ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 6 აპრილს დაამტკიცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 6 აპრილს დაამტკიცა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7-28 2015 წლის 6 აპრილი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს. ამ წესის მიზანს წარმოადგენს ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა და ამასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა-მართვა.

წესის ამოცანებს შეადგენს ქალაქ თბილისში პატრონაჟის, ზედამხედველობისა და ცხოველების მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით მათი კლასიფიკაცია, ცხოველებთან მოპყრობის ჰუმანური მეთოდების დანერგვა, ცხოველების პოპულაციების მართვა-კონტროლი, საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ჰუმანური მეთოდების გათვალისწინებით, საიმედო და უსაფრთხო ზოოანთროპონოზური, განსაკუთრებით რაბიოლოგიური და პარაზიტოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და ურბანულ გარემოში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მოწესრიგების ხელშეწყობა.