GSPSA უარყოფითად აფასებს საქართველოს კანონპროექტს “შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ”

 

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ” საქართველოს კანონპროექტის (N07-3/337/9) თაობაზე:

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ გაეცნო საქართველოს კანონპროექტს „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“.
კანონპროექტი და თანდართული დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე:  https://info.parliament.ge/#law-drafting/18047

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“-ს აქვს მნიშვნელოვანი  შენიშვნები, რაზედაც GSPSA-ს თავმჯდომარემ 2020 წლის 04 თებერვალს წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს და გადაუგზავნა შენიშვნები კანონპროექტთან მიმართებაში.

საქართველოს პარლამენტში გადაგზავნილი დოკუმენტაცია:

   GSPSA-ს წერილი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს

  GSPSA-ს შენიშვნები – დანართი N1, „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტზე

  GSPSA-ს შენიშვნები – დანართი N2, „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტზე

GSPSA-ს შეფასებით კანონპროექტში არსებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას. შესაბამისად კანონპროექტი აუცილებლად საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს, ან შესამუშავებელია კანონმდებლობის სრულყოფილი ახალი ვერსია.

კანონპროექტში ძირითადი საკითხები აბსოლუტურად იგნორირებულია. ყურადღება არ არის გამახვილებული ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის მასშტაბით შინაურ ცხოველებთან მიმართებაში რომელიმე სახელმწიფო უწყების კომპეტენცია და ვალდებულება, ცხოველთა მოშენების და რეალიზაციის შესაბამისი რეგულაციები, მომავალი პატრონისთვის ცხოველის აყვანის ნებართვის გაცემა, ცხოველის ჩამორთმევა პირისთვის და შესაბამისი რეგულაციები, ცხოველის დაკარგვასა და პოვნასთან დაკავშირებული საკითხები, თავშესაფრების ლიკვიდაციის წესები და სხვა. კანონპროექტში არის მუხლები, რომლებიც მოითხოვს ძირეულ ცვლილებებს, ვხვდებით პროფესიონალურ გადაცდომებს, ალოგიკურობას და უსრულობას. კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე ძირითადი მიზანი გაუგებარია. რეგულაციები პრაქტიკულად ითვალისწინებს ისედაც არსებული მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებას, პოპულაციის უკონტროლობას, მიუსაფარი ცხოველების ხელოვნურ რაოდენობრივ ზრდას და მიგრაციას. შესაბამისად ამის ფონზე უამრავ მოუწესრიგებელ საკითხს. კანონპროექტში ქვეცნობიერად ჩადებულია ისეთი რეგულაციები, რომლის შედეგად ადვილად დასაშვებია ზოგიერთი პატრონის მხრიდან ცხოველთა მიტოვება, არასათანადო და სასტიკი მოპყრობა.

თუ კანონპროექტი არ შემუშავდა პროფესიონალების და სპეციალისტების ჩართულობით, მივიღებთ არასასურველ კანონს და შესაბამისად აბსოლუტურ უკონტროლო მდგომარეობას შინაურ ცხოველთა პოპულაციების მართვასთან დაკავშირებით, რაც დღევანდელი მდგომარეობითაც ისედაც საგრძნობია, უკუსვლას ცხოველთა დაცვასთან მიმართებაში, ცხოველებისადმი სისასტიკის და არასათანადო მოპყრობის არსებული მაჩვენებლის და დაავადებების არეალის ზრდას, მოსახლეობის იმ მცირე ნაწილის უნდობლობას სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომლებიც ცხოველების გადარჩენით, მათთვის უკეთესი პირობების შექმნით არიან დაინტერესებული და სხვა არასასურველ შედეგებს. ბუნებრივია, რომ ამ სახით კანონის ძალაში შესვლა გამოიწვევს ბიუჯეტიდან დიდი თანხების ხარჯვას არამიზნობრივად.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში საერთოდ არ არის ნახსენები სახელმწიფო ცენტრალიზებული რგოლი – სახელმწიფო უწყების (შესაბამისი სამსახურის,იურიდიული პირის) სახით, რომლის კომპეტენცია იქნება ქვეყნის მასშტაბით შინაურ ცხოველთა პოპულაციების მართვა და კონტროლი. ცენტრალიზებული რგოლის არ არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი საკითხები პრაქტიკულად მუნიციპალიტეტების პრობლემად რჩება, რომელსაც ისინი რა თქმა უნდა სათანადოდ ვერ დაარეგულირებენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე კანონპროექტი მოითხოვს საფუძვლიან გადახედვას და მუშაობას პროფესიონალების, სპეციალისტების, ექსპერტების, იურისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყების  (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს) წარმომადგენლების ჩართულობით და საჭიროებს სრულყოფილ რედაქციას და კონდეციამდე მიყვანას.

ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“- GSPSA-ს  გარკვეული ფაქტორებისა და ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით არ მიუღია მონაწილეობა არც საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებაში და არც კომიტეტის განხილვებში.  GSPSA ყურადღებით აკვირდებოდა და ყოველთვის დეტალურად ეცნობოდა პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს, ხოლო შენიშვნებს ოფიციალურად უგზავნიდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ 2018 წლის აგვისტოში „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“ წერილით (N13/18 23.08.2018) მიმართა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ამ კანონპროექტის წინამორბედ საკანონმდებლო წინადადებებზე შენიშვნებით. ჩვენი შენიშვნები პრაქტიკულად იგივე საკითხებს მოიცავდა.  კომიტეტის თავმჯდომარისგან მივიღეთ წერილობითი პასუხი (N 8931/4-5 11.09.2018), სადაც წერია, რომ ჩვენი შენიშვნები და წინადადებები დაეხმარებოდა კომიტეტს ცალკეული საკითხების უკეთ დამუშავებასა და საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებში, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილია წარდგენილი შენიშვნები არავის არ განუხილავს. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://gspsa.org.ge/draft-lawanimal-1/)

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ უარყოფითად აფასებს ამ ეტაპზე წარმოდგენილ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის არსებული რედაქციით დამტკიცების და ძალაში შესვლის შემთხვევაში, არა თუ გაუმჯობესდება ცხოველთა ყოფა და კეთილდღეობა საქართველოში, არამედ ისედაც რთული და მოუწესრიგებელი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და გამოიწვევს მეტი უმართავობის პროვოცირებას.

აღნიშნული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო კონვენციებთან და მისი ზოგიერთი მუხლი არაკონსტიტუციურია. კანონპროექტი არღვევს, როგორც ცხოველის საერთაშორისო წესებით დადგენილ უფლებებს, ასევე ადამიანების უფლებებს საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ არ არის დარწმუნებული, რომ ამ კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები რეალურად და ობიექტურად შეაფასებენ მდგომარეობას და GSPSA-სა და სხვა სპეციალისტების შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტში შეიტანენ ცვლილებებს.

GSPSA ყურადღებით დააკვირდება შემდგომ პროცესებს და მაქსიმალურად შეეცდება, რომ ცხოველთა დაცვისა და კეთილდღეობის კუთხით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად წარედგინოს  მაქსიმალურად სრულყოფილი კანონპროექტი, შესაბამისად კანონიერ ძალაში შევიდეს ისეთი კანონი, რომელიც თანაფარდობაში იქნება საერთაშორისო აქტებთან, კონვენციებთან, საქართველოს კონსტიტუციასთან და უზრუნველყოფს ცხოველთა პოპულაციის სწორ მართვას, კონტროლს და მათ კეთილდღეობას.

ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” – GSPSA
2020 წლის 5 თებერვალი

 

_________________________________________________________

  კანონპროექტი “შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ”

კანონპროექტი და თანდართული დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე:
https://info.parliament.ge/#law-drafting/18047

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები.