საქართველოში 2010 წელს GSPSA -ს მიერ პირველად აღინიშნა ”უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღე”

2010 წლის 21 აგვისტოს მსოფლიოში ცხოველთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღინიშნა ”უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღე”.

ეს დღე პირველად 1992 წელს დამკვიდრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ სავალალო ბედის გამო, რაც უპატრონო ცხოველებს ერგუნათ წილად ცხოველთა თავშესაფარებში (იმ დროისათვის უმრავლესობა ცხოველთა თავშესაფრებისა აღნიშნულ ქვეყანაში ითვალისწინებდა გარკვეული დროის შემდგომ ცხოველის ლიკვიდაციას მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა). ამ დღეს აქტივისტები გამოვიდნენ სანთლებით და სურათებით, ასევე სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას ცხოველთა უფლებების დამცველებმა და ვეტერინარებმა. ცხოველთადამცველებმა გააპროტესტეს ეს ვანდალური ქმედებები უპატრონო ცხოველების მიმართ. შემდგომ ეს დღე მსოფლიო მასშტაბით იქნა აღიარებული და მას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – ”ცხოველთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოებამ” (International Society for Animal Rights – ISAR) 1992 წელს პირველად აუწყა მსოფლიოს ამერიკაში ამ ტრაგედიის შესახებ და გააპროტესტა ეს ქმედება. ISAR-ის მიერ შემდგომში დაწესდა ”უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღე”, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღინიშნება ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათ დღეს. ამ დღეს აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატებიდან 35 შტატი და 14 სხვა ქვეყანა. მათ რიცხვს წელს დაემატა საქართველოც –http://www.isaronline.org/vigils_2010.html.

GSPSA-ს ეგიდით შაბათს 2010 წლის 21 აგვისტოს საქართველოში, თბილისში ძველი ჰიპოდრომის ტერიტორიაზე ცხოველთადამცველების მიერ პირველად აღინიშნა ”უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღე”. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციას დაესწრო ცხოველთადამცველების ძალიან მცირე რაოდენობა – სულ 7 ადამიანი, ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან საქართველოში ცხოველთა დაცვის კუთხით როგორც სახელისუფლებო, ასევე მოსახლეობის დიდ ნაწილში ცნობიერების დაბალი დონეა. ცხოველთადამცველებს მიესალმა ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავმჯდომარე თ. წიქორიძე. აღინიშნა, რომ GSPSA ითანამშრომლებს ISAR – თან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ საქართველოში და ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიდაც შეწყდეს ცხოველთა მიმართ სისასტიკე და განადგურება. აქციის მონაწილეები გაეცნენ და დაეთანხმნენ GSPSA-ს მიმართვას ქ. თბილისის მერიისადმი უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სადაც GSPSA-მ დაგმო თბილისის მუნიციპალიტეტის არასწორი და ვანდალური პროგრამა უსახლკარო ცხოველების განადგურებასთან დაკავშირებით. ცხოველთადამცველებმა სოლიდარობა გამოუცხადეს სხვა ქვეყნების აქციის მონაწილეებს, მათ უსახლკარო ცხოველებს მიაწოდეს საკვები და აგრძნობინეს სითბო და მზრუნველობა. ეს დღე GSPSA-ს წევრების მიერ დასრულდა მათ ცხოველთა თავშესაფარში ტრადიციისამებრ სანთლების ანთებით.

23 აგვისტოს GSPSA – მ ოფიციალური წერილი მიიღო ISAR-ისაგან, რომელშიაც მადლობას უცხადებენ ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას” ამ დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით და სურვილს გამოთქვამენ ურთიერთთანამშრომლობაზე.

დავიცვათ, დავეხმაროთ და გადავარჩინოთ უსახლკარო ცხოველები!

 

GSPSA – ოფიციალური მიმართვა ქ. თბილისის მერიისადმი უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით