შ.პ.ს. ”დებიუტმა” 2009 წლის 25 დეკემბერს დაასრულა ძაღლების განადგურების პროგრამა

2007 წელს ქ. თბილისში ”უპატრონო ცხოველების ვეტერინარული მომსახურების” პროგრამით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შ.პ.ს. ”დებიუტი”, იგივე ე.წ. 1-ლი ვეტერინარული კლინიკა. პრაქტიკულად ამ ორგანიზაციას არც გაუწევია ცხოველებისათვის ვეტერინარული მომსახურება და მის ბიზნესს მხოლოდ ქუჩის ცხოველებისადმი სისასტიკე და განადგურება წარმოადგენდა. ამ ფირმის ძაღლდამჭერი ბრიგადები მოსახლეობის თავლწინ სასტიკი მეთოდებით იჭერდნენ ცხოველებს. მიუღებელი იყო აგრეთვე ცხოველების ტრანსპორტირება, რომლის შემდგომ უკლებლივ თითქმის ყველა ცხოველი ყოველგვარი ვეტერინარული გამოკვლევის გარეშე ნადგურდებოდა. დღესაც გასაიდუმლებულია სად ქრებოდა მოკლული ძაღლების ლეში. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს და ამ კითხვაზე მერიიდან ოფიციალური პასუხი ვერ მივიღეთ.

შ.პ.ს. ”დებიუტმა” 2009 წლის 25 დეკემბრამდე 2.5 წლის მანძილზე ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით ქ. თბილისში სასტიკი მეთოდებით დაიჭირა და მოკლა დაახლოებით 45 000 ძაღლი, და ამ მკვლელობებში მან სახელმწიფო ბიუჯეტიდან აიღო 1 600 000 (მილიონ ექვსასი ათასი) ლარი. რა თქმა უნდა ამ მიუღებელმა ქმედებამ გამოიწვია ქალაქში ქუჩის ცხოველების არასწორი მიგრაცია, აგრესიისა და დაავადებების მატება, უპატრონო ცხოველების რაოდენობის ზრდა.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ქმედებებმა ტრავმა მიაყენა ცხოველთა მოყვარულ საზოგადოების დიდ ნაწილს, ვინაიდან განადგურებული იქნა ძალიან ბევრი ადამიანის მფარველობის ქვეშ მყოფი ცხოველები.

GSPSA-ს მიერ შ.პ.ს. ”დებიუტი” აღიარებულია, როგორც ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის დაჯგუფება.

GSPSA მოკლე ხანში ოფიციალური საშუალებებით მოიპოვებს ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას, რის შემდგომაც მას გამოაქვეყნებს და მისცემს სათანადო შეფასებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ქ. თბილისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიონალებთან ერთად დაამუშავებს ახალ პროგრამას, რომელიც გამორიცხავს ცხოველისადმი სისასტიკეს და თანაფარდობაში იქნება საერთაშორისო პროგრამებთან.