე დროს გაუგებარია კანონპროექტში დამოუკიდებელ სიტყვაში „ცხოველები“ რა იგულისხმება, ცხოველი, ფრინველი თუ ფაუნის ყველა წარმომადგენელი. უნდა იყოს ამ კანონპროექტში აღნიშნული სიტყვა „ცხოველები“-ს განმარტება.

შეიძლება განმარტება იყოს:

  • შინაური ცხოველი (ანუ კომპანიონი ცხოველი -pet animal) – გულისხმობს ნებისმიერ ცხოველს (შინაურს ან გარეულს/მოშინაურებულს), რომელიც დაცულია ადამიანის მიერ  მეგობრული ურთიერთობისა და პირადი სიამოვნების მიზნით. (ENCYCLOPEDIA BGITANNICA-ს განმარტებით. იგივე განსაზღვრებით სარგებლობს შინაური ცხოველების დაცვის ევროპის კონვენცია (European Convention for the Protection of Pet Animals.)

თუ კანონპროექტი არის დაწერილი ყველა ცხოველის და ფრინველის მიმართებაში, მაშინ გაუგებარია, თუ რატომ არის შემდეგი თავები და მუხლები მხოლოდ ძაღლების და კატების შესახებ. თუ კანონპროექტი არეგულირებს მხოლოდ კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის წესს, მაშინ კანონის სახელწოდება ალბათ უნდა იყოს „საქართველოს კანონი კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის შესახებ“. აუცილებელია ამ კანონპროექტის  და „საქართველოს კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ“ განხილვა. „საქართველოს კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ“ არეგულირებს მხოლოდ გარეულ ცხოველების საკითხებს, თუმცა ძირთადი აქცენტი მიმართულია სახეობების დაცვაზე, ხოლო კეთილდღეობაზე და ზრუნვაზე თითქმის არაფერი არ სწერია.

  1. კომპანიონი ცხოველების უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვის აღნიშნული პრინციპები გათვალისწინებულია ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობებით და ძირითადად, რეგულირდება: ცხოველთა დაცვის შესახებ კანონით (Animal Protection Act),  ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონით (Animal welfare Act), ვეტერინარული საქმიანობის შესახებ კანონით (Law on Veterinary Activities),  კანონით ცხოველების სასტიკად მოპყრობისგან დაცვის შესახებ (Law On The Protection Of Animals from Cruelty), კანონი ძაღლების მოვლის შესახებ (Law on keeping dogs), ცხოველთა ტრანსპორტირების შესახებ დადგენილებითა (Animal Transport Regulations) და სხვა სპეციალური დადგენილებებით სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეზე. მუნიციპალიტეტის დადგენილებები ძირითადად ეხება მაწანწალა ცხოველებსა და ასევე, ადგილობრივი ტრანსპორტით კომპანიონი ცხოველების გადაყვანის საკითხებს. გარდა ამისა, ცხოველთა მიმართ სასტიკად მოქცევა, ასევე (ცხოველთა დაცვისა და ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ კანონების გარდა), ისჯება სისხლის სამართლის ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

აღნიშნული კანონმდებლობებითა და დადგენილებებით უნდა დარეგულირდეს შემდეგი საკითხები:

  • კომპანიონი ცხოველების მლობელთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები;
  • ლიცენზიების გაცემის საკითხები (მფლობელობისთვის, ტრანსპორტირებისთვის);
  • მათი მოვლა-პატრონობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პირობები;
  • გამრავლებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხები;
  • გასხვისების (გაყიდვა, უსასყიდლოდ გადაცემა) პირობები და წესები;
  • სავალდებულო რეგისტრაცია;
  • ძაღლის საშიშად ცნობის შემთხვევაში მასზე უარის თქმისა და ევთანაზიის პირობები;
  • მონადირე ძაღლების მფლობელების ვალდებულებები;
  • ვეტერინარული და სანიტარული კონტროლი, მაკონტროლებელი ორგანოების განსაზღვრა (ძირითადად ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ვეტერინარული სამსახურების პასუხისმგებლობას წარმოადგენს);
  • უპატრონო (მაწანწალა) ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზები, მათი რაოდენობის შემცირების საშუალებები;
  • იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლი;
  • მოთხოვნები მათი ტრანსპორტირებისას (ტრანსპორტირება შეიძლება ეხებოდეს პირად საკუთრებაში არსებულ კომპანიონ ცხოველს და, ასევე, კომერციული მიზნით ცხოველების გადაყვანას. კანონით განსაზღვრულია გადასახადის დამწესებელი და ზედამხედველობის გამწევი ორგანო);
  • სხვადასხვა გასართობ წარმოდგენებში, რეკლამებში, შეჯიბრებებში მონაწილეობისა და გამოფენებზე გაყვანის წესები;
  • ცხოველთა იდენტიფიცირება-მარკირების წესები;
  • ჯარიმები ცხოველებისადმი უდიერად მოპყრობის შემთხვევაში;
  • საექსპერიმენტო ცხოველები და მათდამი მოპყრობის წესები;
  • ძაღლსაშენებისა და უპატრონო ცხოველთა თავშესაფრების რეგულაციები;
  • ზოო-მაღაზიებთან და ბაზრობებთან დაკავშირებული რეგულაციები;
  • ზოოლოგიურ პარკებში ცხოველთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვის საკითხები;
  • საცირკო ცხოველების მოვლისა და მათდამი მოპყრობის წესები.
  1. აღნიშნულ კანონპროექტში არ არის დაწერილი, თუ ვინ შეიძლება გახდეს კომპანიონი ცხოველის პატრონი და ვის ეკრძალება კომპანიონი ცხოველის ყოლის უფლება. – აღნიშნულ მუხლში უნდა განიმარტოს:
  • ვინ შეიძლება გახდეს ცხოველის პატრონი, მიმკედლებელი, მზრუნველი და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი ცხოველის სახეობიდან გამომდინარე;
  • ვისთვის იკრძალება კომპანიონი ცხოველის ყოლა (პირი, რომელსაც: 1. ჩამოერთვა ცხოველი; 2. თავისი ცხოველი ჩააბარა თავშესაფარში; 3. დაეკარგა და არ მოიძია; 4. მოუკვდა დაუდევრობით; 5. შემჩნეულია ცხოველებისადმი სისასტიკეში და წვალებაში და ა.შ)
  • რა შემთხვევებში ხდება პატრონისათვის ცხოველის ჩამორთმევა (ცხოველის სახით კონფისკაცია);
  • რა რეგულაციები უნდა დაწესდეს, რომ პირს მიეცეს უფლება კომპანიონი ცხოველის ყოლის.

და სხვა….

