დავეხმაროთ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ბინადრებს!

2010 წლის 06 ივლისს სამართალდამცველების მიერ დაკავებულია არაკომერციული რეგისტრირებული კავშირის ”თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე თამაზ ელიზბარაშვილი. თამაზ ელიზბარაშვილს, ასევე, ფირმა ”ელიზი” ეკუთვნის. ელიზბარაშვილი საქართველოში სიგარეტის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად თამაზ ელიზბარაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თამაზ ელიზბარაშვილი ასოციაციის დაარსებამდე აქტიურად იყო ჩართული უსახლკარო და მიტოვებული ძაღლების მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2006 წელს საკუთარი სახსრებით შექმნა ძაღლების კერძო თავშესაფარი და ამ ხნის განმავლობაში მის მიერ შეფარებული და გადარჩენილი იქნა 500-მდე მიტოვებული და უსახლკარო ძაღლი.

ელექტრონული პრესის netgazeti.ge 2010 -07-08 ინფორმაციაზე დაყრდნობით თამაზ ელიზბარაშვილის საკუთრებაში არსებული ძაღლების თავშესაფრის თანამშრომლები 130 ძაღლის სასამართლო შენობასთან მიყვანას და შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ვეტერინარის თქმით, ამ დღეებში აპირებენ, რომ ყველა ძაღლი, მათ შორის ავადმყოფი ძაღლებიც, სასამართლო შენობის წინ მიიყვანონ და თამაზ ელიზბარაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართონ. როგორც თავშესაფრის დირექტორი, თეიმურაზ მამოევი ამბობს, გაურკვეველია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება თავშესაფარი,-”ერთი ტომარა ძაღლის საკვები 40 ლარი ჯდება. ამ ძაღლებს დღეში რამდენიმე ტომარა ჭირდებათ. ამის გარდა, მედიკამენტებიც გვინდა. ამ ყველაფრის ფულს ბატონი თამაზი იხდიდა”.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” (GSPSA) მოუწოდებს ცხოველთამოყვარულ ადამიანებს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის დახმარებისათვის. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოხალისეთა აქტიურობა, ფინანსური დახმარება საკვების, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი საჭიროებისათვის. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავშესაფრიდან ძაღლების გაჩუქების საკითხი. GSPSA საპარტნიორო ურთიერთობას გააგრძელებს თამაზ ელიზბარაშვილის ასოციაციასთან და მაქსიმალურად შეეცდება მხარდაჭერას და დახმარებას.

დავეხმაროთ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ბინადრებს!