GSPSA

GSPSA-მ მიმართა პარლამენტს კანონის პროექტის „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ გამოთხოვის თაობაზე

25 ივნისი 2020

ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“ – GSPSA 2020 წლის 18 ივნისს წერილობით მიმართა (N109-20 18.06.2020) კანონის პროექტის ინიციატორ  პარლამენტის წევრებს კანონის პროექტის „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“  და თანმდევი კანონის პროექტების  (პაკეტის ნომერი 07-3/337/9) გამოთხოვის თაობაზე. „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ საფუძვლიანად და კატეგორიულად მოითხოვს კანონის პროექტის „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ უკან გამოთხოვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  პირველი მოსმენით მიღებამდე.

GSPSA-ს გარკვეული ფაქტორებისა და ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნული კანონპროექტის წინამორბედ არც საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებაში და არც საკომიტეტო განხილვებში. ამავე დროს საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან არც შემოთავაზება ყოფილა, რომ GSPSA-ს წარმომადგენელი კანონპროექტის სამუშაო ჯგუფში ჩაერთოთ. მიუხედავად ამისა GSPSA ყურადღებით აკვირდებოდა და ყოველთვის დეტალურად ეცნობოდა პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს, ხოლო შენიშვნებს ოფიციალურად უგზავნიდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტს. 

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“-მ ასევე წარმოადგინა კანონის პროექტის „„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ ე.წ. კონსოლიდირებული ვერსიის მნიშვნელოვანი შენიშვნები.  GSPSA-ს თავმჯდომარემ 2020 წლის 04 თებერვალს წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტს და გადაუგზავნა შენიშვნები კანონის პროექტთან მიმართებაში (რეგისტრაცია:N 1-1819/20 04.02.2020 წ.) აღნიშნულზე ინფორმაციას და დოკუმენტაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ ვებ-გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 13 მარტს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ასევე წერილობით მიმართა „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“.  ასოციაციის წერილში აღნიშნულია, რომ კომპეტენციის ფარგლებში გაითვალისწინოს კომიტეტმა „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“-GSPSA-ს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი შენიშვნები კანონის პროექტთან დაკავშირებით და პარლამენტის შესაბამის კომიტეტში იმსჯელონ კანონის პროექტის ხელახალი გადამუშავების საკითხზე.

ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ - GSPSA-ს შეფასებით აღნიშნულ კანონის პროექტში არსებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას. შესაბამისად კანონის პროექტი აუცილებლად საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს, ან უმჯობესია შემუშავდეს სრულყოფილი ახალი ვერსია.

კანონის პროექტში ძირითადი საკითხები, რომლებმაც უნდა დაარეგულიროს ქვეყანაში არსებული უმართავი მდგომარეობის მოწესრიგება, კომპანიონი ცხოველებისა და ადამიანების კეთილდღეობის კუთხით, აბსოლუტურად იგნორირებულია. ყურადღება არ არის გამახვილებული ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყანაში შინაურ ცხოველებთან მიმართებაში რომელიმე სახელმწიფო უწყების კომპეტენცია და ვალდებულება, ცხოველთა მოშენების და რეალიზაციის შესაბამისი რეგულაციები, მომავალი პატრონისთვის ცხოველის აყვანის ნებართვის გაცემა, ცხოველის ჩამორთმევა პირისთვის, ცხოველის დაკარგვასა და პოვნასთან დაკავშირებული საკითხები, თავშესაფრების ლიკვიდაციის წესები და სხვა. კანონის პროექტში არის მუხლები, რომლებიც მოითხოვს ძირეულ ცვლილებებს, ვხვდებით პროფესიონალურ გადაცდომებს, ალოგიკურობას და უსრულობას. კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე ძირითადი მიზანი გაუგებარია. რეგულაციები პრაქტიკულად ითვალისწინებს ისედაც არსებული მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებას და გაუარესებას, პოპულაციის უკონტროლობას, მიუსაფარი ცხოველების ხელოვნურ რაოდენობრივ ზრდას და მიგრაციას. შესაბამისად ამის ფონზე უამრავ მოუწესრიგებელ საკითხს. კანონის პროექტში ქვეცნობიერად ჩადებულია ისეთი არასწორი რეგულაციები, რომლის შედეგად ადვილად დასაშვებია ზოგიერთი პატრონის მხრიდან ცხოველთა მიტოვება, არასათანადო და სასტიკი მოპყრობა.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტში საერთოდ ნახსენებიც არ არის სახელმწიფო ცენტრალიზებული რგოლი არსებობის აუცილებლობა სახელმწიფო უწყების (შესაბამისი სამსახურის,იურიდიული პირის) სახით, რომლის კომპეტენცია უნდა იყოს ქვეყნის მასშტაბით შინაურ ცხოველთა პოპულაციების მართვა და კონტროლი. ცენტრალიზებული რგოლის არ არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი საკითხები პრაქტიკულად მუნიციპალიტეტების პრობლემად რჩება, რომელსაც ისინი რა თქმა უნდა სათანადოდ ვერ დაარეგულირებენ და მივიღებთ სრულ ქაოსს და უმართაობას.

