GSPSA გორში უზედამხედველო ცხოველების პოპულაციის მართვის კონტროლს იწყებს

2010 წლის 11 ივნისს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” (GSPSA) გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ზური შაქარიშვილი, გამგეობის წევრი – კავშირის პრესსამსახურის უფროსი ქ-ნი თამარ ბურდული და კავშირის წევრი ნიკოლას დე სილვა ეწვივნენ გორს უზედამხედველო ცხოველების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების გარკვევის მიზნით. კავშირმა წინა დღეებში მიიღო ინფორმაცია გორში აკრედიტირებული უცხოელი მოქალაქეებისაგან, რომ ადგილი ჰქონდა უზედამხედველო ცხოველების დაჭერის არაჰუმანურ ქმედებებს. ისინი შეშფოთებას გამოთქვამდნენ დაჭერილი ცხოველების შემდგომში გაურკვეველი ბედის გამო. GSPSA-ს თავმჯდომარემ თ. წიქორიძემ წერილობით მიმართა გორის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მიმართვის მთავარი მოთხოვნაა უზედამხედველო ცხოველების პოპულაციის მართვის განხორციელება საერთაშორისო ჰუმანური მეთოდების გამოყენებით და სტანდარტების დაცვით. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გორის გამგებელი ბატონი დავით ხმიადაშვილი შეხვდა GSPSA-ს წარმომადგენლებს, მოისმინა მათი აზრი და პრობლემის მოგვარების ხელშეწყობისათვის გამგეობის სახელით გამოთქვა სურვილი თანამშრომლობაზე. ცხოველთა დამცველები შეხვდნენ უზედამხედველო ცხოველთა საკითხებზე მომუშავე კონტრაქტორ ორგანიზაციის (შ.პ.ს. ”არქმშენსტუდია 2002”) ხელმძღვანელს ბ-ნ ალექსანდრე მაკრახიძეს და მის მენეჯმენტს. საუბარი გაიმართა გორში უზედამხედველო ცხოველების პრობლემასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ შიდა ქართლში რუსული საოკუპაციო ჯარების მიერ საომარი მოქმედების შედეგად 30 000-მა ოჯახმა იძულებით დატოვა სამოსახლო, ხოლო ამ ოჯახების ძაღლების უმრავლესი რაოდენობა პრაქტიკულად უპატრონოდ დარჩა. ეს ცხოველები საკვების საშოვნელად ძირითადად ქალაქისკენ – გორისკენ დაიძრნენ. ამიტომ დღესდრეობით ქალაქში უპატრონო ცხოველების რაოდენობა დასაშვებ ზღვარზე მეტია, აქედან წარმოშობილია ბევრი გადაუწყვეტელი პრობლემა. მხარეებმა ისაუბრეს პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მისასალმებელია, რომ კონტრაქტორი ფირმის დირექტორმა გამოთქვა ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”-სთან ურთიერთთანამშრომლობის სურვილი. GSPSA -ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს გორში კონტრაქტორი ფირმის ბაზა, რომელიც ნამდვილად მოითხოვს გაფართოებას და ტექნიკურ გადაიარაღებას. გადაწყდა, რომ გორის გამგეობა, კონტრაქტორი ფირმა და ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” ითანამშრომლებენ და საკითხს გადაწყვიტავენ საერთაშორისო ჰუმანური მეთოდების გათვალისწინებით. GSPSA უახლოეს დღეებში შეიმუშავებს პროგრამას ამ რეგიონთან დაკავშირებით. ძირითადი მიმართულება იქნება უზედამხედველო ცხოველების ვაქცინაცია და სტერილიზაცია. მოეწყობა თავშესაფარი და ცხოველთა ვეტერინარულ-სარეაბილიტაციო ბაზა. ამავე დროს არც ერთი ჯანმრთელი ცხოველი არ იქნება ლიკვიდირებული. აღნიშნული პროგრამის დაფინანსება მოხდება დონორი ორგანიზაციებისა და კერძო პირების მიერ. გორის რეგიონში GSPSA-ს სრულუფლებიან წარმომადგენლად ინიშნება GSPSA -ს წევრი, გერმანიის მოქალაქე ნიკოლას დე სილვა, გორში უახლოეს ხანში დაარსდება GSPSA-ს ფილიალი.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ რეგიონში ცხოველთა პოპულაციის მართვა მოხდეს საერთაშორისო მეთოდების გამოყენებით და მაქსიმალურად შემცირდეს უზედამხედველო ცხოველების რაოდენობა ჰუმანური წესით, აიკრძალოს და შეწყდეს ცხოველისადმი სასტიკი დამოკიდებულება.

 

GSPSA – ს  წერილობითი მიმართვა გორის გამგეობას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს