ლაგოდეხის ნაკრძალში რეინჯერებზე საგანგაშო თავდასხმის ფაქტები

სოციალური ქსელით კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2016 წლის 18 აგვისტოს გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ლაგოდეხის ნაკრძალში რეინჯერებს თავს დაესხნენ”.

“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”-GSPSA საგანგაშოდ მიიჩნევს სტატიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას და მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოებს, საქართველოს პროკურატურას და იმ ოფიციალურ სტრუქტურებს, ვისაც ევალებათ ამ ფაქტებზე რეაგირება და დამნაშავეების დასჯა. ინფორმაციაზე დაყრდნობით GSPSA დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პრობლემატური საკითხები მოგვარებადია, მაგრამ სახელისუფლებო მაღალი თანამდებობის პირები მფარველობას უწევენ ბრაკონიერებს და პრაქტიკულად მათ ბრძოლა გამოუცხადეს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას და რეინჯერებს.

GSPSA  აღნიშნულთან დაკავშირებით სრულ მხარდაჭერას უცხადებს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციის დირექტორს ბატონ გიორგი სულამანიძეს და აღნიშნულ ინფორმაციაზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით იმოქმედებს ამ დანაშაულის წინააღმდეგ. ასევე ამ ინფორმაციას მიაწვდის გარემოს დაცვის სამინისტროს პარტნიორებს და უცხოეთის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს. პირველ რიგში კი საქართველოს ხელისუფლებისაგან მოითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ანადგურებს ეკო სისტემას, ბრაკონიერობს ან მათ მფარველობს.

GSPSA  დარწმუნებულია, რომ გიორგი სულამანიძე  მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან სახელმწიფო მოხელეთა რიცხვს, რომლებმაც დაუნდობელი და კანონიერი ბრძოლა გამოუცხადეს ბრაკონიერობას. მისი დაშინების მცდელობები გრძელდება და ახალ ფაზაში გადაის, ხოლო რეინჯერების მიმართ ბრაკონიერებმა და მათმა მფარველებმა უკვე ფიზიკური ბრძოლაც გამოაცხადეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის სტატია (უცვლელი რედაქციით):

ლაგოდეხის ნაკრძალში რეინჯერებს თავს დაესხნენ

reinjerebiკარაბინებით შეიარაღებული ნიღბიანი ბრაკონიერები ლაგოდეხის ნაკრძალში თავს დაესხნენ რეინჯერებს, რომლებიც მათ დაკავებას ცდილობდნენ. ერთ–ერთ რეინჯერს გიორგი გელაშვილს თავის არეში ჭრილობა მიაყენეს. დაზარალებულ რეინჯერს საავადმყოფოში თავზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. პოლიციას თავდამსხმელი ბრაკონიერები ამ დრომდე არ დაუკავებია. უფრო მეტიც, გამოძიებას დღემდე არ დაუკითხავს რეინჯერები, რომლებიც ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

ინციდენტი 8 აგვისტოს მოხდა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსის გიორგი სულამანიძის თქმით,  7-8 აგვისტოს რეინჯერები ანტიბრაკონიერულ ღონისძიებას ატარებდნენ. „4 რეინჯერი იყო თავიდან ჩართული. თავდაპირველი ინფორმაციით, ნაკრძალში სანადიროდ შესული იყო 2 ბრაკონიერი. როგორც ბოლოს გაირკვა, კონკრეტულ ხეობაში ორი სხვადასხვა ჯგუფი იყო შესული, პირველი ორკაციანი ჯგუფი 7 აგვისტოს დილით, მეორე ოთხკაციანი ჯგუფი, რომლებიც 8 აგვისტოს შევიდნენ და გამოსვლისას რეინჯერების „ჩასაფრებაში“ მოყვენ. ბრაკონიერები ზემოდან ქვემოთ ეშვებოდნენ ნიღბებით და კარაბინებით შეიარაღებულები. რეინჯერების დანახვისას იარაღები გადაუტენეს რეინჯერებს და ქვები დაუგორეს. ქვათა ცვენაში 1 რეინჯერი დაგვიზიანდა. ქვა თავში მოხვდა და ჭრილობა მიაყენა. რადგან ძალთა ბალანსი თანაბარი იყო და 1 რეინჯერი დაზიანებული, უსაფრთხოების პროტოკოლით, რეინჯერებმა დევნა არ განახორციელეს. დაზიანებული რეინჯერი საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც ჭრილობა დაუმუშავდა და ნაკერები დაედო“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი სულამანიძემ.

მომხდართან დაკავშირებით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ გარემოს დაცვის სამინისტროს აცნობა, სამინისტრომ – პოლიციას. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციამ რეინჯერების დახმარებით პირველი ორკაციანი ჯგუფის ორივე წევრი დააკავა. ისინი შეიარაღებულები იყვნენ. მათი საცხოვრებელი სახლიდან ჯიხვის ხორცი ამოიღეს. ამის მიუხედავად, პოლიციამ ისინი ხელწერილით გაათავისუფლა.

რაც შეეხება რეინჯერებზე თავდასხმის ფაქტს, პოლიციას ამ დრომდე არ დაუდგენია ბრაკონიერთა ოთხკაციანი ჯგუფის წევრების ვინაობა, რომლებმაც რეინჯერს სხეულის დაზიანება მიაყენეს. უფრო მეტიც, დაზუსტებული ინფორმაციით, გამოძიებას ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში მონაწილე რეინჯერები ამ დრომდე არ დაუკითხავს. შსს-ში აცხადებენ, რომ რეინჯერები დაკითხულები არიან.

გიორგი სულამანიძის თქმით, ბოლო წლების აქტიური მუშაობის შედეგად, დაცულ ტერიტორიაზე ნადირი საკმაოდ კარგად გამრავლდა და მათ სანახავად შორს წასვლაც აღარაა საჭირო. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი ვარაუდობს, რომ ეს არის ბოლო 2 თვეში ბრაკონიერების საგრძნობი გააქტიურების მიზეზი.

„მხოლოდ ბოლო 10 დღის განმავლობაში 6 ანტიბრაკონიერული ღონისძიება ჩავატარეთ. ჩვენ საქართველოს მომავალს, საგანძურს ვიცავთ, გვაქვს სახელმწიფოს და საზოგადოების მხარდაჭერა, გვყავს მაგარი გუნდი და გავაგრძელებთ მუშაობას კიდევ უფრო დიდი შემართებით და მონდომებით. არ მივცემთ ბრაკონიერებს 90-იანი წლების განმეორების შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ 90-იან წლებში ბრაკონიერობის შედეგად ლაგოდეხის ნაკრძალში მსხვილ ძუძუმწოვართა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა, მაგალითად, 1989 წლის აღრიცხვებით აქ 1400 ირემი და 2500 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ბინადრობდა. ხოლო 1999 წლის აღრიცხვებით 70 ირემი და 120 ჯიხვი იყო დარჩენილი“, – აღნიშნავს სულამანიძე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორების მზარდი რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელს ლაგოდეხის ნაკრძალს 45 000 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წელს კი უკვე 12%–იანი მატებაა.

„ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა მოსახლეობას ძალიან ეხმარება სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. წელს 8 ახალი საოჯახო ტიპის სასტუმრო გაიხსნა, დაახლოებით 30 ადამიანი აქირავებს ცხენებს, რომ არაფერი ვთქვათ კვების ობიექტბზე, ტრანსპორტირებაზე, გამყოლებზე და სხვაზე“, – ამბობს გიორგი სულამანიძე.

ლაგოდეხის ნაკრძალის რეინჯერებზე 8 აგვისტოს მომხდარ თავდასხმის ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია და არც სამინისტროს რომელიმე ხელმძღვანელს გამოუთქვამს რეინჯერების მიმართ საჯაროდ მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, 2015 წლის აპრილში, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი სულამანიძეს ავტომობილის საბარგულში ხელყუმბარა ჩაუდეს წარწერით – წადი! ხელყუმბარა ნახევრად საბრძოლო მდგომარეობაში იყო. სულამანიძე აფეთქებას გადაურჩა, რადგან ხელყუმბარა მისმა მოადგილემ შენიშნა.  პოლიციას აღნიშნული საქმე დღემდე არ აქვს გამოძიებული.