GSPSA მიიჩნევს, რომ თუ კანონის პროექტი არ შემუშავდა პროფესიონალების და სპეციალისტების ჩართულობით და შემდეგ შევა ძალაში, მივიღებთ აბსოლუტურ უკონტროლო მდგომარეობას შინაურ ცხოველთა პოპულაციების მართვასთან დაკავშირებით, რაც დღევანდელი მდგომარეობითაც ისედაც საგრძნობლად მოუწესრიგებელია, უკუსვლას ცხოველთა დაცვის საკითხებში, ცხოველებისადმი სისასტიკის და არასათანადო მოპყრობის არსებული მაჩვენებლის ზრდას,  დაავადებების არეალის ზრდასა და უკონტროლობას, მოსახლეობის იმ მცირე ნაწილის უნდობლობას სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომლებიც ცხოველების გადარჩენით, მათთვის უკეთესი პირობების შექმნით არიან დაინტერესებული და სხვა არასასურველ შედეგებს. აღნიშნული კი გამოიწვევს საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის და ორგანიზაციების გულისწყრომას, უნდობლობას და პროტესტს. ბუნებრივია, რომ ამ სახით კანონის ძალაში შესვლა ასევე გამოიწვევს ბიუჯეტიდან დიდი თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე კანონის პროექტი მოითხოვს საფუძვლიან გადახედვას და მუშაობას პროფესიონალების, სპეციალისტების, ექსპერტების, იურისტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყების (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს) წარმომადგენლების ჩართულობით და აუცილებლად საჭიროებს სრულყოფილ რედაქციას საბოლოო კონდიციამდე მისაყვანად.

უნდა აღინიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ კანონის პროექტის 14 ავტორიდან (ორგანიზაციის წარმომადგენლები) 10-მა ავტორმა განცხადებით მიმართა ინიციატორ პარლამენტის წევრებს, რომ განხორციელებულიყო მათი მხრიდან კანონის პროექტის უკან გამოთხოვა შემდეგი მოტივირებით: კერძოდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის შესაბამის სამუშაო ჯგუფში არ იქნა მიწვეული ავტორებად დასახელებული ყველა ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე კანონპროექტის სამუშაო ვერსიის კორექტირება სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს შორის ხორციელდებოდა უცნობი პირების მიერ და ირღვეოდა შეთანხმებები, რაც საბოლოოდ აისახებოდა სამუშაო ჯგუფის მიერ შეჯერებული ვერსიების პროექტში გაუთვალისწინებლობით. ჩნდებოდა ისეთი ჩანაწერები კანონპროექტში, რომელზეც სამუშაო ჯგუფს არ უმსჯელია და არც რაიმეზე შეჯერებულა. ასევე მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ არ ხდებოდა სხდომის ოქმების წარმოება და არსებულ ოქმში კი (ოქმი N91) უზუსტობებია. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფდა ცხოველთა კეთილდღეობას, რის საფუძველზეც 10-მა ავტორმა (ორგანიზაციის წარმომადგენელმა) საფუძვლიანად და მოტივირებულად მოითხოვა კანონპროექტის უკან გამოთხოვა ინიციატორების მხრიდან (იხილეთ დანართი).

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ ინიციატორ პარლამენტის წევრებისგან მოტივირებულად და კატეგორიულად მოითხოვს კანონის პროექტის „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ უკან გამოთხოვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.

GSPSA-მ უკვე ამ ეტაპზე დაიწყო მუშაობა სრულფასოვანი კანონის პროექტზე, სადაც ჩართული იქნებიან სპეციალისტები, ექსპერტები, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ დონეზე.  პროექტი გადაიგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან დასკვნების და რეკომენდაციებისთვის. კანონის პროექტის შემუშავებული ვერსია დაექვემდებარება საჯარო განხილვას პარლამენტში წარდგენამდე. 

ააიპ "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" - GSPSA

პარლამენტში გადაგზავნილი წერილები და თანდართული დოკუმენტაცია:

 „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ GSPSA-ს წერილი (მიმართვა) N 109-20   18.06.2020 წ.

 „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ GSPSA-ს წერილი N 91-20    04.02.2020 წ.  პარლამენტს „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონის პროექტზე .  (რეგისტ. N 1-1819/20  04.02.2020 წ.)

დანართი N1  - „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონის პროექტის შენიშვნები GSPSA (დანართი წერილზე N 91-20    04.02.2020 წ.)

დანართი N2  - „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონის პროექტის შენიშვნები GSPSA  (დანართი წერილზე N 91-20    04.02.2020 წ.)

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წერილი N 10635  13.03.2020 წ.  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანს და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.

  ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლების, კანონის პროექტის ავტორების წერილი  პარლამენის წევრებს კანონის პროექტის გამოთხოვნის მოთხოვნით.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram