საქართველოში ისევ გრძელდება ლეკვებისა და კნუტების გადაყრა ნაგვის ბუნკერებში

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ცალკეული ადამიანები თავის საკუთრებაში მყოფ ძაღლისა თუ კატის ახალდაბადებულ ნაყოფს ჰყრიან ნაგვის ბუნკერებში, მდინარეებში და მიტოვებულ ადგილებში. ამ შემთხვევებში ლეკვებსა და კნუტებს გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ. GSPSA-ს წევრების მიერ ეს ფაქტები საკმაოდ ხშირად ფიქსირდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისში რამოდენიმეჯერ იქნა აღმოჩენილი ნაგავში სასიკვდილოდ გადაყრილი ახლადგაჩენილი დაუცველი და უმწეო ცხოველები. 2009 წლის 9 მაისს GSPSA-ს წევრმა გერმანიის მოქალაქემ ნიკოლას დე სილვამ თბილისში ნაგვის კონტეინერში აღმოაჩინა ორი პატარა ლეკვი. საბედნიეროდ ლეკვები გადარჩენილი იქნენ. 2010 წლის 14 ივლისს ერთმა ქართველმა პიროვნებამ მოიყვანა ოთხი თვალებაუხელელი გადაყრილი ლეკვი  ყველა ლეკვი რამოდენიმე დღეში დაიღუპა. 2010 წლის 3 ივნისს ამერიკელი მოქალაქის რონ მარტინის თხოვნით GSPSA-ს თავშესაფარში პირველად მიღებული იქნენ კატის ორი კნუტი. რონ მარტინს ისინი უნახავს გადაყრილები ქუჩაში და სამი დღის მანძილზე მზრუნველობდა მათზე. კნუტები ძალიან პატარები იყვნენ და ისინიც დაიღუპნენ.. ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. GSPSA-ს ძაღლების თავშესაფარში რამოდენიმე ასეული გადაყრილი ახლადდაბადებულ უმწეო ცხოველს მიეცათ ბინა და განხორციელდა მზრუნველობა. ცხოველთადამცველები ყველანაირად ცდილობენ მათ გადარჩენას, მაგრამ სამწუხაროდ მათი დიდი უმეტესობა დაღუპულია.

2010 წლის 09 სექტემბერს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მე-2 მ/რ-ში ქუჩაში მდგარი ნაგვის ბუნკერში თავწაკრულ ცელოფანის პარკში ბავშვების მიერ აღმოჩენილი იქნა ჯერ კიდევ ცოცხალი რვა ახალშობილი ლეკვი.  GSPSA-ს თავმჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის მიერ გამოძახებული იქნა პოლიცია. მაგრამ პოლიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას არ აპირებს.

შეიძლება გასაკვირიც არ იყოს ცალკეული მოქალაქეების ასეთი სასტიკი და სადისტური დამოკიდებულება ცხოველების მიმართ, ვინაიდან თვითონ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ღია ტენდერებს აცხადებს კომპანიონი ცხოველების დასახოცად. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, მისი კონტრაქტორი კომერციული ფირმის მეშვეობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით შეპყრობილი და მოკლული იქნა 50 000-ზე მეტი ძაღლი და ამ ბარბაროსულ ქმედებებში სახელმწიფო ხაზინიდან ცხოველთა მკვლელებზე გადახდილი იქნა მილიონობით ლარი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მერიის კონტრაქტორი ფირმების მიერ ძირითადად ლეკვებზე არის ნადირობა, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს მათ მიერ ძაღლის ხორცის უკანონო ბიზნესში.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ვალია დანერგოს ადამიანებში ჰუმანური დამოკიდებულება ყოველგვარი ცოცხალი არსების მიმართ. საგანმანათლებლო სახელმწიფო ორგანოები ადრეული ასაკიდან უნდა უზრუნველყოფდნენ მოქალაქეთა მიერ ცხოველებზე დაკვირვების, მათი გაგების და მათდამი ჰუმანურად მოპყრობის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია – მუხლი 10), ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ცხოველის გაუმრთლებელ სიკვდილს , წარმოადგენს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს (ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია – მუხლი 7);

GSPSA ხელმძღვანელობა ადამიანების მიერ ცხოველთა მიმართ სასატიკ ქმედებებში უპირველეს ყოვლისა ადანაშაულებს ხელისუფლებას, ვინაიდან სწორედ ხელისუფლების უპირველესი მისიაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მოსახლეობის შეგნებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება, სამართალდამცავი ორგანოების აქტიურობა ცხოველთა მიმართ სასტიკი ქმედებებზე სათანადო რეაგირების, აღკვეთის, გამოვლენისა და გამოიძიების კუთხით, საკანონმდებლო ბაზის შექმნა და სხვა, რაც არ კეთდება. ცხოველთა მიმართ ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ მიუსაფარი ცხოველების განადგურების და მოსახლეობაში მათდამი სიძულვილის  გაღვივების პროგრამების განხორციელებას აქვს პრიორიტეტი.

ნადგურდებიან უმწეო ცხოველები საშინელი, სადისტური და სასტიკი მეთოდებით!