GSPSA მონაწილეობს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების პროექტის შემუშავებაში ”ქ. თბილისში ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ”

ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დამუშავების სტადიაშია გადაწყვეტილების პროექტი ”ქ. თბილისში ძაღლებისა და კატების პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ”.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით 2009 წლის 06 ნოემბერს საკრებულოში მიწვეული იქნა ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე. კონსულტაციები გაიმართა საკრებულოს “იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის” თაოსნობით. კონსულტაციაში და პროექტის განხილვაში ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” ერთად მონაწილეობა მიიღო ”სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ მამალაძემ. შეკრებას ასევე ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრაზე საკრებულოს წარმომადგენლებმა დამსწრეებს გადასცეს გადაწყვეტილების პროექტი. გაიმართა კონსულტაციები საკითხთა ძირითად ნაწილში. არასამთავრობო ორგანიზაციების და საკრებულოს კომისიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დამოუკიდებლად აღნიშნულ პროექტზე მუშაობას, ხოლო შეხედულებებს, წინადადებსა და შენიშვნებს მიაწვდიან ერთმანეთს შეჯერებისათვის. საკრებულოში ამ პროექტზე მომუშავე მხარეები კონსულტაციებისათვის შეიკრიბებიან უახლოეს ხანში.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” აუცილებლად დაიწყებს და გააგრძელებს მუშაობას აღნიშნულ პროექტზე, რომელიც ქ. თბილისის მასშტაბით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი იქნება ცხოველსა და ადამიანის უფლებების დასაცავად.