  1. საერთოდ არაფერი არ წერია ცხოველების მოშენების რეგულაციების დეტალებზე. აუცილებელია განმარტება, თუ როგორ უნდა მოხდეს გამრავლება. გაუგებარია გეგმაზომიერი, მიზნობრივი და ა.შ. ამ მუხლში უნდა ჩაიწეროთ, თუ რომელი ჯიშის ძაღლების ან კატების გამრავლება/მოშენებაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები და ვის აქვს ამის უფლება. ასევე აუცილებელია ჩაიწეროს, რომ ნებისმიერი ლეკვისა ან კნუტის (იგულისხმება ჯიშიანი ცხოველები) გასხვისება უნდა მოხდეს მხოლოდ არანაკლებ 4 თვის ასაკის შემდეგ. მომშენებელი ვალდებულია ცხოველის (იგულისხმება ნაშიერი) გასხვისებამდე ცხოველს ჩაუტაროს პირველადი ყველა საჭირო ვაქცინაცია და მისი რეალიზაცია/გასხვისება მოახდინოს მხოლოდ ამის შემდეგ. ასევე მომშენებელი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის შთამომავლობისათვის შესაბამისი დოკუმენტაცია და მარკირება. მხოლოდ ამ საკითხების კანონიერი კუთხით დარეგულირების შემთხვევაში მიღწევადია არაგეგმაზომიერი და არამიზნობრივი გამრავლება და შესაბამისად პოპულაციების კონტროლი, რაც უდაოდ ბევრ საკითხს დაარეგულირებს და მოხსნის ბევრ პრობლემას.
  2. კანონპროექტში საერთოდ არ წერია ცხოველების კლასიფიკაცია და სახეობების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება იყვნენ კომპანიონი ცხოველები. კანონპროექტში წერია, რომ: „კომპანიონი ცხოველი – ცხოველი, რომლის სახეობასაც არ იყენებენ სამეურნეო ფერმერული დანიშნულებით, ასევე ნებისმიერი სახეობის ცხოველი, რომელზედაც მისი მეპატრონე ანხორციელებს მოვლა-პატრონობას, არ იყენებს სამეურნეო ფერმერული დანიშნულებით და მისი ყოლა ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით“, ხოლო მოქმედი კანონპროექტით შესაძლებელია ნებისიერ ცხოველზე გაიცეს კერძო პირისათვის ყოლის უფლება (იხ. საქართველოს კანონი ცხოველთა სამყაროს შესახებ). მაგალითად მელა, რომელიც არის გარეული ცხოველი, შესაძლებელია რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვით პირს ჰყავდეს პირად საკუთრებაში. კონკრეტულად ცხოველის ამ სახეობის ინდივიდები მსოფლიოს მაშთაბით ბევრს ჰყავს მოშინაურებული და საქართველოშიც არის ამის მაგალითები. ამ შემთხვევაში კონკრეტული ინდივიდი ჩაითვლება თუ არა კონკრეტული პირის კომპანიონ ცხოველად და რა არის ამისთვის საჭირო? ან სხვა მაგალითები სხვა სახეობის ცხოველებზე:  ღორი, თხა, ზაზუნა, ცხენი, ციყვი, კურდღელი, მაიმუნი, ზებრა, მგელი ჟირაფი, დელფინი და ა.შ.  ასევე კომპანიონ ცხოველებში იგულისხმება თუ არა ფრინველები (მაგალითად: თუთიყუში, მტრედი, ჩხიკვი, ფარშევანგი, კაკაბი და ა.შ);
  3. აბსოლიტურად მიუღებელია მე- 13 მუხლი.კომპანიონ ხოველთა ევთანაზია(ჰუმანური მოკვდინება), ფერმერული ცხოველის ჰუმანური მოკვდინება. მუხლი ითხოვს კორექტირებას, დამატებებს, რედაქციას.
  4. ცხოველთა კეთილდღეობის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები ცხოველთა კეთილდღეობის სახლემწიფო პოლიტიკა უნდა გამომდინარეობდეს მსოფლიოში აღიარებული ცხოველთა კეთილდღეობის ძირითადი პრინციპებიდან, როგორც ფერმის ასევე კომპანიონი ცოხველების მიმართ. ეს პრინციპები ყველგან უნდა ემყარებოდეს აღიარებულ ხუთ თავისუფლებას:
  • შიმშილისა და წყურვილისგან თავისუფლება – სუფთა წლის და ჯანმრთელი საკვების ხელმისაწვდომობა.
  • დისკომფორტისგან თავისუფლება – დამაკმაყოფილებელი გარემოს უზრუნველყოფა, თავშესაფრისა და კომფორტული დასვენების სივრცის ჩათვლით.
  • ტკივილის, ავადმყოფობისა და ჭრილებებისგან თავისუფლება – დროული დიაგნოზისა და მკურნალობის გზით თავიდან აცილება.
  • მისი სახეობისთვის დამახასიათებელი ჩვეული ქცევის განხორციელების თავისუფლება – საკმარისი სივრცის, სათანადო საშუალებების და მისივე სახეობის ცხოველების კომპანიით უზრუნველყოფა.
  • შიშისგან და მწუხარებისგან თავისუფლება – პირობების და მოვლის უზრუნველყოფა, რომელიც გამორიცხავს მენტალურ ტანჯვას.
  1. მუხლი – 17. ცხოველთა თავშესაფრები – მიუღებელია ეს მუხლი.
  • რატომ მარტო თავშესაფრები? კანონპროექტში არაფერი წერია კონოლოგიური  საშენების, საწვრთნელი ბაზების, სასტუმროების, ლეკვების ბაღების და სხვა დანიშნულების ობიექტების შესახებ, რაც აუცილებელია. ყველაზე მძიმე სიტუაციაა  არის საშენებში.
  • არ არის გაწერილი თავშესაფრის კლასიფიკაცია მათი ფორმისა და საკუთრების შესაბამისად (მუნიციპალური, კერძო/არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძო/ფიზიკური პირი).
  • არ სწერია თავშესაფრის სხვადასხვა ტიპები (შერეული, ტრავმირებული ცხოველების, ინფექციური დაავადების მატარებელი ცხოველების, ლეკვების და კნუტების, აგრესიული ცხოველების, დაკარგული და გამოგდებული ცხოველების, მოხუცი ცხოველების და ა.შ
  • არ სწერია თავშესაფრის სახეები მათი მასშტაბის, ცხოველთა ბრუნვისა და ადგილების რაოდენობის მიხედვით (მინი, საშუალო, დიდი)
  1. აბსოლიტურად მიუღებელია მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი. „გ“, სადაც კანონპროექტის ავტორები აკეთებენ ჩანაწერს ვიოლიერების ზომებთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა ვოლიერების ზომა უნდა იყოს ჩაწერილის მისი მინიმალური სიგრძის და სიგანის მიზედვით და არა ფართით, ვინაიდან მაგალითისათვის 6.00 კვ.მ. შეიძლება იყოს 2 მ X 3 მ, ან 1მ X 6 მ.  ნებისმიერი სტანდარები ვოლიერებისათვის დგინდება მისი სიგრძე და სიგანის მაჩვენებლებით. ამავე დროს თუ ვოლიერიდან არ ხდება მინიმუმ დღეში 2-ჯერ ძაღლის გამოშვება მისი გასეირნების მიზნით მინიმუმ 40 წუთიანი პერიოდით, მაშინ ვიოლიერს უნდა ჰქონდეს დამატებითი სივრცე ცხოველისათვის.  შეიძლება იყოს თავშესაფარი ვოლიერების გარეშეც, ამ შემთხვევაში არის ცხოველთა საერთო ფართები და საკარანტინე სივრცეები. ვოლიერებისა და საერთოდ თავშესაფრის სტანდარტები მისი ზომების მაჩვენებლების მიხედვით არ შეიძლება იყოს კანონში ჩაწერილი. ცხოველთა თავშესაფრის სტანდარტებს არეგულირებენ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები. ვოლიერების ზომები (ფართები) ამოსაღებია კანონპროექტიდან.

