ჰოლანდიელთა ორგანიზაციამ -“Dog Organization Georgia”–მ ცხოველთა თავშესაფრის აშენებასთან დაკავშირებით მერიასთან მოლაპარაკება შეწყვიტა

2009 წლის მაისში არაკომერციულმა ორგანიზაციამ -“Dog Organization Georgia” – მ , რომელსაც ხელმძღვანელობს ჰოლანდიელი პიროვნება ივო ბაქჰაუზენი, გადაწყვიტა თბილისში ქუჩის ცხოველთა თავშესაფრის აშენება. ტერიტორიის გამოყოფის მიზნით მან მიმართა ქალაქის მერიას. თბილისის მუნიციპალიტეტი დაჰპირდა პროექტის ავტორს 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფას შეღავათიანი პირობებით. ამ პროგრამის განსახორციელებლად ჰოლანდიელებმა საზღვარგარეთ მოიძიეს გარკვეული თანხები.

2009 წლის 17 ივლისს თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციებმა “Dog Organizatison Georgia”-მ და “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”-მ (GSPSA) გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ოფიციალურად მიწვეულნი იქნენ თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ ჰოლანდიურ კომპანიას თავშესაფრის მშენებლობისათვის გადასცა მიწის ნაკვეთი. ეს ინფორმაცია რამოდენიმე საინფორმაციო საშუალებითაც გავრცელდა. აგრეთვე ინფორმაციები ამის შესახებ გადაიცა სატელევიზიო კომპანიების მიერ.

მიუხედავად დაპირებისა, მუნიციპალიტეტის მიერ დოკუმენტაციის მომზადება გაჭიანურდა 2009 წლის ნოემბრის ბოლომდე. ხოლო ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ტერიტორიაზე მარტო ”თბილისის წყალი” წყლისა და კანალიზაციის შემოყვანისათვის და ოფიციალური ნებართვისათვის ითხოვდა 160 000 ლარს, რაც ახალი ამბავი იყო. ამავე დროს თბილისის მერიამ წარმოადგინა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც აბსოლიტურად მიუღებელია ჰოლანდიელებისათვის.

პრაქტიკულად ამ გარემოებების გამო დაიკარგა უზარმაზარი დრო, თითქმის ექვსი თვე. თავშესაფრისა და ვეტერინარულ-სადიაგნოსტიკო ცენტრის არ არსებობის გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვეღარ მიიღეს თბილისის მერიის მიერ 2009 წლის 03 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა. რამოდენიმე ასეული ცხოველი, რომელსაც გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება და ზედამხედველობა ესაჭიროებოდა, ისევ ქუჩაში დარჩა ბედის ანაბარა. ყოველივე ეს კი ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ უგულო დამოკიდებულების აშკარა მაგალითია. ყოველივე ამან კი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო უცხოელი პროექტის ავტორი, ვინაიდან მუნიციპალიტეტის დანაპირევის ნდობის გამო, გავრცელებული იქნა ინფორმაციები, რომელიც საბოლოოდ არ შესრულდა.

2009 წლის დეკემბერში ამ საკითხისადმი გაიმართა მოლაპარაკება DOG და GSPSA – ს ხელმძღვანელებს შორის და გადაწყდა ერობლივი ძალისხმევით და ინტერესების გათვალისწინებით უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის აშენება. პროექტი ითვალისწინებს კერძო ტერიტორიის შეძენას, პროექტირებას, მშენებლობას და შემდგომ ფუნქციონირებას. ამის შესახებ DOG – ის ხელმძღვანელმა ივო ბაქჰაუზენმა გააკეთა ოფიციალური განცხადება 2009 წლის 25 დეკემბერს კონფერენციაზე.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ კერძო ტერიტორიის ყიდვასთან დაკავშირებით უკვე ერთ-ერთმა უცხოელმა მოქალაქემ თანხის გამოყოფაზე გარანტია მისცა ჰოლანდიელებს. უკვე შესაძენად შეირჩა რამოდენიმე კერძო ტერიტორია. ამ დღეებში მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება და ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე თავშესაფრის ასაშენებლად ტერიტორია იქნება შესყიდული. თავშესაფრის პროექტირება და მშენებლობის მენეჯმენტი GSPSA – ს მიერ მოხდება. თავშესაფრის ფუნქციონირება ალბათ რამოდენიმე თვეში არის შესაძლებელი. განსაზღვრულია თავშესაფარი 100 ძაღლზე და 30 კატაზე. DOG და GSPSA ერთობლივად გადაწყვეტენ ბევრ მნიშვნელოვან პრობლემასა და საკითხს.

აღნიშნულ პროექტზე გავრცელებული იქნა ინფორმაციები. მიწის ნაკვეთისა და საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისათვის რეალურად თანხების გარანტია უკვე არსებობს. სასიხარულო იქნება თუ ამ პროგრამების დაფინანსებაში ქართველი ინვესტორებიც მიიღებენ მონაწილეობას.

GSPSA მოხარულია უცხოელი პარტნიორის მიერ მისადმი ნდობის გამოცხადების გამო და მაქსიმალურად შეეცდება, რომ მასზედ დაკისრებული ამოცანა შეასრულოს დროის მოკლე ვადებში. შედეგად კი თბილისში მივიღებთ საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორნმების გათვალისწინებით ქუჩის ცხოველთა ახალ თავშესაფარს, რაც წინაპირობა იქნება ცხოველთა პოპულაციის მართვის კონტროლისა და ჰუმანური დამოკიდებულების დამკვიდრების კეთილშობილურ საქმეში.