საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და სხვა აქტებს. ქვეყნის შიგნით არ არის დარეგულირებული ცხოველთა დაცვისა და სასტიკი მოპყრობის აღმოფხვრის საკითხები, არ არსებობს სახელმწიფო კანონები ცხოველთა დაცვის სფეროში, თუ არ ჩავთვლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს (ეს მუხლი ე.წ. „მკვდარი“ მუხლია და მისი გამოყენება არ დაფიქსირებულა, მიუხედავად ცხოველთა მიმართ სისასტიკის მასობრივი ხასიათისა), ასევე თბილისისა მუნიციპალიტეტის დადგენილებას, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის და პოპულაციის მართვის თაობაზე, რომელიც მართალია არეგულირებს გარკვეულ საკითხებს, მაგრამ ქვეყნის კანონში ამ თემასთან დაკავშირებით ვაკუუმის გამო, ვერ აწესრიგებს ცხოველთა დაცვის მექანიზმს.
საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებია როგორც შინაურ, ასევე გარეულ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებში. შესაბამისი კანონების არარსებობისა და არასრულყოფილების გამო გამეფებულია ცხოველისადმი სისასტიკე. გადაშენების პირასაა საქართველოს გარეულ ცხოველთა ბევრი სახეობა, მათ შორის წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველები. საქართველოში უკვე დავკარგეთ ცხოველთა ისეთი სახეობები, როგორიცაა ქართული დომბა, ჯეირანი და სხვა. საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი მურა დათვი გადაიქცა სხვადასხვა ობიექტებში და კერძო პირებთან თავშესაქცევ და გასართობ არსებად. ისინი დამწყვდეული არიან არაბუნებრივ პირობებში და თან პატარა ვოლიერებში, ზოგიერთი ადამიანების დასაცინ და გასართობ „ნივთს“ წარმოადგენენ. ამ ეტაპზე დაახლოებით 50 მურა დათვია უკანონოდ დატყვევებული, ხოლო ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით დუმს და ვერ უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ამ დათვების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობისა, საქართველოში დღემდე ვერ გადაწყდა წითელ წიგნში შეყვანილი გარეული ცხოველებისათვის შესაბამისი სახელმწიფო ნაკრძალების (თავშესაფრების) დაარსების საკითხი, რასაც ხელისუფლება თავს შესაბამისი თანხების არ არსებობით ამართლებს, თუმცა შესაბამისი სამინისტროების მრავალმილიონიანი ბიუჯეტი და მაღალი ანაზღაურებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
ნადირობის შესახებ ლიბერალური კანონმდებლობის გამო, გამეფებულია ბრაკონიერობა და ვერ ხერხდება ცხოველთა პოპულაციების სრული კონტროლი. სამწუხაროდ ნადირობა საქართველოში პრესტიჟულად ითვლება და ხდება მისი პოპულარიზაცია. ნადირობას საქართველოში ძირითადად სპორტულ-გასართობი სახე აქვს და არ წარმოადგენს ადამიანისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვან აუცილებელ მოთხოვნას.
ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის თანახმად ნადირობა გართობა-დროსტარების მიზნით არღვევს გარეულ ცხოველთა ძირითად უფლებებს, ხოლო ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება, მიმართული გარეული ცხოველის სახეობის განადგურებისაკენ, გენოციდის ექვივალენტურია, ანუ არის დანაშაული მიმართული სახეობის წინააღმდეგ (ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაცია, მუხლი 4, 8).
საქართველოში ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან აღსანიშნავია: ბრაკონიერობა, ტყის მასივების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, მცენარეთა და ცხოველთა სახეობებით უკანონო ვაჭრობა, თევზის რესურსების გადამეტებული მოპოვება, მდინარეებისა და წყალჭარბი სავარგულების დაბინძურება. შედეგად, ადგილი აქვს ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელი გარემოს დეგრადირებას, სახეობათა რიცხოვნობის კლებასა და ეკოლოგიური პროცესების რღვევას – ყველაფერს ერთად კი მივყავართ ბიომრავალფეროვნების განადგურებისკენ. ამ სავალალო მდგომარეობის შედეგია, რომ საქართველოს ფაუნიდან 141 სახეობა შეტანილია წითელ ნუსხაში.
უმძიმესი მდგომარეობაა მიუსაფარი შინაურ ცხოველებთან (ძაღლები, კატები) დაკავშირებით. წლების განმავლობაში უსახლკარო შინაური ცხოველების მექანიკური განადგურების დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა პრობლემას არა თუ ხსნის, არამედ უფრო ამძიმებს. უსახლკარო ცხოველების მექანიკური გამოხშირვა განაპირობებს ბუნებრივი გადარჩევის პროცესს, რომელიც პოპულაციას სულ უფრო აგრესიულს ხდის, ხოლო რაოდენობას ვერ ამცირებს. გარდა იმისა, რომ არსებული მეთოდიკა ფინანსების უაზრო, უშედეგო და არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს, იგი იმდენად დესპოტურია, რომ მისი გამოყენება ნებისმიერი საზოგადოებისთვის სამარცხვინოა. ცივილიზირებული საერთაშორისო პრაქტიკა კი ნათლად მოწმობს, რომ ამგვარი მიდგომა სრულიად უშედეგო და არაფრის მომცემია (რომ აღარაფერი ვთქვათ ამგვარი ღონისძიებების არაჰუმანურობაზე). ყოველივე ეს კი შემაშფოთებელია, ვინაიდან ამ თანხებით, ცივილიზებული მეთოდებისა და პროგრამების გამოყენებისა და შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა პრობლემის მოგვარებისათვის რეალური ნაბიჯის გადადგმა. ქუჩის უპატრონო ცხოველთა მასობრივმა და სასტიკმა განადგურებამ კი გამოიწვია და იწვევს ცხოველთა ქაოტურ გადაადგილებას, არაბუნებრივ მიგრაციას და პოპულაციურ დესტაბილიზაციას, მომეტებულ აგრესიულობას და დაავადებათა უკონტროლობას, ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურებას, ქვეყნის მოსახლეობის ცხოველთა მოყვარულთა ინტელექტუალური ნაწილის გაუცხოებას და გულაცრუებას ქვეყნის ხელისუფალთა მიმართ.
თვითმართველობის ორგანოები – ქალაქების და რეგიონების საკრებულოები, ამ სფეროში კანონების არ არსებობის გამო, დღემდე ვერ ახერხებენ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული აქტების მომზადებას ცხოველთა პოპულაციის მართვის საერთაშორისო ჰუმანური წესების დასამკვიდრებლად. საქართველოს მთელ რიგ ქალაქებსა და რაიონებში მოსახლეობის თვალწინ ხდება ქუჩის ცხოველთა ულმობელი მეთოდებით დაჭერა, არასპეცმანქანებით ტრანსპორტირება, მათი დამწყვდევა, სასტიკი მეთოდებით მოკვდინება და ცხოველთა ლეშის გაუჩინარება. არის შემთხვევები, როცა უპატრონო ცხოველებს დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობის თვალწინ იჭერენ და ხოცავენ არაჰუმანური იარაღით. ცხოველის დაჭერის დროს განხორციელებული სასტიკი ქმედებების, ასევე მიკედლებული ცხოველების განადგურების შედეგად, ბევრმა ადამიანმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა.
სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ცოფის შემთხვევების რიცხვით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო დაკბენილ ადამიანთა შემთხვევების რაოდენობით კი – მსოფლიოში.
სამწუხაროა ისიც, რომ ძაღლების ჩხუბი (მომეტებული აგრესიის ძაღლის ჯიშებს შორის) პოპულარობით სარგებლობს და დაუფარავად იმართება ქალაქებსა და რაიონებში, სოციალურ ქსელში ვრცელდება ძაღლების ჩხუბების ვირეო და ფოტო მასალები, ხოლო სამართალდამცავი სტრუქტურები ხშირ შემთხვევაში ამ ფაქტებზე არ რეაგირებენ და არ იღებენ შესაბამის ზომებს.
შეშფოთებას იწვევს, როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილის, ისევე სახელისუფლებო ორგანოების მუშაკთა დაბალი ცნობიერების დონე ცხოველთა დაცვის საკითხებში. გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო მასშტაბით შემოიფარგლება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით და რეალურად არ ემსახურება ცნობიერებისა და შეგნების ამაღლებას. არც სხვა რაიმე ნაბიჯები იდგმება უპატრონო ცხოველების პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სადაც არაორაზროვნადაა მითითებული საქართველოში არსებული მეთოდების განახლებისა და ცვლილების საჭიროება. უფრო მეტიც, საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით ძირითად შემთხვევებში უყურადღებოდ რჩება.
დადებითად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ზემოქმედებისა და დარწმუნების შედეგად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქუჩის უსახლკარო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. 2012 წლიდან ფუნქციონირებს მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფარი და ბოლო სამი წლის მანძილზე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სახელმწიფო სამსახურის მხრიდან ცხოველთა მიმართ სისასტიკის აღმოსაფრხველად, ასევე პოპულაციის ჰუმანური წესით მართვისათვის. მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ბევრია გასაკეთებელი. 2015 წლის 6 აპრილის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წესით რეგულირდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვა. თუმცა ისევ ცხოველთა დაცვის სფეროში ქვეყნის ძირითად კანონში დეფიციტისა და მოსახლეობის დაბალი ცნობიერების გამო, მნიშვნელოვანი პრობლემებია.
ქ. თბილისის ეს დადებითი გამონაკლისი, სამწუხაროდ, ვერ ცვლის ქვეყნის მასშტაბით სავალალო ვითარებას, როდესაც საკანონმდებლო ბაზისა და ცხოველთა დაცვის სფეროში საგანმანათლებო პროგრამების არარსებობის, აგრეთვე სხვა ობიექტური მიზეზების გამო მოსახლეობის ცნობიერება დაბალია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროსა და ადამიანებს შორის ჰუმანური ურთიერთობის დამკვიდრებაზე. საქართველოს რიგ სხვა ქალაქებში და რეგიონებში (გამონაკლისია ბათუმი და გორი) ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოები აცხადებენ ღია ტენდერებს მაწანწალა ცხოველების დაჭერა-იზოლაციაზე და ხელშეკრულებას აფორმებენ ინდივიდუალურ პირებთან, რომლებსაც არც თავშესაფარი აქვთ და არც რაიმე ცივილური მიდგომა ამ საკითხისადმი. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით იჭერენ და კლავენ მიუსაფარ ცხოველებს, რომელთა ლეში უჩინარდება. ამ შემთხვევაში არა მარტო სასტიკი დამოკიდებულებაა ცხოველებისადმი, არამედ საფუძვლიანი ეჭვია კორუფციული გარიგებების სახელმწიფო მოხელეებთან.