 

მთავრი და მნიშვნელოვანი შენიშვნა ცხოველთა თავშესაფრების მუხლის შესახებ:

აუცილებელია შემდეგი მუხლი:

მუხლი  N …..

  • ცხოველთა თავშესაფარი უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ ცხოველთა დაცვის არაკომერციულ რეგისტრირებული კავშირის (ასოციაციის) დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურას.  მინი-საოჯახო  თავშესაფარი რეგისტრირებული უნდა იყოს ცხოველთა დაცვის რომელიმე ორგანიზაციის მიერ და კონტროლდებოდეს ამავე ორგანიზაციის მხრიდან. ცხოველთა თავშესაფარი არ შეიძლება იყოს კომერციული კერძო ორგანიზაციის, ფიზიკური პირის, მუნიციპალური, ან  საკუთრების სხვა ფორმის.
  • სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამაში მონაწილე ცხოველთა თავშესფრის სუფსიდირება წარმოადგენს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ვალდებულებას;
  • ცხოველთა თავშესაფრისათვის უძრავი ნივთის (მიწის ნაკეთის) გადაცემა ხდება სახელმწიფოს მიერ სიმბოლური ფასით;

(კანონი ძალაში შედის 2021 წლიდან. ამ თარიღამდე მუნიციპალური თავშესაფრები მოქმედებენ, ხოლო 2021 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალურ თავშესაფარი მართვა/განკარგვის უფლებით  გადაეცემა არაკომერციულ (არასამთავრობო) ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია თავსესაფრის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება შესაბამისი პროგრამის შესრულებისათვის)

 

განმარტება: ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ცხოველთა თავშესაფრები არის მხოლოდ ცხოველთა დაცვის კერძო არაკომერციული იურიდიული პირების. სახელმწიფო მათ ეხმარება და აფინანსებს.

მიუღებელია ამ მუხლის მე-7 პუნქტი: „ ნებისმიერი პირი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია დაათვალიეროს თავშესაფარი და თავისუფლად მოახდინოს ფოტო/ვიდეო გადაღება, მიიღოს ინფორმაცია   განთავსებულ ცხოველებთან დაკავშირებით – შეუზღუდავი ვადით და პერიოდით“ – ამ პუნქტის მიღების შემთხვევაში ყველა კერძო თავშესაფარი დაიხურება და არავის არ ექნება სურვილი, რომ გახსნას თავშესაფარი.

