ბიომრავალფეროვნება საქართველოში

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ბუნება უპრეცედენტოდ შეიცვალა მთელ მსოფლიოში, რაც გამოწვეულია ბუნებრივი ტერიტორიების ათვისებით, ცოცხალი ორგანიზმების მოპოვებით, კლიმატის ცვლილებით, დაბინძურებით და უცხო სახეობების ინვაზიით. ბიოლოგიური რესურსების მოხმარების ზრდას თან სდევს გარემოს ბუნებრივი რეგულირების მდგრადობის შემცირება. სწრაფად მატულობს მცენარეთა და ცხოველთა სახეობების რაოდენობა, რომელთაც ემუქრებათ გადაშენება. უახლესი შეფასებების მიხედვით, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების კარგვის ტენდეცია გაგრძელდება და გაუარესდება კიდევაც, თუ არ შეიცვლება ენერგიის, საკვების, წყლის მიწოდების და რესურსებით სარგებლობის არსებული პრაქტიკა. ბუნების დაცვა და შენარჩუნება შესაძლებელია ისე, რომ ამავდროულად მიღწეულ იქნეს სოციალური მიზნები და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა ეს მოითხოვს დაუყონებლივ და ეფექტურ ძალისხმევას ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია?

სახეობებისა და ჰაბიტატების მრავალფეროვნების, ენდემიზმის მაღალი დონისა და გლობალური მნიშვნელობის ეკოსისტემების გავრცელების გამო საქართველოს ტერიტორია შეტანილია ბუნების დაცვის პრიორიტეტული ადგილების ნუსხაში. მაგრამ ამავე დროს ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების გამო, საქართველო, წარმოადგენს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების ნაწილს;

საქართველოს ბიომრავალფეროვნებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ბუნებრივი ჰაბიტატების შემცირება და დეგრადაცია, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენება, გარემოს დაბინძურება, უცხო სახეობების ინვაზია და კლიმატის ცვლილება;

ჩვენი არსებობა და კეთილდღეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებისაგან მოწოდებულ პროდუქტებსა და სერვისებზე, როგორიცაა: მერქნული რესურსები, საკვები, სამკურნალო და თაფლოვანი მცენარეები, თევზის რესურსები, სუფთა წყალი, დამმტვერავი მწერები, საკვები რესურსები მეცხოველეობისათვის, გენეტიკური რესურსები, ასევე, ნიადაგის ეროზიისაგან დაცვა, კლიმატის ცვლილებისა და სტიქიური მოვლენების ზეგავლენის შერბილება, ხელსაყრელი გარემოს შექმნა რეკრეაციისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ბიომრავალფეროვნება ჩვენი ბუნებრივი კაპიტალია, რომლის შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია.

ქვეყანაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების კოსნერვაციის მდგომარეობა

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული სახეობების უმრავლესობის პოპულაციების მდგომარეობა დღემდე არ არის შეფასებული ან მონაცემები არ განახლებულა მრავალი წლის განმავლობაში. 2006 წელს, იმ დროისთვის არსებულ სარწმუნო მონაცემებზე დაყრდნობით, იდენტიფიცირებულია მცენარეთა 56 და ცხოველთა 43 სახეობა, რომლებსაც ემუქრებათ გადაშენების საფრთხე. აღნიშნული სახეობები შეტანილი იქნენ საქართველოს „წითელ ნუსხაში“. შემდგომ წლებში განხორციელებული კვლევების შედეგად, გამოვლინდა, რომ გადაშენების საფრთხე ემუქრება საქართველოს ფლორის 117 სახეობას. თუმცა საქართველოს „წითელი ნუსხა“ დამტკიცების შემდგომ არ განახლებულა, შესაბამისად, მასში არ არის შეტანილი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების ნაწილი;

საქართველოში 2009 წლიდან მიმდინარეობს ზურმუხტის ქსელის ჩამოყალიბების პროცესი, რომლის მიზანია სახეობების დაცვა მათი ჰაბიტატების შენარჩუნების გზით. 2017-2018 წლებში ზურმუხტის ტერიტორიის სტატუსი 39 ტერიტორიას მიენიჭა, რომელთა ჯამური ფართობია 841 875.5 ჰა. კანდიდატ და შეთავაზებულ ტერიტორიებთან ერთად ზურმუხტის ტერიტორიების საერთო ფართობია 1 285 974.74 ჰა, რაც საქართველოს ტერიტორიის 18.45%-ს შეადგენს.

სახელმწიფო რეგულირება

2014 წლის 8 მაისს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (2014-2020), რომელიც აყალიბებს თანმიმდევრულ პოლიტიკას და ეროვნულ პრიორიტეტებს, რათა 2030 წლისათვის მიღწეული იქნეს დოკუმენტით განსაზღვრული ეროვნული ხედვა – „საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ ბუნებასთან ჰარმონიაში, საყოველთაოდ აღიარებულია ბიომრავალფეროვნების ფასეულობები; ბიოლოგიური რესურსების კონსერვაცია და გონივრული მოხმარება უზრუნველყოფს ეკოსისტემური პროცესების უწყვეტობას, ჯანსაღ გარემოსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სარგებელს მთელი საზოგადოებისათვის“.

საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აქცენტს აკეთებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით განსაზღვრავს ღონისძიებებს იშვიათი სახეობების კონსერვაციისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ადგილობრივი ჯიშებისა და ენდემური სახეობების გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის, დაცული ტერიტორიების ქსელის შემდგომი განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობის დანერგვისათვის.

ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება ქვეყნის მიერ, კერძოდ, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებაა, რომლის მხარეც საქართველო არის 1994 წლიდან. დოკუმენტით განსაზღვრულია  ეროვნული მიზანი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და არსებული საფრთხეების შემცირებისათვის.

2014-2020 წლების ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა ქმნის საფუძველს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის და ხელს უწყობს ქვეყნის პოლიტიკის ჰარმონიზებას ევროპის ბუნების დაცვის სტრატეგიებთან.

2014 წლის ივნისში ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს მნიშნელოვან ვალდებულებებს სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციისა და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფისათვის. კერძოდ, საქართველომ უნდა უზრუნველყოს:

  • ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივებთან ბუნების დაცვის სფეროში (ევროკავშირის დირექტივა 92/43/EEC ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების შესახებ, ევროკავშირის დირექტივა 2009/147/EC ფრინველთა კონსერვაციის შესახებ);
  • დაასრულოს შესაბამისი ტერიტორიების გამოვლენა, შეფასება და უზრუნველყოს მათი ჩართვა ზურმუხტის ქსელში;
  •  განისაზღვროს ზურმუხტის ტერიტორიებზე სახეობებისა და ჰაბიტატების საკონსერვაციო მიზნები და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები;
  • შეაფასოს ფრინველთა სახეობები, რომლებიც საჭიროებენ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას, მათ შორის გადამფრენი ფრინველები; გამოავლინოს და დაიცვას ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ტერიტორიები; შექმნას სისტემა ფრინველთა დაცვისათვის და აკრძალოს მათზე ნადირობის ზოგიერთი საშუალება და მეთოდი;
  • ჩამოაყალიბოს სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციული სტატუსის მონიტორინგის სისტემა;
  •  უზრუნველყოს გარკვეული სახეობების მკაცრი დაცვა;
  •  განავითაროს მექანიზმი საზოგადოების განათლებისა და ინფორმირებისათვის.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ეკოსისტემებისა და გადაშენების პირას მყოფი სახეობების, ასევე, გენეტიკური რესურსების შენარჩუნება საჭიროებს შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნების მიღებას და მათ აღსრულებას. შესაბამისად, მომზადდა ორი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო დოკუმენტი:

  • საქართველოს კანონის პროექტი „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და
  • საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსი“.

ამჟამად მიმდინარეობს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონის პროექტის გადამუშავება დაინტერესებული მხარეებიდან მიღებული შენიშვნების მიხედვით, ხოლო „საქართველოს ტყის კოდექსი“ წარდგენილია საქართველოს პარლამენტში დამტკიცებისათვის.
„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის კონკრეტული მიზნებია, უზრუნველყოს:

  • ველური მცენარეებისა და გარეული ცხოველების სახეობების დაცვა და ხანგრძლივვადიანი შენარჩუნება;
  • ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება ზურმუხტის ქსელის განვითარებისა და საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების შექმნის გზით;
  • ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას აღნიშნულ სახეობებს;
  • გენეტიკურ რესურსებზე და მასთან დაკავშირებულ ტრადიციულ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება.

ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრება სამართლებრივი მოთხოვნები მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნებისათვის, დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების ნუსხის შედგენის წესი, დადგინდება აკრძალვები დაცულ სახეობებთან მიმართებით. კანონპროექტი ქმნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოში ზურმუხტის ქსელში ჩართული ტერიტორიების დაარსების, მართვისა და მონიტორინგისათვის, განსაზღვრავს ზურმუხტის ტერიტორიების საკუთრების ფორმებს, ასევე ადგენს იმ საქმიანობების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, რომელთაც შესაძლოა ზეგავლენა ჰქონდეთ ზურმუხტის ტერიტორიაზე. კანონპროექტში ასევე მოცემულია საქართველოს ტერიტორიაზე გენეტიკური რესურსებით სარგებლობის პირობები და პროცედურები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი გამოყენებით მიღებული სარგებლის თანაბარი და სამართლიანი განაწილება.

„გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნითა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)51 დანართებში შეტანილი სახეობების მოპოვების, ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად მოშენების, ექსპორტის, იმპორტის და რე-ექსპორტის ეროვნულ დონეზე რეგულირებისა და კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, 2018 წელს შეტანილი იქნა სათანადო ცვლილებები საქართველოს კანონში „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ52 (2003 წ.). CITES წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო, თუმცა არა თვით-აღსრულებად მრავალმხრივ შეთანხმებას. შესაბამისად, კონვენციის მხარე ქვეყნები ვალდებულნი არიან მიიღონ კონვენციის ეფექტიანი აღსრულებისათვის საჭირო ეროვნული კანონმდებლობა. CITES-ის მოთხოვნების შესაბამისი კანონმდებლობის მიღება, ასევე, არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოთხოვნა.

საქართველოს კანონით ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ “, რომელიც მიღებულ იქნა 2014 წელს , საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალა ცოცხალი გენმოდიფიც ირებული ორგანიზმების გარემოში ინტროდუქცია , 2016 წელს ასევე აიკრძალა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საბაზრო ქსელში განთავსება იმპორტი და რეექსპორტი . შესაბამისად , აღნიშნული კანონით საქართველო გამოცხადდამეურნეობის სამინისტრო. ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავ ისუფალ ზონად . საქართველოში დაშვებულია მხოლოდ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება (მაგალითად სამეცნიერო კვლევები) შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, რომელსაც გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ბიომრავალფეროვნების სფეროში საქართველო აქტიურად თანამშრომლობს კავკასიის ეკორეგიონის ქვეყნებთან. 2018 წელს დასრულდა კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის განახლება ქვეყნების ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიების გათვალისწინებით. გეგმა ხელს უწყობს ბუნების კონსერვაციის სფეროში ქმედებების კოორდინაციას ეკორეგიონში და ეხმარება მთავრობებს მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელების მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაციაში.