GSPSA-ს მიერ დაარსდა “ცხოველების სოფელი – რიჩი”

2022 წლის 5 ივნისიდან ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA-ს მიერ შეიქმნა და დაფუძნდა შინაური და გარეული ცხოველებისთვის დაცული საბინადრო ტერიტორია, რომლის სახელწოდებაა  ცხოველების სოფელი  „რიჩი“ / RICHI Animal Village/.

სოფლის მთავარი მისიაა შინაური (კომპანიონი და ფერმერული) და გარეული ცხოველებისთვის შესაბამისი საბინადრო პირობების შექმნა, მათი დაცვა, რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა.

შემოწირულობა

2020-2021 წლებში ორგანიზაციამ ამ მიზნით შეიძინა მიწის ნაკეთები (მცხეთა, სოფ. წილკანი), რომელთა საერთო ფართობი ორ ჰექტარამდეა.

ცხოველების სოფლები მსოფლიოში ბევრი არ არის, მაგრამ რამოდენიმე არსებობს. ის არ წარმოადგენს თავშესაფარს. პრაქტიკულად ეს მართლა სოფელია (შემოსაზღვრული ტერიტორია), სადაც ცხოველები ბინადრობენ, აქვთ თავიანთი ნაკვეთები, სახლები და ყველა პირობა, რაც აუცილებელია კონკრეტული სახეობის ცხოველისთვის. ბუნებრივია, რომ ცხოველები გარანტირებულები არიან კვებით, ვეტერინარული მომსახურებით და ჰიგიენური პირობებით. მათ გაცილებით უკეთესი გარემო აქვთ თავშესაფართან შედარებით. ცხოველების სოფელში ბინადარი ცხოველი ითვლება ორგანიზაციის მფლობელობაში (ან მიკედლებულის სტატუსით) და იგი რეგისტრირებულია ორგანიზაციის რეესტრში.  სოფელში ცხოველი დაცულია, არ ემუქრება ქუჩაში დაბრუნება და ევთანაზია.

 

ამ ეტაპზე ათვისებულია ცხოველების სოფლის ტერიტორიის დაახლოებით 20%, სადაც განთავსებულია ძაღლებისთვის საბინადრო ნაკვეთები, გასასეირნებელი და გასართობი სივრცეები. სოფელში 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით  ბინადრობს 70 ძაღლი და 2 კატა. სოფელში ძაღლების გარკვეული რაოდენობა სხვადასხვა ტრავმების და დაზიანებების გამო მიღებულია მიმდებარე ტერიტორიებიდან, ხოლო 50 ძაღლი გადმოყვანილია GSPSA-ს ყოფილი თავშესაფრიდან (თბილისიდან – ტრავმირებული ძაღლების სახლი).

სოფელში ბინადარი ცხოველი შესაძლებელია გაჩუქდეს, მხოლოდ იმ პირობით და გარანტიით, თუ მომავალი პატრონი ცხოველისთვის შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს.

სოფელში ბინადარ ცხოველებზე გრძელდება GSPSA-ს პროგრამა: „დისტანციური პატრონაჟის პროგრამა“, რაც მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს სოფელში ბინადარი ცხოველებისთვის.
https://gspsa.org.ge/guardian-distance-program/

GSPSA მადლობას უხდის იმ ადამიანებს და კომპანიებს, ვინც მხარში უდგას ორგანიზაციას ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის მიზნით და ვინც გვეხმარება სხვადასხვა სახით.

ყველას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა სოფლის განვითარებისთვის, დაგვეხმაროს ამ სოფელში ბინადარი ცხოველებისთვის მათი კეთილდღეობის მიზნით.

ცხოველების სოფლის ბინადრებისთვის მოქმედებს საქველმოქმედო დახმარების პროგრამები.  ამ მიზნით ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს სხვადასხვა სახით დაეხმაროს ორგანიზაციას ცხოველების სოფლის განვითარებისთვის და ცხოველებისთვის.

დახმარების სახეები:

  1. ფინანსური დახმარება
  2. მატერიალური (საგნობრივი და ნივთობრივი დახმარება)
  3. ცხოველების საკვებით დახმარება
  4. ფიზიკური დახმარება (მოხალისეობრივი სტატუსით)
  5. ინტელექტუალური დახმარება (მოხალისეობრივი სტატუსით)
  6. და სხვა სახის დახმარება, რისი სურვილიც გააჩნია ქველმოქმედ პირს.

დახმარების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა ან დაგვიკავშირდეთ:
https://gspsa.org.ge/your-assistance/

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე

https://gspsa.org.ge/donate/

შემოწირულობა

მომავალში ცხოველების სოფელში პროგრამით განსაზღვრულია:

 

  • სოფელში ბინადარი ცხოველებისთვის სივრცეების გაზრდა და მატება (ნაკვეთები და სახლები);
  • შინაური ცხოველების თავშესაფარი;
  • ვეტერინარული კლინიკა;
  • ცხოველების სასტუმრო;
  • ლეკვებისა და კნუტებისთვის შესაბამისი სივრცეები
  • სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამისთვის ჰოსპიტალი
  • ტრავმირებული ცხოველებისთვის პანსიონატი
  • აგრესიული ცხოველებისთვის სპეციალური ბლოკი და სივრცეები
  • საკარანტინო სივრცეები (მიმღები დაკვირვებისთვის)
  • შინაური ცხოველებისთვის ტრეინინგების სივრცეები
  • შინაური ფერმერული ცხოველებისთვის სივრცე
  • გარეული ცხოველებისთვის სივრცე
  • ცხოველების გასეირნებისთვის სივრცეები და გასართობი მოედნები შესაბამისი ატრიბუტიკით
  • და სხვა