პუნქტში „ნებისმიერი პირი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია…….“, ე.ი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი – ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, არაფხიზელ და გაბრუებულ მდგომარეობაში,  ნებისმიერი მიზნით შემოდის თავშესაფარში „ნებისმიერ დროს“. ხოლო ნებისმიერი დრო ბუნებრივია ნიშნავს დღეღამის 24 საათიან პერიოდს. ასევე მას აქვს თურმე უფლება ფოტო/ვიდეო გადაღების და ინფორმაციის მიღების ცხოველებთან დაკავშირებით. პუნქტში ისიც კი არ წერია, თუ რამდენს აქვს ერთდროულად შემოსვლის შეუძღუდავი უფლება და რა ხნის მანძილზე, ე.ი. შეიძლება თავშესაფარში შემოვიდეს 100, 200, 8000 ადამიანი ღამის 15:00 საათზე, გააღვიძონ ცხოველები და დაიწყონ ფოტო/ვიდეოს გადაღება შესაბამისი ციმციმა განათებებით და ხმაურით. ამავე დროს უფლება აქვთ მოითხოვონ შეუზღუდავი ვადით (?) და პერიოდით (?) ნებისმიერი ინფორმაცია (ოღონდ ვისგან არ წერია და რა წესით) და იყვნენ თავშესაფარში 2, 3 ან 10 საათი და მერე ამ დროს მეორე ნაკადი შემოდის და ა.შ.

აღნიშნული პუნქტი, არა თუ კანონსაწინააღმდეგოა, არამედ პირდაპირ მიმართულია საქართველოში თავშესაფრების ლიკვიდაციისაკენ. მომავალში ასეთი, ან ამდაგვარი პუნქტის არსებობის შემთხვევაში თავშესაფარი არ იარსებებს.

კერძო სამართლის იურიდიული პირის (არაკომერციული ასოციაცია) შემოწმება, მის ტერიტორიაზე შესვლა და ფოტო/ვიდეო გადაღება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და ორგანიზაციის დებულებით.

რაც შეეხება მუნიციპალურ თავშესაფარში (ან მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სუფსიდირების სხვა ნებისმიერი იურიდიული პირის თავშესაფარში) შესვლა, გამოსვლის და სხვა კანონით გათვალისწინებული ქმედებების უფლება უნდა მიეცეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის აკრედიტირებულ წარმომადგენელს შესაბამისი ოფიციალური წარდგინების შემთხვევაში.

  1. კანონპროექტში არ არის შემდეგი სიტყვების განმარტებები:
  1. ცხოველი (განმარტებაში უნდა იყოს, თუ რა იგულისხმევა სიტყვაში ამ კანონის ზოგად დებულებაში)
  2. მიკედლებული ცხოველის მეთვალყურეობა
  3. პირისათვის ცხოველის ყოლის დროებითი ან უვადო ან და სამუდამო აკრძალვა
  4. ცხოველის ჩამორთმევა
  5. ცხოველის მეურვე
  6. ცხოველის მომვლელი
  7. ცხოველთა საშენი
  8. ცხოველების სასტუმრო
  9. ცხოველების ბაზარი
  10. კომპანიონი ცხოველების სპორტულ-სამოსამსახურეო შეჯიბრი და შოუ გამოფენები
  11. ფერმა
  12. ფერმერული ცხოველი
  13. ცხოველისადმი სისასტიკე
  14. კონტეინერი
  15. ცხოველის მომეტებული აგრესია
  16. თავშესაფრის დახურვა (ლიკვიდაცია)

 

  1. სიტყვა „მეპატრონე“ უნდა შეიცვალოს სიტყვა „პატრონი“-თ. მეპატრონე უძრავი ქონების მფლობელს ნიშნავს,ხოლო პატრონი – სულიერისა.როგორც ვხედავთ,მათ შორის,დიდი სხვაობაა. მეპატრონე, ასევე, შეიძლება იყოს აბსტრაქტული სახელების მფლობელი,როგორიცაა – მაღალი სულიერების მეპატრონე,დიდი ადამიანობის,ღირსების და ა.შ.