ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქ. თბილისის მერიასთან მოლაპარაკებები დაიწყეს.

2011 წლის 29 ნოემბერს ქ. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ოფიციალური მიწვევით შეხვდნენ სააგენტოს ხელმძღვანელობას. შეხვედრის მიზანი იყო 2012 წლიდან ქ. თბილისში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ – ქ. თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მხრიდან – სააგენტოს უფროსი ბატონი თეიმურაზ გიორგაძე, უფროსის მოადგილე ბატონი ნოდარ ჭუმბაძე და სპეციალისტი დავით სადათერაშვილი. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან: „საქართველოს ცხოველთა დაცვისა გადარჩენის საზოგადოება“ – (GSPSA) გამგეობის თავმჯდომარე ბატონითეიმურაზ წიქორიძე, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ქალბატონი ადელინა სანგ, „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ – გამგეობის თავმჯდომარე ბატონი ვახტანგ მამალაძე, „უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ – გამგეობის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ ჩხიკვიშვილი. ასევე შეხვედრას ესწრებოდა კინოლოგიური კლუბი „ლორდ ლამარის“ პრეზიდენტი ბატონი დავით ჩიხლაძე.

ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგინეს ქ. თბილისში მოხეტიალე ცხოველების პრობლემატური საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებული პროგრამები (პროექტების სახით) და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციების მართვას ცივილიზირებული და ჰუმანური მეთოდებით.

შეხვედრაზე მხარეებს შორის გაიმართა კონსულტაციები და დაისახა ახლო მომავალში მუნიციპალურ სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მუშაობის გაგრძელების გეგმა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ყურადღება გაამახვილეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემების მიმართ მერიის მხრიდან არასწორი პროგრამების არსებობას, რამაც გამოიწვია ქუჩის ცხოველთა მასიური განადგურება, სახელმწიფო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ცხოველთა ქაოტური და არაბუნებრივი მიგრაცია, დაავადებათა უკონტროლობა და ბევრი სხვა უარყოფითი შედეგი. აღინიშნა, რომ მოხეტიალე ცხოველთა პოპულაციის მართვა და რაოდენობრივი შემცირება უნდა მოხდეს მხოლოდ ცივილიზირებული და ჰუმანური მეთოდებით, რაშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ მუნიციპალურმა და არაკომერციულმა სტრუქტურებმა და ორგანიზაციებმა, რაც არაერთხელ დაადასტურა მსოფლიოში ცნობილმა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმაც.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ბატონმა თეიმურაზ გიორგაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გააცნო 2012 წლიდან მუნიციპალური პროგრამის ძირითადი არსი და აღნიშნა, რომ ქ. თბილისში სულ რამოდენიმე თვეში დაიწყება ქუჩის ცხოველთა პრობლემატური საკითხების მოგვარება მსოფლიოში აპრობირებული ცივილიზირებული მეთოდებით, რაშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ მუნიციპალური და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეხვედრა წარიმართა ურთიერთგაგების ფონზე და დასრულდა ურთიერთობების სამომავლო გაგრძელებისა სურვილებით.

ცხოველთა დაცვის საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები იმედს გამოთქვამენ, რომ ამჯერად მუნიციპალიტეტი დანაპირებს შეასრულებს და ქალაქში მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის ეთიკური მართვა მოხდება ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან თანამშრომლობით ცხოველთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.