GSPSA თბილისში ძაღლების გაუჩინარების შესახებ

verisparkisdzaglebi2016 წლის 04 ივნისს სოციალური ქსელით, ასევე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით და შეტყობინებებით ცნობილი გახდა, რომ თბილისში  ვერის ბაღისა და ვაკის პარკის ტერიტორიებიდან გაუჩინარდნენ იქ მაცხოვრებელი მიკედლებული ძაღლები.  ამ ცხოველების მიმკედლებლებმა, მეურვეებმა და ცხოველთამოყვარულებმა Facebook-ის საშუალებით გამოაქვეყნეს რამოდენიმე ძაღლის ფოტო, რომლებიც დაკარგულად არიან ჩათვლილები. ასევე გავრცელდა ინფორმაცია სხვა სკვერებიდანაც ცხოველების გაუჩინარების, თუმცა GSPSA-ს მიერ გადამოწმების შედეგად ინფორმაცია არ დადასტურდა. ერთერთი გაუჩინარებული ძაღლი ნაპოვი იქნა მცხეთაში და ის უკვე დაუბრუნდა ტერიტორიას.

GSPSA-მ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან” მიიღო ზეპირი ინფორმაცია, რომ ვერის ბაღში და ვაკის პარკში ბინადარი და მიკედლებული ცხოველები მუნიციპალურ სამსახურს არ აუყვანია, არ აქვთ მათზე შესაბამისი ინფორმაცია და  ისინი არ იმყოფებიან მუნიციპალურ თავშესაფარში.

GSPSA-ს მიაჩნია, რომ ცხოველების მასიური გაქრობა არ არის შემთხვევითობა, არამედ ეს არის მიზანმიმართული კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ან პროვოკაციული გადაწყვეტილება. ამავე დროს ირღვევა ცხოველთა უფლებები და მათ მიმართ ხდება არაჰუმანური დამოკიდებულება, ვინაიდან ეს ძაღლები წლობით მიკედლებულები იყვნენ ამ ტერიტორიებს, ჰყავდათ მეურვეები, იყვნენ სტერილიზირებულები და ვაქცინირებულები, ადამიანების მიმართ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ჰარმონიული ურთიერთობით.

2016 წლის 06 ივნისს “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” თავმჯდომარემ წერილობითი მიმართვა გაუგზაბნა ქ. თბილისის მერს და მოითხოვა მერიის მხრიდან ყურადღების გამახვილება და კონტროლის გამკაცრება აღნიშნულ ფაქტებზე.  წერილში აღნიშნულია, რომ ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია ამ ფაქტებთან დაკავშირებით იწყებს მოკვლევას. ამ ეტაპზე არსებობს ცხოველების გაუჩინარების რამოდენიმე ვერსია, რაზედაც იმუშავებს ორგანიზაცია.

GSPSA მიმართავს საზოგადოებას და თხოვს, რომ ყურადღება გაამახვილონ  აღნიშნული ფაქტების მიმართ, ხოლო მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ ორგანიზაციას, რომ ერთად შევძლოთ ამ ძაღლების გაუჩინარების ფაქტების გამოძიება, ასევე იმ პირების გამოვლინება და იდენფიცირება, ვინც ან ვისი დავალებითაც მოხდა ცხოველების გაუჩინარება.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ცხოველები არიან ცოცხლები და მოხდება მათი აღმოჩენა. ხოლო ის პირები, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ქმედებებში, გამოაშკარავდებიან და პასუხს აგებენ ამ ვანდალური ფაქტის გამო.

GSPSA ასევე პარალელს ავლებს ამავე დღეს მომხდარ კრიმინალურ ფაქტთან, რომელიც განხორციელდა ორგანიზაციის თავშესაფარზე ცხოველების დაზიანების მცდელობით.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ნებისმიერი საყურადღებო ინფორმაცია ორგანიზაციის მეილზე.
კონფედენციალობა იქნება დაცული.