საქართველოში სულ რამოდენიმე კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარია არაკომერციული ორგანიზაციების (არასამთავრობო) მიერ დაფუძნებული. ამ თავშესაფრებს უჭირთ, ვინაიდან ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ცხოველებისადმი კეთილგანწყობილ ადამიანთა უმრავლესობას არ აქვს ქველმოქმედების საშუალება. ამავე დროს უპატრონო ქუჩის ცხოველების გაშვილების (გაჩუქების) კოეფიციანტი ძალიან დაბალია, რაც პრობლემებს ქმნის თავშესაფრისათვის, ვინაიდან ყველა ძაღლისა და კატის ქუჩაში დაბრუნება არ შეიძლება. განსაკუთრებით საკითხს ამძაფრებს ის გარემოება, რაც დაკავშირებულია ოჯახებიდან ქუჩაში გამოგდებული ცხოველების სიჭარბით. ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი კანონის არ არსებობის გამო, ცხოველის მფლობელების გარკვეული რაოდენობა ცხოველის ავადმყოფობის, დაუძლურების ან სიბერის შემთხვევაში არ მიმართავს ვეტერინარულ სამკურნალოებს, არ ასრულებს ვალდებულებებს და საკუთარ ძაღლს ან კატას აგდებს ქუჩაში, რაც ამ ცხოველისათვის და ადამიანებისათვის სავალალო შედეგით მთავრდება. საქართველოს კანონი არ არეგულირებს საკუთრებაში არსებული ცხოველის ქუჩაში გაგდების (ან თავშესაფარში ჩაბარების) შემთხვევაში ამ პირების მიმართ დასჯის შესაძლებლობას. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ცხოველის პატრონები სხვადასხვა სასტიკი მეთოდებით (თოფით, ფიზიკური ზემოქმედებით, დახრჩობით, დამწყვდევით, საკვების და წყლის გარეშე და ა.შ) კლავენ თავიანთ ცხოველებს.
აუცილებელია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საკითხი გადაწყვიტოს ცივილიზებული და ჰუმანური ფორმით. ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანური მეთოდები, მხედველობაში მიიღოს ამ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი და მსოფლიოში ცნობილი სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები. უსახლკარო ცხოველების პრობლემის ეფექტური გადაწყვეტისათვის პირველი ნაბიჯები უნდა იყოს: მასობრივი აცრები, სტერილიზაცია, კასტრაცია, მიკედლების ადგილებზე დაბრუნება და ცხოველების გაჩუქება-დაბინავებაზე ზრუნვა, რაც კეთილმოწყობილ თავშესაფარში უნდა ხდებოდეს და შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ეყრდნობოდეს. ამასთანავე, საქართველოს კანონებისა და სხვა სამართლებრივი აქტების თანახმად ჯანმრთელი კომპანიონი ცხოველის (ძაღლი და კატა) მოკვლა დაუშვებელი უნდა იყოს. მოკვდინება უმტკივნეულო მეთოდით დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი იტანჯება უკურნებელი სენით, ან საფრთხეს უქმნის სხვა ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობას, განუკურნებელია, რაც ფასდება მკაცრი კრიტერიუმებით და ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საერთაშორისოდ მიღებული მოკვდინების ჰუმანური მეთოდები. ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და რაიმე იღონოს ჰუმანური სტრატეგიების წარმატებით გატარებისათვის და შეიმუშავოთ ცხოველთა პოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა ევროპული სტანდარტების მიხედვით.
წლების მანძილზე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად გამოიღო ცხოველთა პოპულაციის დესტაბილიზაცია, დაავადებების უკონტროლობა, არაბუნებრივი მიგრაცია, ცალკეულ სახეობათა გადაშენება, უზედამხედველო ცხოველების რაოდენობის გაზრდა და მომეტებული აგრესიულობა, სახელმწიფო თანხების არასწორი ხარჯვა, მოსახლეობის ცხოველთა მოყვარული ინტელექტუალური ნაწილის გაუცხოება და იმედგაცრუება, ცხოველთა მასობრივი და სისტემატური განადგურება სასტიკი და მიუღებელი მეთოდებით.
ქვეყნის ხელისუფლებამ და საკანონმდებლო ორგანომ აუცილებელია მოახდინოს:
- ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის რატიფიცირება
- შინაურ ცხოველთა დაცვის ევრო კონვეციის რატიფიცირება
- ქვეყნის შიდა საკანონმდებლო აქტების მიღება, დამატება და გამკაცრება ცხოველთა დაცვის სფეროში
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ, სამინისტროებმა და მუნიციპალიტეტებმა უნდა მიიღონ სწორი და კომპეტენტური გადაწყვეტილება ცხოველთა პოპულაციების მართვასთან დაკავშირებით, რაც საფუძველს შექმნის ადგილობრივი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ფინანსური, პროფესიული და მორალური მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ადამიანების ცნობიერების ამაღლებას, ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.
ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA