”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავმჯდომარემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ”ცხოველთა უფლებების კომიტეტთან” ცალმხრივად გააუქმა.

2010 წლის თებერვლის დასაწყისში GSPSA-სთვის ცნობილი გახდა ცხოველთა დაცვის ინგლისური ორგანიზაციის Mayhew International -ის საითში ახალი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ცხოველთა დაცვის კუთხით. მისასალმებელია ის ფაქტი, როდესაც უცხოელები ყურადღებას აქცევენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ინფორმაციას გადასცემენ ამის შესახებ სხვადასხვა საშუალებებით. მაგრამ ამ შემთხვევაში GSPSA-ს გაკვირვებას და უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოება, რომ Mayhew International-ს საითის ერთ გვერდზე –http://www.mayhewinternational.org/places/georgia/index.html, არის ინფორმაცია საქართველოში არსებულ პრობლემებზე და ამავე დროს გარკვევით სწერია, რომ თურმე საქართველოში მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია “ცხოველთა უფლებების კომიტეტი” არის და მხოლოდ ის იბრძვის ცხოველთა კეთილდღეობისათვის.

აშკარაა, რომ”ცხოველთა უფლებების კომიტეტმა” (ხელმძღვანელი თ. ჭავჭანიძე) მიაწოდა უცხოელ ორგანიზაციას არასწორი ინფორმაცია. ფაქტია, რომ მათ გადაუგზავნეს და გამოაქვეყნეს GSPSA-ს საითში განთავსებული და თანაც თვით პირადად თეიმურაზ წიქორიძის მიერ გადაღებული ფოტოები და ამის შესახებ არ აღნიშნეს (ვინაიდან ჩვენს საითში მითითებულია, რომ “მასალების გამოყენების შემთხვევაში GSPSA და ავტორის მითითება სავალდებულოა”), ინფორმაციის მიმწოდებელმა ასევე მოახდინა საერთაშორისო ორგანიზაციის დეზინფორმირება, რომ თურმე საქართველოში მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია – “ცხოველთა უფლებების კომიტეტი” არსებობს და მხოლოდ ის იბრძვის ცხოველთა კეთილდღეობისათვის, რაც წარმოადგენს ელემენტარულ სიცრუეს. აღნიშნულის შესახებ თეიმურაზ წიქორიძემ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა Mayhew International -ს.

GSPSA – ს თავმჯდომარის თ. წიქორიძის აზრით, ქ-ნი თინათინ ჭავჭანიძე ხშირად იყენებს ამდაგვარ ხერხებს საკუთარი პიროვნების განდიდების მიზნით, ხოლო ”ცხოველთა უფლებების კომიტეტი” რეალურად არ წარმოადგენს ცხოველთა უფლებების დამცავ ორგანიზაციას.

GSPSA – ს მიაჩნია, რომ “ცხოველთა უფლებების კომიტეტი”-ს თავმჯდომარის მხრიდან ხშირად ირღვევა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობის, პატივისცემისა და ეთიკის ნორმები.

2010 წლის 01 მარტს GSPSA – ს თავმჯდომარემ თ. წიქორიძემ ცალმხრივად გააუქმა 2009 წლის 17 ივლისს თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციებს “Dog Organizatison Georgia”-ს, “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება”-სა (GSPSA) და “ცხოველთა უფლებების კომიტეტს” შორის ხელმოწერილი დოკუმენტი – ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

GSPSA და “Dog Organizatison Georgia” უმოკლეს ვადებში ხელახლა გააფორმებენ დოკუმენტს ურთიერთთანამშრომლობასა და პარტნიორობაზე.