საქველმოქმედო პროგრამა “ერთად მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად”

2021 წლის 6 იანვრიდან კომპანია “ზოომარტის”“ვოლტ”-ის და “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” მხრიდან დაიწყო საქველმოქმედო პროგრამა “ერთად მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად”.

პროგრამაში მონაწილე მხარეებმა  ერთად თავიდანვე განსაზღვრეს საქველმოქმედო პროგრამის მიზნობრიობა და  მიმართულება, რაც წარმოადგენს მიუსაფარი ძუ ძაღლების სტერილიზაციას, ვაქცინაციას და ტრავმირებული (დასახიჩრებული) ცხოველისთვის ვეტერინარული დახმარებას და სარეაბილიტაციო უზრუნველყოფას.

     პროგრამა “ერთად მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად”.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს  „საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოებამ“ კომპანიებისგან: “ზოომარტი”-სგან და “ვოლტ”-ისგან მიიღო შემოთავაზება  საქველმოქმედო პროგრამაში მონაწილეობაზე. დაიგეგმა საქველმოქმედო კამპანიის ჩატარება  წლის ბოლო შაბათ-კვირას, რაც ითვალისწინებდა მაღაზიათა ქსელის – „ზოომარტის“ მიერ ამ ორი დღის განმავლობაში კომპანია „ვოლტის“ საშუალებით გაყიდული პროდუქციით შემოსული სრული თანხის გადარიცხვას GSPSA-სთვის, რომელიც პრაქტიკულად მიმართავს და გამოიყენებს თანხებს რეგიონებში მიუსაფარ ცხოველთა ყოფის გასაუმჯობესებლად და მათი კეთილდღეობისთვის.

აქციაში მონაწილეობა და დახმარების ხელის გაწოდება მიუსაფარი ცხოველებისთვის იყო ძალიან მარტივი და შეეძლო ნებისმიერ მსურველს. ამისთვის კი საკმარისი იყო ვოლტის აპლიკაციის საშუალებით „ზოომარტის“ ნებისმიერი პროდუქციის შეკვეთა საკუთარი ოთხფეხა მეგობრისთვის, პროდუქცია  ადრესატამდე ვოლტის კომპანიას უფასოდ მიჰქონდა.

კომპანია „ზოომარტი“ და „ვოლტი“ სამართებლივი ფორმით არიან მეწარმე სუბიექტები (კომერციული ორგანიზაციები) და მათი მხრიდან საქველმოქმედო პროგრამაში მონაწილეობა მეტყველებს მათ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ კომპანია „ზოომარტი“ სისტემატიურად საქველმოქმედო პროგრამების ფარგლებში ეხმარება მიუსაფარ ცხოველებს საკვებით და სხვა საშუალებებით.

2020 წლის 26 და 27 დეკემბერს ჩატარებული საქველმოქმედო კამპანიით მიღებულმა თანხამ შეადგინა 3970.00 (სამი ათას ცხრაას სამოცდაათი) ლარი, რომელიც კომპანია „ზოომარტმა“ 2021 წლის 05 იანვარს სრულად გადაურიცხა GSPSA-ს რეგიონ(ებ)ში გარკვეული რაოდენობის მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის პროგრამის და ტრავმირებული ცხოველის ვეტერინარული დახმარების უზრუნველსაყოფად. თანხის ოდენობიდან გამომდინარე დაგეგმილია ჩატარდეს 30 ძუ ძაღლის სტერილიზაცია/ვაქცინაცია და რამოდენიმე ტრავმირებული ცხოველის ვეტერინარული მომსახურება სარეაბილიტაციო პერიოდის გათვალისწინებით.  პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ GSPSA-ს წევრები და მოხალისეები.

GSPSA-ს გადაწყვეტილებით საქველმოქმედო პროგრამა ჩატარდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში ბინადარი მიუსაფარი ცხოველებისთვის.

   

 

GSPSA  უმოკლეს ვადებში გააფორმებს ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს ვეტერინარულ კლინიკებთან და თავესაფართან.  პროგრამის მსვლელობისას ინფორმაციებს და ფოტო-ვიდეო მასალებს გამოაქვეყნებს სოციალური ქსელით.

პროგრამის სრულად დასრულების შემდეგ GSPSA  გამოაქვეყნებს ანგარიშს.

GSPSA-ს წარმომადგენლებმა ამ პროგრამის დაწყებისთანავე ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ტრავმირებული (დასახიჩრებული) ახალგაზრდა ძაღლი. ცხოველი გადაყვანილ იქნა ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. 7 იანვარს დაინიშნა სასწრაფო ოპერაცია, რადგან ცხოველს დაზიანებული ჰქონდა სამი ფეხი, ჰქონდა 4 მოტეხილობა, მეოთხე ფეხი კი გაბზარული. მიუხედავად ოპერაციის სირთულისა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძაღლი თავს კარგად გრძნობს და გადის რეაბილიტაციას GSPSA-ს წარმომადგენლის სახლში. ის ავტომატურად ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და გახდა პროგრამის პირველი მონაწილე.