GSPSA-ს პეტიცია, ცხოველთა სასტიკ ქმედებაზე კანონის გამკაცრების მოთხოვნით

2017 წლის 4 ოქტომბერს “საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოებამ” პეტიციის სახით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის “ცხოველისადმი სასტიკი ქმედება” გამკაცრების მოთხოვნით.

2017 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, GSPSA-ს ინიციატივით  ჩატარდა აქცია, „მსოფლიოს ცხოველთა დღის“ (Worls Animal Day) აღსანიშნად, სადაც  GSPSA-მ წარადგინა პეტიცია და აქციის მსვლელობისას შეგროვებული ხელმოწერები გაგზავნილ იქნა  საქართველოს პარლამენტში.

სოციალური ქსელით ასევე მოქმედებს ონლაინ პეტიცია  change.org-ზე

პეტიციაში ნათქვამია:

“ჩვენ, „საქართველოს  ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება“- GSPSA, ვისთვისაც ღირებული და მნიშვნელოვანია მსოფლიოს ცივილიზირებული ქვეყნების ხალხთა საერთო ინტერესები, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენს ქვეყანაში ცხოველთა ყოფისა და დაცვის მექანიზმების ამოქმედებისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, რასაც უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოსისტემის ჰუმანური წესებით მართვის დამკვიდრებაში.

საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და სხვა აქტებს. ქვეყნის შიგნით არ არის დარეგულირებული ცხოველთა დაცვისა და სასტიკი მოპყრობის აღმოფხვრის საკითხები, არ არსებობს სახელმწიფო კანონები ცხოველთა დაცვის სფეროში, თუ არ ჩავთვლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე „მკვდარი“ მუხლია და მისი გამოყენება არ დაფიქსირებულა ერთეული შემთხვევების გარდა, მიუხედავად ცხოველთა მიმართ სისასტიკის მასობრივი ხასიათისა. არ ხდება ცხოველების მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ  რაიმე გონივრული და მკაცრი ზომების მიღება, რაც არა მარტო შესაბამისი კანონის „ლმობიერების“ გამოა, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა ცხოველებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების შედეგიცაა.

საქართველოში შესაბამისი კანონების არარსებობის და არასრულყოფილების გამო, ხშირია ცხოველისადმი სისასტიკე   და არსებული კანონები არ იძლევა უკიდურესი სისასტიკის ჩამდენი პირების შესაბამისად დასჯის საშუალებას…

ამ პეტიციით ჩვენ საქართველოს  პარლამენტისგან  მოვითხოვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის „ცხოველისადმი სასტიკი ქმედება“ გამკაცრებას.”

პეტიციის სრული ტექსტი იხილეთ:

change.org-ზე

ქართულ ენაზე:  პეტიცია სისხლის სამარლის კოდექსის 259-ე მუხლის გამკაცრების მოთხოვნით – 2017

ინგლისურ ენაზე: Petition to Tighten Article 259 of the Criminal Code of Georgia – 2017