ქ. თბილისის მერიამ უზედამხედველო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით ტენდერი გამოაცხადა

2009 წლის 03 დეკემბერს ქ. თბილისის მერიამ უზედამხედველო ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგების მიზნით ორი სატენდერო წინადადება გამოაცხადა, რომელიც ოფიციალურად განთავსდა მერიის საითში. პირველი სატენდერო წინადადებაა”ტენდერი ქ. თბილისში მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველების (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე”. ამ ტენდერში პრეტენდენტებისათვის წინადადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2009 წლის 23 დეკემბერი. მოწოდებული ზეპირი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია. GSPSA – ს ჯერჯერობით არ აქვს ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ ყველანაირი საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით ტენდერში მონაწილეობის სურვილი არცერთ ვეტერინარულ კლინიკას არ ჰქონდა. GSPSA-მ ამ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობაზე თავი შეიკავა, ვინაიდან საკანონმდებლო ბაზის არარსებობა და ამჟამინდელი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს სასურველ სიტუაციას. ფაქტი ერთია: დასრულდა შ.პ.ს. ”დებიუტის” მიერ თბილისში ცხოველების განადგურების 2,5 წლიანი პროგრამა. ამჯერად ვერც ერთი კომპანია ვეღარ გაბედავს ამ სისასტიკის განმეორებას. თვით მერიის მიერ გამოცხადებულია ”ჰუმანური ” ქმედებები და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია უკეთესობისაკენ. GSPSA იმედს გამოთქვამს და დარწმუნებულია, რომ 2010 წლიდან მუნიციპალიტეტის ან მისი კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან აღარ იქნება ცხოველებისადმი სასტიკი დამოკიდებულების არც ერთი შემთხვევა.

მერიის მიერ იგივე თარიღით – 2009 წლის 03 დეკემბერს გამოცხადებული მეორე სატენდერო წინადადებაა: ”ტენდერი ქ. თბილისში, უზედამხედველო ცხოველებისთვის თავშესაფრის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე”. პრეტენდენტებისათვის წინადადების წარდგენის ბოლო ვადა იყო 2009 წლის 23 დეკემბერი. GSPSA – სთვის არ არის ცნობილი არც ტენდერში მონაწილე კომპანიების და არც გამარჯვებულის ვინაობა. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტის მხრიდან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციებთან რაიმე სახის კონსულტაცია მუნიციპალიტეტის თავშესაფრის შექნასთან დაკავშირებით, აგრეთვე მისი დებულების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული თავშესაფრის მშენებლობის საკითხი, რაც აუცილებლად დაარეგულირებს დაჭერილი ცხოველების დროებითი სადგომისა და აუცილებელი ვეტერინარული მომსახურების მტკივნეულ საკითხებს. მთავარი კი არის, თუ რა დებულება ექნება მუნიციპალურ თავშესაფარს და იგი არამც და არამც არ უნდა წარმოადგენდეს დაჭერილი ცხოველების განადგურების ობიექტს. GSPSA იმედს გამოთქვამს, რომ მუნიციპალიტეტი და ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები ითანამშრომლებენ ცხოველთა პოპულაციის მართვისა და ჰუმანური დამოკიდებულების დამკვიდრების საკითხების განხილვაში და ერთად გადაწყვიტავენ ბევრ მნიშვნელოვან პრობლემებს. ასეთი ურთიერთობების კეთილი ნება კიდეც დაფიქსირდა 2009 წლის 25 დეკემბერს GSPSA -ს მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე.