ქ. თბილისის მერიამ 2010 წლის 28 იანვარს 10 თვის მანძილზე 35 100 უზედამხედველო ცხოველის დაჭერა-იზოლაცაზე და 28 080 ცხოველის მოკვლაზე ახალი ტენდერი გამოაცხადა

2010 წლის 28 იანვარს ქ. თბილისის მერიამ უზედამხედველო ცხოველებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი სატენდერო წინადადება გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად განთავსდა მერიის საითში. შესყიდვის ობიექტია ქ. თბილისში 35100 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება. ტექნიკური დავალების თანახმად კი 80% ექვემდებარება განაგდურებას. ამ ტენდერში პრეტენდენტებისათვის წინადადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2010 წლის 17 თებერვალი. ხოლო მომსახურების გაწევის სავალდებულო ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2010 წ-მდე, რაც ნიშნავს პრაქტიკულად 10 თვეს.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” – GSPSA-ს წევრებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი 15.02.2010 წელს თბილისის მერიაში გაეცნო სატენდერო დოკუმენტაციას, რომლის შედეგად დადგინდა, რომ სატენდერო წინადადება ითვალისწინებს თბილისში 10 თვის განმავლობაში 35 100 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) დაჭერას, რომლებიც შემდეგ უნდა იყვნენ გადაყვანილნი ვეტერინარული კლინიკაში. ვეტერინარული კლინიკის მისამართი გაურკვეველია. ამ ცხოველებს თურმე უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა-დათვალიერება და წინასწარვე ადგენენ, რომ 80% ანუ 28 080 ცხოველი უნდა მოკლან. ხოლო დანარჩენები, ე.ი 20%, რაც ციფრობრივად 7020 ერთეულია, თურმე გამოუჩნდებათ პატრონი.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” შეშფოთებულია აღნიშნული სატენდერო წინადადებით მისი შინაარსიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქამდე მერია სულ ერთი თვის წინ აცხადებდა 20 000 ცხოველის დაჭერასა და ამ რაოდენობის 80%-ის განადგურებას, ხოლო ამჟამად რატომღაც გაზარდა 100%-ით დასაჭერი და გასაჟლეტი ცხოველთა რიცხვი. გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით აიღეს 35 100 ძაღლის დაჭერა წლის ბოლომდე. ეს ციფრი ვინ მიაწოდათ, ან რას ნიშნავს 35100. ადვილი მისახვედრია, რომ ეს ციფრი არავითარი მონიტორინგისა და დათვლის შედეგი არ არის. უბრალოდ აღებულია ბიუჯეტიდან ასათვისებელი და გასათეთრებელი თანხა და გაყოფილია 1 ცხოველის მომსახურების ღირებულებაზე. მერიას არ სურს სახელმწიფო თანხების მიზანობრივი მიმართვა საერთაშორისო ცივილიზირებულ პროგრამებში, რაც ითვალისწინებს უზედამხედველო ცხოველების პოპულაციის რეგულირებას ამჟამად მსოფლიოში აპრობირებული ცივილიზირებული წესებითა და მეთოდებით, როგორიცაა ჰორმონალური პრეპარატების გამოყენება, სტერილიზაციის (კასტრაციის) შესაძლებლობები და ა.შ. რაც ჰუმანურია, მიღებულია და იწვევს ცხოველთა რიცხოვნობის შემცირებას და პოპულაციის რისკების მართვას. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ თბილისის მერია მოქმედებს უფლებამოსილების გადამეტების ფარგლებში, ვინაიდან მისი სამსახურის დებულებიდან გამომდინარე მას აქვს მხოლოდ უზედამხედველო ცხოველების დაჭერისა და იზოლაციის უფლება, ხოლო ვეტერინარული მომსახურება, და მით უმეტეს ცხოველთა განადგურება, თანაც მასობრივი, მის კომპეტენციას სცილდება და ამავე დროს წარმოადგენს არაცივილიზირებულ ქმედებას. გაკვირვებას იწვევს ის ფაქტიც, თუ ”იზოლაციის” ქვეშ რა იგულისხმება. როგორც ცნობილია მუნიციპალური თავშესაფარი არ არსებობს, ხოლო კერძო თავშესაფრები მხოლოდ GSPSA-სა და თამაზ ელიზბარიშვილის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად ამ თავშესაფრებზე საუბარიც არ არის.

ციფრობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, 35 100 ცხოველის დაჭერა 10 თვის მანძილზე მათემატიკური ანგარიშით ნიშნავს ყოველდღიურად 117 ცხოველის დაჭერას, ე.ი. 24 საათიანი მუშაობის შემთხვევაში ყოველ 12 წუთში ერთი ცხოველის დაჭერას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია და არ შეესაბამება გონივრულ და რეალურ სიტუაციას. ხოლო 35 100 ცხოველის მიყვანა გაუგებარ ვეტერინარულ კლინიკაში დღე-ღამის მთლიან მონაკვეთში ყოველ 12 წუთში და მათი გამოკვლევა, ეს აბსოლიტური შეუსაბამობაა და ადვილად მისახვედრია, რომ აღნიშნული მხოლოდ ცხოველთა მასობრივ განადგურაბას ნიშნავს, თან არაცივილიზირებული და არაჰუმანური მეთოდებით.

რაც შეეხება 28 080 ცხოველის მოკვლას და განადგურებას, მერია არ მალავს აღნიშნულს და პირიქით ტენდერებს აცხადებს მკვლელთა მობილიზაციისათვის და ბიუჯეტიდან მათ დასაფინანსებლად. მარტო ის ფაქტი, რომ აღნიშნულზე ტენდერია გამოცხადებული იწვევს ცხოველთადამცველებისა და სხვა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანთა შეშფოთებას და უკიდურეს პროტესტს სახელისუფლებო ორგანოების მიმართ. 28 080 ცხოველის მოკვლა 10 თვის მანძილზე, მათემატიკური ანგარიშიდან გამომდინარე შეადგენს დღე-ღამის მთელ მონაკვეთზე ყოველ 15 წუთში ერთი ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტას, რაც აბსოლიტურად მიუღებელია.

სამწუხაროდ, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების საერთაშორისო კონვენციებსა და აქტებს. ცხოველთა დაცვის სფეროში არ არსებობს კანონები, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლისა, რომელიც არ მუშაობს და საქართველოს ისტორიაში ამ მუხლით ჯერ არავინ დასჯილა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ცხოველთა მიმართ სისასტიკე ჩვეულებრივ მოვლენად აისახება. ასევე სამწუხაროა, რომ ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოები, მერია, გამგეობები და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები უპატრონო ცხოველების პოპულაციის შემცირებისათვის დღემდე მხოლოდ ცხოველთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ახდენენ, და მასაც სასტიკი და მიუღებელი მეთოდებით. ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყნის ბიუჯეტიდან ფინანსდება კომერციული ძაღლმკვლელი კერძო ფირმები, რომლის ძირითად ბიზნესს უპატრონო ცხოველების დაჭერა-დახოცვა წარმოადგენს. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ სახელისუფლებო ორგანოები, ამ შემთხვევაში ქ. თბილისის საკრებულო და მერია, ყურად არ იღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიმართვებსა და კონსულტაციებს. მათი  დაინტერესება ამ საკითხის მიმართ შემოისაზღვრება მხოლოდ საზღვარგარეთ მათი წარმომადგენლების ვიზიტებითა და მივლინებებით, უცხოეთში ამ დარგში არსებული ორგანიზაციების დათვალიერებითა და დასვენებით. მათ საზღვარგარეთ მიმოსვლას პრაქტიკულად არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქ. თბილისის საკრებულოს ჯგუფი, უკვე თითქმის ათი თვეა მუშაობს საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტზე, მაგრამ პრაქტიკულად დღემდე რატომღაც ვეღარ მოხერხდა ამ გადაწყვეტილების განხილვის ბოლო სტადია პროფესიონალთა და ექსპერტთა მონაწილეობით. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქალაქის მერია მოქმედებს არაუფლებამოსილების ფარგლებში და თავის თავზე იღებს მისი დებულებით გაუთვალისწინებელ უფლებებს, როგორიცაა ცხოველთა ვეტერინარული მომსახურება, უფრო ზუსტად კი ცხოველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღემდე სახელისუფლებო ორგანოები ყურად არ იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს, რომ საქართველოში მაწანწალა ცხოველების პოპულაციის კონტროლის მეთოდები საჭიროებენ განახლებას და ცვლილებებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. და ყველაზე სამწუხარო კი არის ის, რომ საქართველოშო მოსახლეობის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულება ცხოველთა მიმართ არის ნიჰილისტური და სასტიკი. საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მენტალიტეტის დაბალი დონე ცხოველთა დაცვის კუთხით ცივილიზირებული საზოგადოებისათვის მიუღებელია. სამწუხაროა აგრეთვე ის ფაქტიც, რომ საქართველოში არსებობენ ცხოველთა უფლებების დამცავი თვითმარქვია არასამთავრობო ორგანიზაციები, უფრო ზუსტად ”ერთი პირის რეგისტრირებული კავშირები”, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ ამ სფეროში და მათ მიზანს მხოლოდ ფულის გაკეთება წარმოადგენს. სწორედ ასეთი ”ცხოველთა დამცველი” პირებისაგან ძალიან ბევრი პრობლემა უჩნდებათ ნამდვილ ცხოველთა უფლებების დამცველებს.

სამწუხაროდ თბილისისა და სხვა რეგიონების მუნიციპალური ორგანოების მხრიდან ცხოველების მასობრივი დახოცვამ გამოიწვია არა მხოლოდ ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურება, არამედ, აგრეთვე საქართველოს მოსახლეობის ცხოველთამოყვარულთა ნაწილის გაუცხოებაც და მისი გულაცრუება სახელისუფლებო სტრუქტურებთთან თანამშრომლობაზე მის მომავალ ღონისძიებებში. მიგვაჩნია, რომ ”ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოების” მიკედლებული ცხოველების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბატონი დრ. ელლი ჰიბის 2009 წლის 28 იანვრის წერილი ქ. თბილისის მერის სახელზე უყურადღებოდ დარჩა და ქალაქის მერიამ და საკრებულომ ვერ გაანალიზა და ვერ გამოიტანა შესაბამისი დასკვნა ამ წერილის შინაარსიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ ”ცხოველთა დაცვის მსოფლიო საზოგადოებამ” სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთად უნდა მიიღოს უფრო ქმედითი და რადიკალური ზომები საქართველოში უპატრონო ცხოველების პოპულაციის კონტროლის მექანიზმებისა და ცხოველთა მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ მიმართულ საკითხების მოსაგვარებლად. აუცილებელია, რომ ზეწოლა მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ცივილიზირებული მეთოდებით მოხდეს საქართველოში ქუჩის ცხოველთა პოპულაციის რისკების მართვა.

2009 წლის 31 დეკემბერს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა მერიის კონტრაქტორ ძაღლმკვლელ კომერციულ ფირმა ”დენიუტს” (იგივე 1-ლ ვეტერინარულ კლინიკას), რომლის მთავარ ბიზნესს ქუჩის ცხოველთა მასობრივი დაჭერა-დახოცვა წარმოადგენს. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ 2,5 წლის მანძილზე ამ ძაღლმკვლელმა ორგანიზაციამ მარტო თბილისში მოკლა დაახლოებით 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ცხოველი, და ისიც სასტიკი მეთოდებით, რაც არაერთხელ გაშუქებული იქნა საქართველოში კერძო ტელეკომპანიებისა და მასმედიის სხვა საშუალებებით. ცხოველთა მოკვლის საშუალო მაჩვენებელი დაჭერილ ცხოველთან შეფარდებაში შეადგენს 99%-ს. ამ მიუღებელ ქმედებებში კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ორგანიზაციაზე გადახდილი იქნა 1 600 000 ლარი, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 1 000 000 ა.შ.შ. დოლარის შესაბამისი თანხაა. ეს შემაშფოთებელია, ვინაიდან ამ თანხით ცივილიზირებული მეთოდებისა და პროგრამების შემთხვევაში ამ ხნის მანძილზე შესაძლებელი იყო პრობლემის მოგვარებისათვის რეალური ნაბიჯის გადადგმა. ქუჩის უპატრონო ცხოველთა მასობრივმა და სასტიკმა განადგურებამ კი გამოიწვია ცხოველთა ქაოტური გადაადგილებები და პოპულაციური დესტაბილიზაცია. ფაქტიურად ქუჩის ცხოველთა რიცხვი არც შემცირებულა, თუ არ გაიზარდა.

”საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება” მიუხედავად აღნიშნულისა და გულაცრუებისა სახელმწიფო ორგანოების მიმართ, მაინც წავიდა ქ. თბილისის მერიასთან ურთიერთობების დარეგულირებაზე. 2009 წლის 25 დეკემბერს თბილისში ჩატარდა კონფერენცია შინაური ცხოველების პოპულაციების მართვასთან დაკავშირებით. კონფერენციას დაესწრო არასამთავრობო სექტორი, კინოლოგიური და ვეტერინარული გაერთიანებები, ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. გადაწყდა, რომ სახელისუფლებო ორგანოები და არასამთავრობო სტრუქტურები ითანამშრომლებენ ქუჩის ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებში, რაც ითვალისწინებს პრობლემების მოგვარებას ცივილიზირებული მეთოდებით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ცხოველთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებას და პოპულაციის მართვას სტერილიზაციისა და სხვა თანამედროვე ჰუმანური მეთოდების გამოყენებით. იმედი ჩაგვესახა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებმა გეზი აიღეს პრობლემის ცივილიზირებული მეთოდებით მოგვარებაში და სახელმწიფო თანხების სწორ განკარგვაში. მაგრამ სამწუხაროდ სულ რამოდენიმე დღეში, 2009 წლის 03 და 30 დეკემბერს მერიამ კვლავ გამოაცხადა ტენდერი, ქ. თბილისში 20 000 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციისა და ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების სახელმწიფო შესყიდვაზე. ხოლო ამჯერად კი 2010 წლის 28 იანვარს 10 თვის მანძილზე 35 100 ცხოველის დაჭერაზე და 80%-ის განადგურებაზე, რაც სცილდება ყველანაირ ნორმალური აზროვნების ზღვარს.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” შეშფოთებულია აღნიშნული სატენდერო წინადადებით და მოუწოდებს მუნიციპალიტეტს საკითხი გადაწყვიტოს ელემენტარული ცივილიზირებული და ჰუმანური ფორმით, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების უფლებები. ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წინადადებები და რეკომენდაციები. აღნიშნული სატენდერო წინადადება არის ცხოველების პერმანენტულ განადგურებაზე მიმართული აქცია და არა ვეტერინარული მომსახურებაზე სახელმწიფო შესყიდვა, რაც მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესსა და ნორმას. ცივილიზირებული წესით მოკვდინება უმტკივნეულო მეთოდით შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხოველების რომლებიც იტანჯებიან რაიმე დაავადებით, ან საფრთხეს უქმნიან ადამიანთა ჯანმრთელობას, რაც ფასდება მკაცრი კრიტერიუმებით და ამ შემთხვევაში გამოიყენება საერთაშორისო დონეზე მიღებული მოკვდინების ჰუმანური მეთოდი. ამავე დროს კიდევ ქ. თბილისის მერიას თავისი საქალაქო სამსახურების დებულების საფუძველზე არ აქვს არავითარი უფლება ცხოველთა ვეტერინარული მომსახურების სფეროში, მით უმეტეს მათი დახოცვის და ჟლეტის, და მისი უფლებამოსილება მხოლოდ ცხოველთა დაჭერა-იზოლაციით მთავრდება. ვეტერინარული მომსახურების უფლებამოსილი ორგანო არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურები.

ჩვენამდე უკვე მოაღწია ინფორმაციამ, რომ მერიის გამოცვხადებულ ამ ტენდერში კვლავ 1-ლი კლინიკის ძაღლმკვლელთა ბანდები მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლებელია სხვა სახელით და ახალი ფირმით, მაგრამ მას ისევ გააკონტროლებს ამ სფეროში მოღვაწე სახელმწიფო ჩინოვნიკთა მაფიოზ-ბიზნესმენები.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” ვერ დაუშვებს ცხოველთა პერმანენტულ განადგურებას, თან ცხოველებისადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფო მოხელეების პირადი გადაწყვეტილებით.

”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს, მსოფლიოში ცხოველთამოყვარულ საზოგადოებას და ყველას, ვისთვისაც ცხოველთა კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც ცხოველისადმი სისასტიკე მიუღებელია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ცივილიზირებული და ჰუმანური სამყარო, დახმარებისათვის და მხარდაჭერისათვის ცხოველთა სისასტიკისა და განადგურების წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე.

 

ყურადღება!   2010-04-10

აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მერიის საითში სასწრაფოდ შეცვალეს ინფორმაცია და მისი მე-2 პუნქტი ჩამოაყალიბეს შემდეგი რედაქციით:

”მომსახურების გაწევის სავალდებულო ვადაა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2011 წ-მდე.”

ავღნიშნავთ, რომ ამ პუნქტში მომსახურების სავალდებულო ვადა იყო გამოქვეყნებული თავდაპირველად ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2010 წ-მდე. ალბათ მერიის წარმომადგენელმა წაიკითხა ჩვენი სტატია და მიხვდა, რომ აღნიშნული აბსოლიტურად მიუღებელი და შინაარსობრივად გაუმართებელია. თუმცა ამ ახალ თარიღს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან თუნდაც ერთი ცხოველის გაუმართლებელი მოკვლა არის დანაშაული.

 

ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია

მუხლი 7. ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც იწვევს ცხოველის გაუმრთლებელ სიკვდილ, წარმოადგენს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.