არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა ცხოველთა მშენებარე მუნიციპალურ თავშესაფარში

2012 წლის 1 აპრილს ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“–ის და “უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება”–ის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ესტუმრენ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფარს, რომელიც მშენებლობის პროცესშია. ქ. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიწვეულ პირებს, ასევე ჟურნალისტებს დაათვალიერებინეს მშენებარე თავშესაფარი და გააცნეს ამ ობიექტის ტექნიკური მხარე. თავშესაფრის მშენებლობის დასრულება და ობიექტის ჩაბარება გრაფიკით განსაზღვრულია 2012 წლის მაისში. მუნიციპალურმა თავშესაფარმა ყოველთვიურად უნდა მიიღოს 400 – 450 უსახლკარო შინაური ცხოველი. პროგრამის თანახმად თავშესაფრის ძირითადი მისიაა უსახლკარო, მოხეტიალე და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) ვეტერინარული მომსახურება, ვაქცინაცია, სტერილიზაცია, კასტრაცია და მოკვდინება განსაკუთრებულ შემთხვევებში (განუკურნებელი დაავადებები, ჭარბი აგრესიულობა). ვეტერინარული მომსახურებისა და საკარანტინე პერიოდის გავლის შემდეგ პროგრამა ითვალისწინებს ჯანმრთელი ცხოველების გაჩუქებას, ხოლო იდენფიცირებული ცხოველები დაბრუნებულები იქნებიან მიკედლებულ ადგილებში. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა დაგეგმილია საქართველოსა და საერთაშორისო ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მუნიციპალური თავშესაფრის არსებობა და ფუნქციონირება, საერთაშორისო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისში უსახლკარო ცხოველთა პოპულაციის საკითხების დარეგულირებაში ცხოველთა უფლებების დაცვის გათვალისწინებით.

თბილისის მუნიციპალური მშენებარე თავშესაფრში ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი ქალბატონი ადელინა სანგ და “უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჩხიკვიშვილი.

მუნიციპალური სამსახურის და ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მომავალში გააგრძელებენ ურთიერთთანამშრომლობას თბილისში უსახლკარო ცხოველების პოპულაციის მართვის მიზნით. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ამ მნიშვნელოვანი ობიექტის არსებობა, ახლო მომავალში მისი ფუნქციონირების დაწყება და საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ცხოველთა უფლებების დაცვა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.