“საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” შენიშვნები კანონის პროექტის “შინაურ ბინადარ ცხოველების შესახებ” სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ, ქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად შემუშავდა კანონის პროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“.  ამ კანონის პროექტი (სამუშაო ვერსია) გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე 2022 წლის 26 ოქტომბერს:

 

საქართველოს კანონის პროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“

ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა დაგადარჩენის საზოგადოება“ GSPSA-მ 2022 წლის 17 ნოემბერს კანონის პროექტთან დაკავშირებით დოკუმენტური სახით წერილი და  შენიშვნები გაუგზავნა  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს (რეგისტრ. N 1-15071/22).

  “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” წერილი  N 22-16   17.11.2022 წ. 

 წერილზე დანართი – შენიშვნები და წინადადებები საქართველოს კანონის პროექტზე (სამუშაო ვერსია) „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ – 120 შენიშვნა -87 გვერდი.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ GSPSA-ს მიაჩნია, რომ საპარლამენტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კანონის პროექტში არსებული რეგულაციები ვერ უზრუნველყოფს მომავალში ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას და მათ დელეგირებას. კანონპროექტი  აუცილებლად საჭიროებს მნიშვნელოვან გადამუშავებას, შესაბამის კონდიციამდე მიყვანას და სრულყოფას.

კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოტოვებულია.  საერთოდ არ არის ყურადღება გამახვილებული ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის მასშტაბით შინაურ ცხოველებთან მიმართებაში რომელიმე სახელმწიფო უწყების კომპეტენცია და ვალდებულება, ცხოველის მომავალი პატრონისთვის ცხოველის აყვანის ნებართვის გაცემა, ცხოველის ჩამორთმევა პირისთვის, ცხოველის დაკარგვასა და პოვნასთან დაკავშირებული საკითხები, თავშესაფრების ლიკვიდაციის წესები  და სხვა. კანონპროექტში არის მუხლები, რომლებიც მოითხოვს ძირეულ ცვლილებებს, ვხვდებით პროფესიონალურ გადაცდომებს და უსრულობას. კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე ძირითადი მიზანი გაუგებარია. კანონპროექტში ჩაწერილი  გაუცნობიერებელი რეგულაციების შედეგად მივიღებთ ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებას, პოპულაციის უკონტროლობას და მიუსაფარი ცხოველების რაოდენობრივ მკვეთრ ზრდას, უკუსვლას ცხოველთა დაცვასთან მიმართებაში, დაავადებების გავრცელების არეალის გაფართოებას, ცხოველებისადმი სისასტიკის და არასათანადო მოპყრობის არსებული მაჩვენებლის ზრდას, მოსახლეობის იმ მცირე ნაწილის უნდობლობას სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომლებიც ცხოველების გადარჩენით და მათთვის უკეთესი პირობების შექმნით არიან დაინტერესებული. ბუნებრივია ამ სახით კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში მოხდება ბიუჯეტის დიდი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, ვინაიდან კანონში არ არის მინიშნებაც პოპულაციების კონტროლის რეალურ სრულყოფის პროცესზე.

ხაზგასმით აღსანიშნია, რომ კანონპროექტში ნახსენებიც კი არ არის სახელმწიფო ცენტრალიზებული რგოლი, სახელმწიფო უწყების (ან უწყების დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის) შესახებ, რომელიც ამ საკითხების მაკოორდინირებელი და პასუხისმგებელი იქნება, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პრაქტიკულად მუნიციპალიტეტების პრობლემად რჩება, რომელსაც ისინი რა თქმა უნდა სათანადოდ ვერ დაარეგულირებენ.

GSPSA-ს მიაჩნია, რომ  კანონპროექტი მოითხოვს საფუძვლიან გადახედვას და მუშაობას პროფესიონალების, არასამთავრობო ორგანიზაციების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით და საჭიროებს სრულყოფილ რედაქციას.

კანონპროექტის სამუშაო ვერსიაში ვერ ვხვდებით სახელმწიფო უწყების და უფლებამოსილი ორგანოს ვალდებულებას  ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებასთან თანამშრომლობაზე;  ხოლო საზოგადოების იგნორირება და ჩაურთველობა ამ მეტად რთულ საკითხში შექმნის დისკომფორტს, დაპირისპირებას და წინააღმდეგობრივ სირთულეებს. ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს  საზოგადოებასთან და ყველაზე მეტად ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან.

შესაბამისად „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“  მიიჩნევს, რომ  აღნიშნული კანონპროექტი მოითხოვს სრულყოფას. სხვა შემთხვევაში არა თუ გაუმჯობესდება ცხოველთა ყოფა და კეთილდღეობა საქართველოში, არამედ ისედაც რთული და მოუწესრიგებელი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და მივიღებთ მეტი უმართაობის პროვოცირებას.

სამწუხაროდ, წარმოდგენილი დოკუმენტი გახლავთ ნორმატიული აქტის პროექტის ძალიან უარყოფითი ვერსია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო კონვენციებთან, ხოლო ზოგიერთი მისი მუხლი არაკონსტიტუციურია. კანონპროექტი არღვევს როგორც ცხოველის საერთაშორისო წესებით დადგენილ უფლებებს, ასევე ადამიანების უფლებებს საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებაში.

საჭიროა კანონპროექტზე სამუშაოდ საერთაშორისო ორგანიზაციების, სპეციალისტების მოწვევა, ასევე მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკისა და რეკომენდაციების შესწავლა-გათვალისწინება. აუცილებელია გაიმიჯნოს კანონის მოქმედების სფერო და თითოეული მიმართულებით შემუშავდეს დეტალური წესები, დამკვიდრდეს საუკეთესო პრაქტიკა.

კანონის შემუშავებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს საქართველოში მოქმედი ცხოველთა უფლებების დამცველი პირები და ორგანიზაციები.

ამ სახითა და რედაქციით კანონპროექტი გაურკვეველია, არ არის საკმარისად დაზუსტებული და არ ემსახურება არც ადამიანების, არც შინაური კომპანიონი ცხოველების ინტერესებს.

GSPSA-ს მიაჩნია, რომ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ უნდა შეიქმნას პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, მოწვეული იქნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, რათა შემუშავდეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნის რეალობას, რაც გააუმჯობესებს ადამიანისა და ცხოველის ჰარმონიულ თანაარსებობას.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“-მ მიმართა საქართველოს პარლამენტის კომიტეტს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები,   სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დარგის პროფესიონალ-სპეციალისტები და ექსპერტები  კანონპროექტის დახვეწის, უსრულობების, გადაცდომების აღმოფხვრის და გადამუშავების მიზნით.

ამ თემასთან დაკავშირებით:

https://parliament.ge/media/news/garemos-datsvisa-da-bunebrivi-resursebis-komiteti-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb-kanonproektze-mushaobs