ბრიჯიტ ბარდოს ღია წერილი ქ. თბილისის მერს გიგი უგულავას

fbb-logo

 

2011 წლის 7 ნოემბერს მსოფლიოში ცნობილმა ცხოველთადამცველმა ბრიჯიტ ბარდომ ღია წერილით მიმართა ქ. თბილისის მერს გიგი უგულავას. წერილი შეეხება თბილისში მოხეტიალე ცხოველთა სისასტიკის აღმოფხვრას და ჰუმანური პროგრამების დანერგვის საკითხებს. წერილის ასლი გადაეგზავნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილს.

მსოფლიოში ცნობილი კინოვარსკვლავის „ბრიჯიტ ბარდოს ფონდი“–ს  სახელთანაა დაკავშირებული ევროპასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ცხოველთა კეთილდღეობისათვის ბევრი ჰუმანური პროგრამის განხორციელება.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“–მ 2011 წელს წერილობითი მიმართვებით კავშირი დაამყარა „ბრიჯიტ ბარდოს ფონდთან“. ფონდს გადაეგზავნა უტყუარი დოკუმენტური მასალები საქართველოში და კერძოდ თბილისში მიუსაფარი ცხოველების მძიმე ყოფასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის ოქტომბერში GSPSA-ს საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი ქალბატონი ადელინა სანგ სპეციალური ვიზიტით გაემგზავრა პარიზში, სადაც იგი შეხვდა ფონდის ხელმძღვანელობას.

Fondation Brigitte Bardot–ს პრეზიდენტი ქალბატონი ბრიჯიტ ბარდო მიღებული ინფორმაციისა შედეგად შეშფოთებულია საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქ თბილისში, მოხეტიალე ცხოველებთან დაკავშირებული მძიმე მდგომარეობით. ფონდის პრეზიდენტმა ღია წერილით მოუწოდა ქ. თბილისის მერს გიგი უგულავას მოხეტიალე ცხოველების ხოცვის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე ცხოველების პოპულაციის ეთიკური მართვისაკენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მდგომარეობის გამოსწორება ცხოველთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

 


 

პარიზი, 2011 წლის 7 ნოემბერი

ღია წერილი თბილისის მერს
ბატონ გიგი უგულავას

ბატონო მერო!

მსურს გამოვხატო ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქ თბილისში, მოხეტიალე ცხოველებთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.

ყოველწლიურად ათასობით ცხოველი იხოცება თბილისში საშინელ პირობებში, ელემენტარული მინიმალური მგრძნობელობის გარეშე. მოხეტიალე ცხოველების ეს მასიური ხოცვა, რომელიც სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება, მხოლოდ ცხოველთა ზედმეტი პოპულაციის პრობლემის ეფექტს შეეხება ისე, რომ მის გამომწვევ მიზეზებს არ ებრძვის. ასე, რომ იგი უშედეგოა და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ცხოველთა პოპულაციის მართვის საშუალებას, როგორც ეს დადასტურდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ეს არაადამიანური მეთოდები პირიქით, იწვევს ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაციას, მოხეტიალე ცხოველების რიცხვის ხელოვნურ ზრდას და ამ ცხოველების ნებისმიერ სანიტარულ კონტროლს შეუძლებელს ხდის.

მტკიცედ ვგმობ ამ სასტიკ და ამავე დროს არაეფექტურ პრაქტიკას და მოგმართავთ თხოვნით, დაიწყოთ დიალოგი თქვენი ქვეყნის ასოციაციებთან და პროფესიონალებთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად განისაზღვროს თბილისში მოხეტიალე ცხოველების მართვის ცივილიზებული და მდგრადი პროგრამა, რომელიც შემდეგ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული:

– მოხეტიალე ცხოველების ხოცვის დაუყოვნებლივ შეწყვეტა

– ცხოველებთან მუშაობის პროფესიონალიზებული ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც პატივისცემით მოეპყრობა ცხოველთა ტანჯვას

– ცხოველთა თავშესაფრის გახსნა, რომლის მართვაც დაევალება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ცხოველების დაცვაზე მუშაობენ და რომელთა საქმიანობაც არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაკავშირებული კომერციულ კომპანიებთან

– ვაქცინაციის, სტერილიზაცია/კასტრაციისა და დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირების პროგრამის დანერგვა

– საზოგადოების მგრძნობელობის ასამაღლებლად პროგრამების შემუშავება, რათა გაადვილდეს იდენტიფიცირებული ცხოველების შვილება ან თავისუფლებაში გაშვება.

დიდი იმედი მაქვს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი შეძლებს განახორციელოს ქალაქში მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის ეთიკური მართვა ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან თანამშრომლობით და ცხოველთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.

ბრიჯიტ ბარდო

პრეზიდენტი

ასლი: ბატონ ზაალ სამადაშვილს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს

ბრიჯიტ ბარდოს ფონდი
საფრანგეთი, პარიზი