GSPSA

წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს

6 ნოემბერი 2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი, რომელიც წითელ ნუსხაში შეტანილი გარეული ცხოველია.

„ამოღებულია ნივთმტკიცებულებები – დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს.

რადგან დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, 50 000 ლარს შეადგენს და გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

GSPSA-ს თავმჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის კომენტარი:

"ზიანის ოდენობა სასამართლოს მიერ განისაზღვრება 50 000 ლარამდე. ე.ი. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ამ ოდენობამდე დააჯარიმებს. შეუძლია 2000 ლარითაც დააჯარიმოს. რაც შეეხება ცხოველისადმი სასტიკი ქმედების 259-ე მუხლს, რატომღაც ამ კანონთან მიმართებაში გარეულ ცხოველებს არ განიხილავენ და რატომ, თვითონაც არ იციან. დათვიც ცხოველია და გარდა გარემოსადმი მიყენებული ზიანისა, პირველ რიგში მოხდა ცხოველისადმი სისასტიკე, ანუ მისი მკვლელობა. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ გარდა გარემოსადმი მიყენებული ზიანისა, დამნაშავის მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე 259-ე მუხლის შესაბამისად.
გარემოს დაცვის სამინისტროს გარდა იმისა, რომ დაადგინა დამნაშავე და საქმე გადასცა პროკურატურას გარემოსადმი ზიანის თაობაზე მოკვლევისათვის, ამავე დროს წესით უნდა მიემართა შ.ს.ს.-სთვის სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ. ეს რა თქმა უნდა არ გააკეთა და ბუნებრივია, რომ გამოძიება 259-ე მუხლით არც დაიწყება. "

“აი, ფაქტმა” გამოითხოვა დოკუმენტები საქართველოს სასამართლოების მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხილული ნადირობის და თევზჭერის საქმეების შესახებ. გამოთხოვნილი დადგენილებებიდან და განაჩენებიდან ჩანს, რომ მოსამართლეები ბრაკონიერებს კანონის მთელი სიმკაცრით არ სჯიან.

უკანონო ნადირობისა და თევზჭერის შემთხვევაში კანონის უმკაცრესი ზომა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ორი წლით პატიმრობას და დამატებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს.

ყოველ წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების შიგნით, ასევე მის გარეთ უკანონო ნადირობისა და თევზჭერის შემთხვევები იმატებს. გარემოსდაცვით დანაშაულებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულების წარმომადგენლები ჯერ პოლიციას აწვდიან, შემდეგ საქმეები განსახილველად სასამართლოში მიდის.

სისხლის სამართლის საქმეები ყოველთვის საპროცესო შეთანხმებით მთავრდება და არც ერთი ბრაკონიერი ციხეში არ მიდის იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქართველოს კანონმდებლობით დაცულ წითელი ნუსხის სახეობის ცხოველს კლავს.

ვრცლად გაეცანით შემდეგ ბმულზე: https://www.ifact.ge/nadiroba/?fbclid=IwAR1F4GFlv20qVzDHWD4iH4-G1Z_ERV4aXvVK-GmaCsRKMGNOhaEQdxlduH0FacebookTwitterEmailGmailShare

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram