საერთაშორისო სიმპოზიუმი – ბიშკეკი, ყირგიზეთი

2007 წლის 28 ივნისიდან – 1 ივლისამდე ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში “მსოფლიოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების” (WSPA) ეგიდით ჩატარდა ყოფილი დსთ-ს ქვეყნების არასამთავრებო ორგანიზაციებისათვის საერთაშორისო სიმპოზიუმი. სიმპოზიუმზე WSPA-ს ცენტრალური ოფისიდან (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) ესწრებოდნენ ქ-ნები: რეიჩელ სმიტი და ტონია სტოკესი. საქართველოდან მიწვეული იყვნენ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” (GSPSA) გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბ-ნი თეიმურაზ წიქორიძე და „ცხოველთა უფლებების კომიტეტის” ხელმძღვანელი ბ-ნი ლექსო ხუბულავა. სიმპოზიუმზე მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. სემინარის მთავარი თემატიკა უზედამხედველო ცხოველების პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს შეეხებოდა. სემინარის ორგანიზატორებმა საზოგადოებების წარმომადგენლებს გააცნეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები. მოისმინეს ყოფილი დსთ-ს ქვეყნებში არსებული პრობლემების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები. GSPSA -ს სახელით ბ-ნმა თეიმურაზ წიქორიძემ სიმპოზიუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე პროცესები. ნაჩვენები იყო საქართველოში ცხოველების მიმართ სასტიკი დამოკიდებულებისა და უკანონო ქმედებების ფაქტების ამსახველი დოკუმენტური ვიდეომასალა. წარმოდგენილი იყო საქართველოს სინამდვილეში დასახელებული პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი ხედვა და კონცეფციები. სიმპოზიუმის მონაწილეები ერთსულოვანნი იყვნენ ასეთი ქმედებების შეფასებაში და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს საქართველოს საზოგადოებას.