მატარებლის ლიანდაგზე ძაღლი, სასიკვდილოდ, მიზანმიმართულად დატოვეს

2020 წლის 8 ნოემბერს, სენაკში, ცხოველთა მოყვარული/აქტივისტი ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შემზარავი კადრების მომსწრე გახდა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ფოტო მასალა გავრცელდა სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით.

ფოტოებზე ჩანს, რომ მატარებლის ლიანდაგზე უცნობმა პირმა ტომარაში ჩასმული ძაღლი მიზანმიმართულად დატოვა სასიკვდილოდ. მიუხედავად მცდელობისა ძაღლმა ვერ მოახერხა ტომრიდან თავის დახსნა და მატარებელმა გადაუარა. შედეგი აღნიშნულ ფოტო მასალაში ჩანს: ძაღლის დანაწევრებული სხეული, განცალკევებული თავი და კიდური.

 

ცხოველისადმი აღნიშნული სასტიკი ქმედება, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის სამართალდარღვევას, ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას.

სამწუხაროდ საქართველოში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებმა საკმაოდ იმატა. დასჯილი ჯერჯერობით არავინაა, რაც მოწმობს იმას, რომ 2019 წელს შესული ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში, რომელიც გამოცხადდა, როგორც “გამკაცრებული” კანონი, სათანადოდ ვერ მუშაობს, რადგან მისი აღსრულების მექანიზმი არ არსებობს და შესაბამისად არც აღსრულების ფაქტები ფიქსირდება.

დღესდღეობით საქართველოში ცხოველებისადმი სისასტიკის და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს არეგულირებს როგორც სისხლის სამართლის კოდექსი (259-ე მუხლი), ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (104-ე მუხლი).

სსკ-ის 259-ე მუხლის შემთხვევაში შეტანილი, ცვლილებების მიხედვით, წამების ერთჯერადი შემთხვევის დადასტურების შედეგად მოქალაქეს 6 თვიდან 1 წლამდე შინაპატიმრობა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. განმეორების, ჯგუფურად ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში ვადა იზრდება.

მუხლი 259. ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა

1. ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, −ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

აღნიშნული მუხლი ერთი შეხედვით გამკაცრებული ჩანს, რადგან მუხლში ჩაიწერა 1 დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთანავე დაემატა ჩანაწერი ‘საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა’. ქართული სასამართლო პრაქტიკა კი გვიჩვენებს რომ ცხოველისადმი სასტიკ ქმედებებზე დამოკიდებულება ზედმეტად ლოიალურია და მაქსიმალურ სადამსჯელო ღონისძიებებს არავინ მიმართავს, შესაბამისად ეს მუხლი არის მანიპულაცია და რეალურად შერბილებული.

2018 წლის მონაცემებით თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში 1 163 ტრავმირებული ცხოველი შევიდა, რომელთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, წამების ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყო. რაც შეეხება დადასტურებულ ფაქტებს, ამავე წელს თავშესაფარში 11 ცხოველი შეიყვანეს, რომლებსაც იარაღით, დამდუღვრით, ბლაგვი და მსხვილი საგნით ან პნევმატური იარაღით მიყენებული სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდათ. 11 ცხოველიდან მხოლოდ 6-ის გადარჩენა მოხერხდა. ამ შემთხვევებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ არავინ დასჯილა.