მულტიფუნქციური კომპლექსი ცხოველებისთვის – საპროექტო წინადადება

GSPSA-ს მულტიფუნქციური კომპლექსი ცხოველებისთვის

2020 წელს ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“ – GSPSA-მ  მულტიფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად  შინაური და გარეული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების და  მათი კეთილდღეობის მიზნით  შეიძინა ერთმანეთთან მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართობია 15.900 კვ,მ.
მიწის ნაკეთი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, სოფელ წილკანში.

საკუთრებაში არსებული მიწის ვიდეო:

 


მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებისა და ფუნქციონირების მიზანია
  საქართველოში  გარეულ და შინაურ ცხოველთა  დაცვის, გადარჩენის, რეაბილიტაციის პროცესების, შინაური ცხოველების პოპულაციის მართვა საერთაშორისო სტანდარტებით, საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება ამ სფეროში, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირების პროგრამების განხორციელება საერთაშორისო აპრობირებული ჰუმანური მეთოდებით,  შესაბამისი კადრებისა და სპეციალისტების მომზადება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ა.შ.

   დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ, ან შეგიძლიათ გადმოიწეროთ:

 

პროექტით განსაზღვრულია ცხოველებისთვის თავშესაფრების, საკარანტინო, ვეტერინარულ-სარეაბილიტაციო, მუდმივი ბინადრობისთვის პანსიონატის და მათი მზრუნველობისთვის აუცილებელი შენობა-ნაგებობები და სივრცეები.

GSPSA-ს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2021 წლიდან. გეგმის მიხედვით მშენებლობა იწარმოებს ეტაპობრივად, რაც პირველ რიგში მჭიდროდ არის დაკავშირებული შესაბამისი დაფინანსების მოზიდვასთან.

 

იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა ამ კომპლექის მშენებლობის დაფინანსებაში.

თქვენ შეგიძლიათ მიზნობრივად თანხა გადმორიცხოთ  ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“  ანგარიშებზე თქვენთვის სასურველი მეთოდით.

გადმორიცხვის დროს გთხოვთ მიუთითოთ მიზნობრიობა:
“GSPSA-ს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის”

შემოწირულობა

ნებისმიერ იურიდიულ/ფიზიკურ პირს, ვისაც სურვილი აქვს დაფინანსების ან სხვადასხვა ფორმით ხელშეწყობის, შეუძლია მოგვწეროს ან დაგვიკავშირდეს.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის!

ააიპ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”
+995 593 322 159       info@gspsa.org.ge

 

დეტალური ინფორმაცია:

 

GSPSA-ს მულტიფუნქციური კომპლექსი ცხოველებისთვის

მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელ წილკანში

ახალი პროექტი

საპროექტო წინადადება

 

საქართველოში ცხოველთა ყოფის სირთულეებიდან გამომდინარე ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ მიერ მრავალი წელია მიმდინარეობდა გარეული და შინაური ცხოველების მულტიფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად ფიქრი და წინასწარი შესაბამისი პროგრამების შემუშავება. ბუნებრივია, რომ ეს საკითხი საჭიროებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას და დაფინანსებას, რაც შესაძლებელია მხოლოდ უცხოეთის შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამ  მიზნის განსახორციელებლად პირველ ეტაპზე დადგა საკითხი შესაბამისი ტერიტორიის შესაძენად.

  დამატებითი ინფორმაცია: ცხოველების ყოფის შესახებ საქართველოში.

2020 წელს ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ“  გარეული და შინაური ცხოველების გადარჩენის, ვეტერინარული მომსახურების, რეაბილიტაციის, ცხოველთა შობადობის შემცირების, ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების და კეთილდღეობის მიზნით მულტიფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად შეიძინა ერთმანეთთან მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართობია 15.900 კვ,მ.

GSPSA-ს მიერ შეძენილი და საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი – ვიდეო დრონით გადაღებული:

 

მულტიფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად შეძენილი მიწის ნაკვეთები:

  1. საკადასტრო კოდი: 02.29.060  – ფართი:  5 500 კვ.მ.
  2. საკადასტრო კოდი: 02.29.059 – ფართი:  5 000 კვ.მ.
  3. საკადასტრო კოდი: 02.29.246 – ფართი:  5 400 კვ.მ.

საერთო ფართი:  15 900 კვ.მ.

(ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა შეგიძლიათ მოძებნოთ: http://maps.napr.gov.ge )

ნაკვეთები არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების,  ერთმანეთის მოსაზღვრე და მომიჯნავე.

  

ნაკვეთები მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ წილკანში, რომელიც საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 25 კმ-ის მანძილზეა.  თბილისიდან წილკანამდე მანქანით მგზავრობისთვის საჭიროა 20-25 წუთი.

ნაკვეთები მდებარეობს სოფ. წილკანში მთავარი გზიდან 700 მეტრში. მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან ნაკვეთები დაშორებულია 400 მეტრით. მთავარი გზიდან ნაკვეთებამდე არის ქვიშა და მიწის გზა.

ნაკვეთებს ჩრდილოეთით და სამხრეთით ესაზღვრება სარწყავი არხი, ხოლო გარე კონტურზე  ტირიფის ხეივანი.

ეს ადგილი აგრარული მნიშვნელობითაც საუკეთესოა. მიწა ნოყიერია და აქ მოდის უნიკალური ჯიშის აგრარული კულტურა, რაც საშუალებას იძლევა შემდგომში, რომ ცხოველების კვებისთვის გარკვეული საკვები მოვიყვანოთ.

აღსანიშნავია, რომ გრუნტში ძალიან ახლოს არის  სასმელი წყალი, დაახლოებით 6-10 მეტრის სიღრმეში. სხვა კომუნიკაციები (ბუნებრივი გაზი, ელ. ენერგია) ახლოს არის ნაკვეთებთან და მათი ნაკვეთებამდე შემოყვანა არ არის დაკავშირებული ტექნიკურ პრობლემებთან.

მულტიფუნქციური კომპლექსის  ფუქნციონირების მიზანი

საქართველოში დღემდე არ არსებობს ცხოველთა დაცვის სფეროში მოქმედი არაკომერციული (არასამთავრობო) ორგანიზაცია, რომელიც თავისი შესაძლებლობით, ტექნიკური და მატერიალური რესურსებით მაქსიმალურად სრულად უზრუნველყოფდეს ცხოველთა დაცვასა და გადარჩენასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ბუნებრივია, სურვილისა და მიზნის გარდა, ეს დაკავშირებულია მატერიალურ, ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებთან. აუცილებელია მხოლოდ მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი სრულად გამართული ტექნიკური ბაზა – კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველთა  გადარჩენის, რეაბილიტაციის პროცესებს, შინაური ცხოველების პოპულაციის მართვის პროგრამების (სტერილიზაცია, ვაქცინაცია, იდენტიფიცირება და სხვა) წარმართვას,  უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი, დასახიჩრებული, დაზიანებული ცხოველების ვეტერინარულ და ფსიქოლოგიურ მომსახურებას, რეაბილიტაციას, მათზე მზრუნველობას, გაჩუქებას, ან ბუნებრივ არეალში დაბრუნებას და სხვას.

შინაური მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა საქართველოში უაღრესად რთული და მძიმეა, ხოლო გარეული ცხოველებისთვის პრაქტიკულად არ არსებობს შესაბამისი მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილი და აუცილებელია ამ სახის მასშტაბური  მულტიფუნქციური კომპლექსის დაარსება, მისი აშენება და ფუნქციონირება. მულტიფუნქციური კომპლექსის მიზანია ასევე სპეციალისტების: კინოლოგების, ზოოფსიქოლოგების, თავშესაფრის პერსონალის (მომვლელების),  ცხოველების დამჭერი სპეციალისტების მომზადება და შესაბამისი კადრებით უზრუნველყოფა. ბუნებრივია, რომ ამ საკითხების გადაწყვეტა თავდაპირველად მინდობილი ექნებათ ძირითადად უცხოელ სპეციალისტებსა და პროფესიონალებს. მნიშვნელოვანია, რომ GSPSA-ს 2017 წლიდან აქვს მიღებული ევროკავშირის პროგრამა – EVS აკრედიტაცია და შეუძლია უმასპინძლოს უცხოელ მოხალისეებს თავშესაფარში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებისა და ფუნქციონირების მიზანია  საქართველოში  ცხოველთა დაცვის, გადარჩენის, რეაბილიტაციის პროცესების, შინაური ცხოველების პოპულაციის მართვა საერთაშორისო სტანდარტებით, საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრება ამ სფეროში, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირების პროგრამების განხორციელება საერთაშორისო აპრობირებული ჰუმანური მეთოდებით,  შესაბამისი კადრებისა და სპეციალისტების მომზადება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ა.შ.

კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის სფეროში  მოსახლეობის და უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდების  საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაბმა, სემინარების, კონფერენციების, და სხვა საჯარო ღონისძიებათა ორგანიზება.

აღნიშნული კომპლექსის დაარსება და პრაქტიკული სრულყოფა საშუალებას მოგვცემს, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ცხოველებს. კომპლექსის ძირითადი საქმიანობა იქნება შინაური მიუსაფარი  ცხოველების შობადობის შემცირება სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების გზით, ვაქცინაცია, იდენტიფიცირება, ახალი პატრონის მოძიება, ან მიკედლება და შემდგომში კონტროლი;  ადამიანის სისასტიკის, არასათანადო მოპყრობის, ძალადობის, ეკოლოგიური კატასტროფების, ავტოსაგზაო შემთხვევების და სხვა მიზეზის შედეგად ტრავმირებული, დასახიჩრებული და დაზიანებული ცხოველებისთვის ვეტერინარული და ფსიქოლოგიური დახმარება,  უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი უსუსური ცხოველების გადარჩენა და მზრუნველობა,  ცხოველთა კონსერვაცია და ადაპტაცია მათი ბუნებრივ გარემოში დაბრუნების მიზნით და სხვა.

სრულყოფილი მომსახურებისთვის აუცილებელია გამსვლელი ცხოველთა სამაშველო და ვეტერინარული ეკიპაჟების შექმნა, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი ტექნიკით და აღჭურვილობით.

კომპლექსის მომსახურებაში შევა გადასაადგილებელი მობილური ვეტერინარული კლინიკები, ვეტერინარული სასწრაფო დახმარება, ცხოველთა ტრანსპორტირებისთვის სპეც. ტექნიკა და ეკიპირება.

საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული – მულტიფუნქციური კომპლექსი ცხოველებისთვის წარმოადგენს, როგორც შინაური, ასევე გარეული ცხოველებისთვის დროებით და/ან მუდმივ ადგილსამყოფელს.

კომპლექსის ძირითადი ფუნქცია იქნება:

  • ცხოველების მიღება მათი ვეტერინარული მომსახურების და რეაბილიტაციის მიზნით;
  • შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) სტერილიზაციის/კასტრაციის/ვაქცინაციის/ იდენტიფიცირების პროგრამა და მათი გაჩუქება ან დაბრუნება პირვანდელ ბინადრობის ლოკაციაზე;
  • ტრავმირებული შინაური და გარეული ცხოველების ვეტერინარული მომსახურება და მათი რეაბილიტაცია;
  • იმ შინაური და გარეული ცხოველებისთვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან გაჩუქებას, ან ბუნებრივ არეალში დაბრუნებას, სივრცეების მოწყობა მათი მუდმივი ბინადრობის მიზნით;
  • ტრავმირებული, ხეიბარი, ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად დაშავებული, ადამიანის მხრიდან სისასტიკის, წამებისა და ძალადობის შედეგად დასახიჩრებული, დაზიანებული ცხოველების გადარჩენა, მკურნალობა, ფსიქოლოგიური დახმარება და მათზე ზრუნვა;
  • ლეკვებზე, კნუტებზე და სხვა უსუსურ ცხოველებზე მზრუნველობა, მათი გაჩუქება ან ბუნებრივ არეალში დაბრუნება;
  • დათვების, მგლების და სხვა გარეული ცხოველებისთვის შესაბამისი სივრცეების მოწყობა, მათზე მზრუნველობა და შემდგომში ადაპტაცია ბუნებრივ არეალში დასაბრუნებლად;
  • გარეული ფრინველებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მოვლა-პატრონობას, შესაბამისი სივრცის მოწყობა და მათი რეაბილიტაცია ბუნებრივ გარემოში დაბრუნების მიზნით;

მულტიფუნქციური კომპლექსის  პროექტირება,  სამშენებლო და ტექნოლოგიური ნორმები, მათი ფუნქციონირება  მოხდება   საერთაშორისო ორგანიზაცია  Association of Shelter Veterinarians (თავშესაფრების ვეტერინართა ასოციაცია) მჭიდრო ურთიერთობით, მათი კონსულტაციით და ჩართულობით.

სახელმძღვანელო :
Guidelines for Standards of Care in Animal Shelters

მითითებები და ზრუნვის სტანდარტები ცხოველთა თავშესაფრებში
https://www.sheltervet.org/shelter-guidelines

GSPSA-ს  მიერ აღნიშნული პროექტის წარმატებით რეალიზაციის და შემდგომში კომპლექსის ფუნქციონირებისთვის გეგმავს მჭიდრო ურთიერთობას უცხოეთის სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც გამოთქვამენ მხარდაჭერის, პარტნიორობის და დახმარების სურვილს.

მიზანშეწონილია, რომ კომპლექსის პროექტირების, მშენებლობის და შემდგომი ფუნქციონირების საკითხებში ჩაერთოს და კომპეტენციის ფარგლებში  მონაწილეობა მიიღოს   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და შესაბამისმა სამსახურებმა,  ასევე ადგილობრივმა (მცხეთის) მუნიციპალიტეტმა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებმა, რომლებსაც თავისი კომპეტენციის  ფარგლებში აქვთ უფლება-ვალდებულება ცხოველთა პოპულაციის მართვის და დაცვის საკითხებში.

GSPSA – ს ინიციატივით კომპლექსის საპროექტო წინადადება და დეტალური ინფორმაცია შეფასებისთვის, კონსულტაციისა და შენიშვნებისთვის შერჩევითი მეთოდით ასევე გადაეგზავნება ცხოველთა დაცვის სფეროში მოქმედ საქართველოში რეგისტრირებულ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და სპეციალისტებს.

სავარაუდოდ კომპლექსის სახელწოდება იქნება:
„GSPSA-ს  მულტიფუნქციური კომპლექსი ცხოველებისთვის“

მიწის ნაკვეთების ზონალური  დაყოფისა და შენობა-ნაგებობების ფუნქციონალური გადანაწილების სქემა

 კომპლექსის შემადგენლობაში  იქნება  ცხოველებისთვის სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები და სივრცეები:

  1. კომპლექსის ადმინისტრაციული შენობა (ადმინისტრაცია, მენეჯმენტი, ტრენინგებისა და კონფერენციების სივრცეები);
  2. პერსონალის შენობა;
  3. სასტუმრო – მოხალისეების მისაღებად დროებითი ბინადრობისთვის;
  4. ვეტერინარული კლინიკა წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული ბლოკებით;
  5. ცხოველების მიმღები განყოფილება;
  6. ძაღლებისთვის შენობები და სივრცეები (თავშესაფარი);
  7. ტრავმირებული და ხეიბარი ძაღლებისთვის შენობა და გასასეირნებელი სივრცეები;
  8. ძაღლებისთვის მუდმივი ბინადრობის სივრცე (პანსიონატი);
  9. ლეკვების და მეძუძური ძაღლებისთვის სივრცე;
  10. კატების თავშესაფარი;
  11. ფერმერული ცხოველების მუდმივი ბინადრობისთვის შენობები და სივრცე;
  12. გარეული ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის სივრცეები;
  13. საწყობი და სამეურნეო შენობა-ნაგებობა;
  14. ბიო-გამწმენდი ნაგებობა.

 

შინაური ცხოველებისთვის (ძაღლი, კატა) დროებითი, მუდმივი ბინადრობისთვის და ვეტერინარულ-სარეაბილიტაციო დანიშნულების შენობა-ნაგებობები და სივრცეები:

  • შინაური ცხოველების თავშესაფარი
  • მეძუძური ძაღლებისა და კატების თავშესაფარი
  • ლეკვებისა და კნუტებისთვის შესაბამისი სივრცეები
  • სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამისთვის ჰოსპიტალი
  • ტრავმირებული ცხოველებისთვის პანსიონატი
  • აგრესიული ცხოველებისთვის სპეციალური ბლოკი და სივრცეები
  • საკარანტინო სივრცეები (მიმღები დაკვირვებისთვის)
  • შინაური ცხოველებისთვის ტრეინინგების სივრცეები
  • მუდმივი ბინადარი ცხოველებისთვის სახლი (50-60 ცხოველზე)
  • ცხოველების დასუფთავება/დაბანვა/გრუმინგისთვის სპეციალური სივრცე
  • ცხოველების გასეირნებისთვის სივრცეები და გასართობი მოედნები შესაბამისი ატრიბუტიკით
  • და სხვა

 

გარეული ცხოველებისთვის სივრცეები (ვოლიერები და დაცული ტერიტორიები)

  • დათვებისთვის სივრცეები (ვოლიერები და დაცული ტერიტორიები)
  • მგლებისთვის, მელებისა და სხვა გარეული ცხოველებისთვის სივრცეები
  1. ფრინველებისთვის შესაბამისი გალია (ვოლიერი)
  2. დაკარგული, ჩამორთმეული, ტრავმირებული ჩლიქოსანი ცხოველებისთვის შესაბამისი სადგომები
  3. შინაური (ფერმერული ცხოველებისთვის) შესაბამისი სივრცეები

 

ვეტერინარული დანიშნულების შენობა ნაგებობები და სივრცეები:

  1. ვეტერინარული კლინიკა
  2. მიმღები
  3. თერაპიული, ქირურგიული, ინფექციური ბლოკი
  4. კვლევებისა და რენტგენოლოგიური კაბინეტი
  5. ლაბორატორია
  6. სხვადასხვა
  7. წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული სივრცეები
  8. ტრავმირებული და ხეიბარი ცხოველებისთვის შესაბამისი სივრცე და ინფრასტრუქტურა

ვეტერინარული კლინიკა უნდა აღიჭურვოს თანამედროვე სამედიცონო (ვეტერინარული) ტექნოლოგიებით.  კლინიკა უნდა მოემსახუროს, როგორც მიუსაფარ, ასევე კერძო საკუთრებაში არსებულ ცხოველებს.

კომპლექსის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა

  1. ადმინისტრაცია
  2. კანცელარია
  3. მიმღები
  4. სხვადასხვა სამსახურების სივრცეები
  5. პერსონალისთვის შესაბამისი სივრცე და გარდერობი საშხაპეებით
  6. და სხვა.

სტუმრებისთვის, მოხალისეებისთვის და სხვა პირებისთვის სივრცე

  1. სტუმრებისთვის სასტუმრო ოთახები
  2. ტრეინინგების და კონფერენციების სივრცე
  3. დასასვენებელი სივრცე
  4. სასადილო
  5. და სხვა

სამეურნეო და ტექნიკური დანიშნულების შენობა-ნაგებობები და სივრცეები

  1. სამეურნეო დანიშნულების შენობა და სივრცე
  2. სასაწყობე დანიშნულების შენობა-ნაგებობა
  3. ავტოპარკინგი და ტექნიკის სადეზიფექციო სივრცე
  4. და სხვა

 კომპლექსის არქიტექტურული სახე და ინფრასტრუქტურა

GSPSA-ს მიზანია, რომ კომპლექსის ინფრასტრუქტურა, არქიტექტურული სახე, გეგმარება და ტექნოლოგიები მოწყობილი იყოს ისე, რომ ცხოველებს შეექმნას მაქსიმალურად კარგი და სრულყოფილი პირობები.  ყურადღება გამახვილდება ჰიგიენურ ნორმებზე,  შინაური ცხოველებისთვის სათავსების ტემპერატურულ რეჟიმზე, განათებაზე და შესაბამისი საძინებელი ადგილის მოწყობაზე.  განსაზღვრულია, რომ შინაური ცხოველებისთვის საბინადრო-საძინებელი სათავსებში მოეწყოს იატაკქვეშა გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირება.  როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველებისთვის მოეწყობა საჩრდილობლები, აუზები, სათამაშო მოედნები და გასასეირნებელი სივრცეები.  პროექტის ავტორები  მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ შენობა-ნაგებობები და ტერიტორიის მცირე არქიტექტურული ელემენტებისათვის გამოყენებული იყოს ეკოლოგიური სუფთა და ბუნებრივი მასალები.

დაგეგმილია, რომ კომპლექსისთვის მოეწყოს მზის კოლექტორები ელექტრო ენერგიის და ცხელი წყლის მისაღებად. ასევე ჭაბურღილის მოწყობის საშუალებით შესაძლებელია მივიღოთ საჭირო რაოდენობის წყალი (აღნიშნულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის მიღება შესაძლებელია 6-10 მეტრის სიღრმეში).   კანალიზაციისთვის და ჩამდინარე წყლებისთვის მოეწყობა ბიო-გამწმენდი ნაგებობები. აღნიშნული ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გავთავისუფლდეთ ელ.ენერგიის, წყლის და კანალიზაციის ყოველგვარი გადასახადებისგან, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება ორგანიზაციისთვის.  ამავე დროს მაინც დაგეგმილია ელექტრო მომარაგება და ბუნებრივი გაზის შემოყვანა, რომელიც  დამატებითი რესურსებისთვის იქნება განსაზღვრული.

 კომპლექსის პროექტირება, მშენებლობა და განსაზღვრული ვადები:

კომპლექსის მშენებლობის ვადები დამოკიდებულია სრულ პროექტზე, თანხების მოზიდვასა და მშენებლობის სპეციფიკაზე. პროექტი აუცილებლად უნდა იქნას შეთანხმებული იმ საერთაშორისო (უცხოეთის) ორგანიზაციებთან, რომლებიც აპრობირებულები არიან  თავშესაფრების სპეციფიკის საკითხებში. ასევე პროექტი უნდა იქნას შეთანხმებული და რეგისტრირებული მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში, რის შემდეგაც გაიცემა მშენებლობის ნებართვა.

GSPSA-ს გადაწყვეტილებით მიზანშეწონილი და სასურველია პროექტირება და შემდეგ მშენებლობის წარმოება მოხდეს ეტაპობრივად,  პირველ რიგში სასურველია კომპლექსის შემადგენლობის დამტკიცება, ხოლო მის შემდეგ კი უნდა განისაზღვროს საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ღირებულება.  ამ ფაქტორებიდან გამომდინარე დადგინდება სამშენებლო სამუშაოების ვადები.

საორიენტაციოდ მთლიანობაში კომპლექსის საპროექტო დოკუმენტაციის პერიოდი შეადგენს 12-18 თვეს. ხოლო სრულად დაფინანსების შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდი საორიენტაციოდ შეადგენს  2  წელიწადს.

საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა:

  • საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა
  • პროექტის არქიტექტურული ნაწილი
  • პროექტის კონსტრუქციული ნაწილი
  • ელ. მომარაგება
  • წყალ მომარაგება, კანალიზაცია, გამწმენდი ბიოთერმული ნაგებობები
  • ტექნოლოგია
  • სახანძრო დაცვითი სიგნალიზაცია
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია
  • და სხვა.

საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ეტაპები და ვადები:

საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად.

  1. პირველი ეტაპზე განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 72.02.29.060  – ფართი:  5 500 კვ.მ.) ნაწილის ფართობით 3000 კვ.მ.-ის ღობის გაკეთება, კომუნიკაციების მოწყობა, 60  ძაღლისთვის მუდმივი ბინადრობის შენობისა და სივრცის დაპროექტება და მშენებლობა.  აღნიშნული ეტაპის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება განსაზღვრულია 2022 წლის დასაწყისისთვის.
  2. მეორე ეტაპზე განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 72.02.29.060  – ფართი:  5 500 კვ.მ.) ნაწილის ფართობით 2500 კვ.მ.-ის ღობის გაკეთება, კომუნიკაციების მოწყობა, გარეული ცხოველებისთვის შესაბამისი ვოლიერების და სივრცის დაპროექტება და მშენებლობა.  აღნიშნული ეტაპის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება განსაზღვრულია 2022 წლის მეორე ნახევარში.
  3. მესამე ეტაპზე განსაზღვრულია  დანარჩენი ორი ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 72.02.29.059 – ფართი:  5 000 კვ.მ. და საკადასტრო კოდი:  72.02.29.246 – ფართი:  5 400 კვ.მ.) პროექტირება და მშენებლობა. აღნიშნულ ნაკვეთებზე მოეწყობა შინაური ცხოველებისთვის შენობა-ნაგებობები და სივრცეები, ვეტერინარული კლინიკა, ადმინისტრაციული ნაგებობები, სასტუმრო და სხვა დანიშნულების ნაგებობები. ტერიტორიის კეთილმოწყობა, გზების და კომუნიკაციების მიყვანა. აღნიშნული ეტაპის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება განსაზღვრულია 2024 წლის ბოლომდე.

 პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები:

მთლიანი კომპლექსის, საპროექტო-სამშენებლო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3-4 მლნ. ამერიკულ დოლარს.  ზუსტი თანხა დაანგარიშებული იქნება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით.

საპროექტო-სახარჯთაღღიცხვო დოკუმენტაციის ღირებულება დაახლოებით შეადგენს 300-400 ათას ლარს. მათ შორის პირველი ეტაპის საპროექტო სამუშაოები შეადგენს 20-30 ათას ლარს.

ორგანიზაცია კომპლექსის ასაშენებლად თანხების მოზიდვას შეეცდება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან. გვაქვს დიდი იმედი, რომ კომპლექის ასაშენებლად სუბსიდირებაში ასევე ჩაერთვებიან ფიზიკური და იურიდიული პირები.  ბუნებრივია, რომ დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი წყარო იქნება გრანტები და შემოწირულობები. ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს უფლება ექნება ჩაერთოს ამ პროგრამაში და შეიტანოს გარკვეული წვლილი კომპლექსის აშენების საქმეში.

ფინანსური რესურსების მოზიდვა მოხდება:

  • საერთაშორისო და ადგილობრივი ფონდებიდან გრანტების სახით;
  • იურიდიული და ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების სახით;
  • მომსახურებიდან მიღებული სხვადასხვა შემოსავლებით;
  • სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლებით;
  • საწევრო შენატანებით;
  • და ყველა იმ გზით და საშუალებით, რაც არ არის აკრძალული და დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

კომპლექსში ცხოველთა ბრუნვის წინასწარი საორიენტაციო მონაცემები:

კომპლექსის მუშაობის წარმადობა, ცხოველთა ბრუნვა, ერთდროულად ცხოველთა რაოდენობრივი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პროექტზე, დასაქმებულ პირთა რაოდენობაზე, ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფაზე.

კომპლექსი გათვლილია საორიენტაციოდ ერთდროულად შემდეგი რაოდენობის ცხოველებზე:

  1. შინაური ცხოველები:
    ძაღლი: 150 -180 ერთეული;

ლეკვი:   30-50 ერთეული;
კატა:       50 ერთეული;

  1. შინაური (ფერმერული) ცხოველი:

სხვადასხვა  (ცხენი, ვირი, ღორი, თხა და ა.შ):  დაახლოებით 10 ერთეული

  1. გარეული ცხოველი:

სხვადასხვა  (დათვი, მგელი, მელა, შველი  და ა.შ):  დაახლოებით 10 ერთეული

სულ ერთდროულად ბინადარი ცხოველების რაოდენობა:
მაქსიმალური რაოდენობა:  300 ერთეული.

ცხოველთა ბრუნვის (შემოსვლა-გასვლა) საორიენტაციო მაჩვენებელი კომპლექსში:

  1. სტერილიზაცია/ვაქცინაცია/მკურნალობა/მზრუნველობა:

ერთ თვეში:  400-500 ცხოველი

წლიურად:  4800-6000 ცხოველი

  1. გადასაადგილებელი ვეტერინარული კლინიკით მომსახურება:
    ერთ თვეში: 150 – 200 ცხოველი
    წლიურად:   1800 – 2400 ცხოველი

მომსახურება, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა:

მულტიფუნქციური კომპლექსის  პროექტირება,  სამშენებლო და ტექნოლოგიური ნორმები, მათი ფუნქციონირება  მოხდება   საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სპეციალისტებსა და პროფესიონალებთან აქტიური თანამშრომლობით. GSPSA-ს მიაჩნია, რომ კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებისთვის მიზანშეწონილია კომპლექსის გარკვეულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოწვეული იქნას უცხოელი სპეციალისტები, ვისაც აქვს გამოცდილება ანალოგიური სპეციფიკის ობიექტის მართვაში. ორგანიზაცია ძირითადად იხელმძღვანელებს საერთაშორისო ორგანიზაცია  Association of Shelter Veterinarians (თავშესაფრების ვეტერინართა ასოციაცია) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოთი: Guidelines for Standards of Care in Animal Shelters  (მითითებები და ზრუნვის სტანდარტები ცხოველთა თავშესაფრებში)

ქვედანაყოფში თანამშრომელთა საშტატო ერთეულების რაოდენობა დადგინდება ორგანიზაციის მიერ, რაც დამოკიდებულია ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე.

კომპლექსის ფუნქციონირებას, შესაბამისად თვიური და წლიური ხარჯები დამოკიდებული იქნება ბევრ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორზე, ქვეყნის კანონმდებლობასა და ტექნიკურ რესურსებზე.  სავარაუდოდ მთლიანი დატვირთვის შემთხვევაში კომპლექსს მოემსახურება 25-30 თანამშრომელი. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება მოხალისეების მოზიდვასა და დაინტერესებაზე.

იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა ამ კომპლექის მშენებლობის დაფინანსებაში.

თქვენ შეგიძლიათ მიზნობრივად თანხა გადმორიცხოთ  ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“  ანგარიშებზე თქვენთვის სასურველი მეთოდით.

გადმორიცხვის დროს გთხოვთ მიუთითოთ მიზნობრიობა:
“GSPSA-ს მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის”

შემოწირულობა

 

GSPSA – საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება 

www.gspsa.org.ge

+995 557 923 910         +995 593 322 159
info@gspsa.org.ge

მისამართი:
ცენტრალური ოფისი:   საქართველო, თბილისი, ნუცუბიძის ფერდობი  მე-2 მ/რ-ნი, I კვარტალი, კორპ. №3ა
საფოსტო ინდექსი: 0183