ეს ფაქტი გიორგი სულამანიძეზე განხორციელებული მუქარის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მანამდე მის სამსახურებრივ ავტომობილს დაუდგენელმა პირმა მუხრუჭის შლანგი გადაუჭრა. გამოძიება ამ ფაქტზეც დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით პოლიციამ ძიება იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ მიყენებული ზიანი 70 ლარს არ აღემატებოდა. ნაკრძალის დირექტორი მუქარას ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირებს.

ამ დრომდე ლაგოდეხის პოლიციაში მუშაობს გამომძიებლად 29 წლის ბაკურ ბაკაშვილი, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში შემჩნეულია ბრაკონიერობაში და რეინჯერების მიმართ მუქარებსაც არ იშურებს. „უახლოეს ხანში, ჩემი შვილი (7 წლის გოგონა) მიმყავს ღორზე სანადიროდ და საქართველოში ყველა სამსახურს ვურჩევ წინ არ გადამეღობონ, იქ ჩემი შვილი იქნება… ვაი რომ ცხელ ტყვიას გავუტარებ შუბლში და მერე იკითხონ, ვის რამხელა პატრონი ჰყავს. გამზრდელს ავუფეთქებ ყველას, მაგ დროს არ მომინდომონ სამსახურეობრივი ჩათვლები, პლიუსები და პრემიები, კუბოში ჩავაწვენ ყველას“. დეტექტივ გამომძიებელმა ბაკაშვილმა „ფეისბუქში“ ეს სტატუსი 8 იანვარს გამოაქვეყნა და მალევე, მას შემდეგ წაშალა, რაც მუქარის შემცველი განცხადებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბაკურ ბაკაშვილს მხოლოდ საყვედური გამოუცხადა. ის სამსახურიდანაც კი არ გაათავისუფლეს.

დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობაში მხოლოდ გამომძიებლები არ არიან შემჩნეული. 2015 წლის 30 ნოემბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის რაიონულმა პროკურორმა ლევან ღვედაშვილმა, პროკურატურის სხვა თანამშრომლებთან ერთად, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ დათვზე ინადირა. პირი, რომელმაც ფოტომასალა მოგვაწოდა, ირწმუნებოდა, რომ პროკურორებმა სხვადასხვა დროს, რამდენიმე დათვი, ახმეტის რაიონში, ბაწარა – ბაბანეურის ნაკრძალში მოკლეს. დათვზე ნადირობის ამსახველი ფოტოები იმ პერიოდშია გადაღებული, როცა ლევან ღვედაშვილი თელავის პროკურატურის პროკურორი იყო.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ საქმის შესწავლა დაიწყო, თუმცა ლევან ღვედაშვილი ორი თვის განმავლობაში თანამდებობაზე რჩებოდა. ის მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის ბაკურ აბულაძის მეგობარია.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის ბრაკონიერობის მამხილებელი ფოტოების ავთენტურობა ვერავინ უარყო, პროკურორი ღვედაშვილი აცხადებდა, რომ მას დათვზე უკანონო ნადირობაში არასდროს მიუღია მონაწილეობა და არც მედიით გავრცელებულ ფოტოსურათებზე ასახული ცხოველების მოკვლასთან კავშირს არ ადასტურებს, მაგრამ პროკურატურის იმიჯზე ზრუნავს და ამიტომაც მიმართა მთავარ პროკურორს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თანამდებობიდან ის პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. არაერთი მიმართვის მიუხედავად, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ვერ მიიღო პროკურატურიდან განმარტება, რა დასკვნა დადო გენერალურმა ინსპექციამ.

მურა დათვი საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. გარდა იმისა, რომ დათვის უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა 50 000 ლარს შეადგენს. გარემოს დაცვის სმაინისტროს ლევან ღვედაშვილისგან ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ დაცულ ტერიტორიებზე წითელ ნუსხაში შეტანილ ნადირზე საოლქო პროკურატურის სხვა მაღალჩინოსნებიც ნადირობენ.