კომპანია “ზოომარტის” ახალი ინიციატივა #აიყვანეთავშესაფრიდან# დაიწყო

კომპანია “ზოომარტის” ინიციატივის ფარგლებში  “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”- GSPSA-ს  რეკომენდაციით “ზოომარტის” მიერ ყოველთვიურად რამდენჯერმე დასაჩუქრდებიან შინაური ცხოველის პატრონები, რომლებმაც GSPSA-ს თავშესაფრიდან აიყვანეს თავისი ოთხფეხა მეგობარი და რეკომენდაცია გაეწიათ როგორც მზრუნველ მეურვეებს.

“ზოომარტის” ინიციატივის #აიყვანეთავშესაფრიდან მიზანია ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ თავშესაფარში ქუჩიდან მოხვედრილი ან მიტოვებული ცხოველების გაჩუქებას, რადგან ვთვლით, რომ მეგობარს ჯიშის მიხედვით არ ირჩევენ და განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ ის ცხოველები საჭიროებენ, რომლებიც თავის მომავალ პატრონს წლობით ელიან.

2019 წლის 29 იანვარს კომპანია “ზოომარტის და მისი დამფუძნებლის, თორნიკე ელიზბარაშვილის მიერ დასაჩუქრდა მარიამ როხვაძე, რომელმაც GSPSA -ს თავშესაფრიდან ულამაზესი მეგი აიყვანა.

ჩვენ გადავწყვიტეთ უკეთ გაგვეცნო მარიამ როხვაძე და მისი შეხედულებები ამ სამაგალითო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – სწერს “ზოომარტი” თავის Facebooki-ის გვერდზე:

შეკითხვა:  რატომ გადაწყვიტეთ თავშესაფრიდან ძაღლის (კატის) აყვანა, ადრე თუ გყოლიათ შინაური ცხოველი?

მარიამ როხვაძე:

დიდი ხანი ვფიქრობდი ძაღლის აყვანაზე, მაგრამ მინდოდა ჯერ მოვმზადებულიყავი, ამიტომ რამდენჯერმე თავშესაფარს ვესტუმრე, რომ ცოტა უფრო მეტი გამეგო ძაღლებისა და მათი საჭიროებების შესახებ. არც მანამდე მიფიქრია ძაღლის ყიდვაზე და თავშესაფარში სტუმრობის მერე ხომ საერთოდ დავრწმუნდი, რომ რომელიმე ბინადართან აუცილებლად უნდა დავმეგობრებულიყავი.
წლების წინ მყავდა კატა, ერთი პერიოდი დედა კატას და მის ოთხ კნუტს ვზრდიდი, მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ რაოდენობის მიუხედავად კატის მოვლა ძაღლთან შედარებით ბევრად მარტივია. ხომ იცით, ამბობენ: “ყველა კატის პატრონმა იცის, რომ ვერავინ პატრონობს კატას.

შეკითხვა:  თუ პიროვნება ვერ ახერხებს შინაური ცხოველის თავშესაფრიდან აყვანას, როგორ ფიქრობთ რითი შეიძლება შეიტანოს წვლილი? თქვენ თუ შეგისრულებიათ მოხალისეობრივად ასეთი ტიპის სამუშაო?

 

მარიამ როხვაძე:

ძალიან ბევრნაირად. რათქმაუნდა ყველაზე მარტივი და მოქნილი გამოსავალი ფულადი შემოწირულობაა, თუ ამის საშუალება არსებობს. იგივენაირად, ნებისმიერი შეიძლება ჩაერთოს GSPSA-ს დისტანციური პატრონაჟის პროგრამაში (http://gspsa.org.ge/guardian-distance-program/) ან მოხალისეობრივ საქმიანობაში. მე პირადად, ხსენებულ თავშესაფარში მონაწილეობა მიმიღია ძაღლების დაბანაში, რადგან ბევრი ძაღლის დაბანა წარმოუდგენლად შრომატევადი საქმეა. ასევე, თავშესაფრის საიტისთვის ინგლისურიდან ქართულად გადმოვთარგმნე სახელმძღვანელო დათვების ყოფის გასაუმჯობესებლად. ასე, რომ თუ მზაობა არსებობს, საქმე ნამდვილად მოიძებნება.

შეკითხვა:  რა ადგილი უკავია ოჯახში თქვენს ახალ მეგობარს?

მარიამ როხვაძე:

მეგი ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, რომელიც გარკვეულ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. სრულ განაკვეთზე მუშაობის მიუხედავად დღეში სამჯერ ვასეირნებ, რამაც ბუნებასთან კავშირი უფრო გამიხშირა, აღარაფერს ვამბობ კარდიოვასკულურ დატვირთვაზე, რამაც ფიზიკური ვარჯიშის აუცილებლობა ბოლომდე გამორიცხა. იქედან გამომდინარე, რომ მეგი არის განსაკუთრებულად აქტიური, მეგობრული და ძალიან სოციალური, ეს საგრძნობლად მოქმედებს ოჯახის ყველა წევრის განწყობაზე და ჩვენს ზოგად ფიზიკურ თუ მენტალურ კეთილდღეობაზე.

 

შეკითხვა: თავშესაფარში მცხოვრები ცხოველები ადამიანების კეთილ ნებას ელოდებიან….. რას ეტყოდით იმ ხალხს, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს ცხოველის თავშესაფრიდან აყვანაზე.

მარიამ როხვაძე:

ალბათ გამიჭირდება შინაური ცხოველის ყოლა მოვანდომო მათ, ვისაც ამაზე ჯერ არ უფიქრია და არც მზადაა, თუმცა ვისაც სურს ოთხფეხა მეგობარი ჰყავდეს, ალბათ ძაღლის თავშესაფრიდან აყვანაზე კეთილ საქმეს ვერ გაუკეთებს, ვერც ძაღლს და ვერც საკუთარ თავს. იმდენად დიდია პატრონის მომლოდინე ძაღლების რაოდენობა საქართველოში, რომ ძაღლის ყიდვაზე საუბარი ზედმეტია. წამახალისებელია ის ფაქტი, რომ თავშესაფრის ძაღლები ჩვეულებრივ კარგად მოვლილები და აღზრდილები არიან, იმიტომ რომ მათზე პროფესიონალები ზრუნავენ, რაც საქმეს შეგიმსუბუქებთ, სანამ ახალ მეგობართან თანაცხოვრებას შეეჩვევით.

 

თუ თქვენც გაქვთ სურვილი თავშესაფრიდან აიყვანოთ ძაღლი და მისი სახით უერთგულესი მეგობარი იყოლიოთ ესტუმრეთ GSPSA -ს ვებგვერდს – გასაჩუქებელი ცხოველები.

მარიამის და მეგის ისტორია.