ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა თბილისის მერის მოადგილესთან

თბილისის მერის მოადგილე ნიკო ხაჩირაშვილი 2008 წლის 11 და 18 ივნისს შეხვდა ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს. ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” (სცდგს-GSPSA) მხრიდან შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარემ ბესიკ კოჭლამაზაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ წიქორიძემ. შეხვედრის მიზანი და თემა იყო თბილისში უზედამხედველო ცხოველებზე კონტროლის, პოპულაციის რეგულირების და სხვა პრობლემების მოგვარება. ქალაქის მერის მოადგილესთან კონსულტაციის შემდეგ გამოიკვეთა მუნიციპალური კანონების (დადგენილებების) შემუშავების და ცხოველთა თავშესაფრის მოწყობის აუცილებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ” მერიას შესთავაზა ერთობლივი მოქმედების გეგმა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებითა და პროფესიული მიდგომით უნდა გადაწყდეს.
“სცდგს ” იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მუნიციპალიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კვლავაც გაგრძელდება, საბოლოოდ შეწყდება ცხოველთა პერმანენტული განადგურება და დამკვიდრდება საქმისადმი ჰუმანური, მაღალპროფესიული მიდგომის პრინციპები.
“სცდგს” მოთმინებით ელის მუნიციპალური სამსახურების შემდგომ აქტივობას და იმედს გამოთქვამს, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან თანამშრომლობა გაგრძელდება და რეალურად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით.