I. ტერმინები
პატრონი - ფიზიკური პირი, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციით წარმოადგენს ძაღლის პატრონს და მიმართავს ორგანიზაციას ძაღლის სასტუმროში დროებითი ბინადრობის მოთხოვნით. მოთხოვნა შესაძლებელია წარმოადგინოს ცხოველის პატრონის ნდობით აღჭურვილმა პირმა - პატრონის წარმომადგენელმა, რაზედაც უნდა არსებობდეს შესაბამისი დოკუმენტი.
სასტუმრო - ააიპ "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" - GSPSA მფლობელობაში არსებული ობიექტი, სადაც ორგანიზაციის წესის თანახმად ხდება პატრონიანი ცხოველების დროებითი მიღება-დაბინავება და მომსახურება შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე.
II. მიღების პირობები
- სასტუმროში მიიღებიან მხოლოდ ის ძაღლები რომლებიც მიჩვეულები არიან ბუნებრივ ღია სივრცეში ცხოვრებას და ბინადრობას;
- სასტუმროში არ მიიღება დეკორატიული ან სხვა ჯიშის პატარა ტანის ძაღლები, რომლებიც მიჩვეულები არიან მხოლოდ სახლის (ბინის) პირობებში ბინადრობას;
- სასტუმროში მიიღებიან მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადებები, ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემები, რომელსაც სჭირდება ვეტერინარული ზედამხედველობა.
- ძაღლი აუცილებლად უნდა იყოს ვაქცინირებული და იდენტიფიცირებული;
- სასტუმროში ძაღლის დატოვების მსურველმა (მფლობელმა, პატრონმა ან მისმა წარმომადგენელმა) უნდა შეავსოს სასტუმროში ძაღლის მიღების განაცხადის ფორმა
- ძაღლის სასტუმროში მიღება წყდება სასტუმროს ხელმძღვანელობის ოფიციალური თანხმობის შემთხვევაში;
- ძაღლის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასტუმრო არ არის ვალდებული პატრონს განუმარტოს უარის მიზეზი;
III. ვადები
- სასტუმროში ძაღლის ბინადრობის ხანგრძლივობა:
- პირველადი (ახალი) სტუმრისთვის არა ნაკლებ 7 დღე;
- განმეორებითი სტუმრისთვის ნებისმიერი პერიოდით;
- სასტუმროში ძაღლის ბინადრობის მაქსიმალური პერიოდი არ არის შეზღუდული;
IV. სასტუმროს ვალდებულებები
სასტუმროს ვალდებულება ცხოველის ბინადრობის პერიოდში:
- ძაღლის ბინადრობა დღე-ღამის პერიოდში;
- ზრუნვა ძაღლის უსაფრთხოებაზე;
- ტერიტორიიის და სახლის ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- ძაღლს საკვებითა და წყლით უზრუნველყოფა შეთანხმებული ინსტრუქციის მიხედვით;
- პერიოდულად პატრონისათვის ინფორმაცისა და ფოტო-ვიდეო მასალის მიწოდება დატოვებული ძაღლის შესახებ;
პატრონის სურვილისა და ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში, მოსახურების პერიოდში სასტუმრო ვალდებულია:
- იურთიეროს ძაღლთან, გაართოს, ეთამაშოს;
- გაასუფთაოს და დავარცხნოს ძაღლი;
- ჩაუტაროს დეჰელმეტიზაცია (პატრონის მიერ მოწოდებული პრეპარატით);
- დაამუშაოს ძაღლი ანტიპარაზიტული პრეპარატით (პატრონის მიერ მოწოდებული პრეპარატით);
მომსახურებაში არ შედის:
- ვეტერინარული მომსახურება;
- პოსტოპერაციული ზრუნვა;
- გრუმინგი;
- და სხვა მომსახურება, რომელიც არ შედის სასტუმროს საქმიანობის ან ვალდებულებების ჩამონათვალში;
V. პატრონის უფლება-ვალდებულებები
- პატრონი ვალდებულია ძაღლის დატოვებისას სასტუმროს მიაწოდოს ძაღლის საკვები (დატოვების სრული პერიოდის სამყოფი). თუ დატოვების პერიოდი მეტია ვიდრე ერთი თვე, მაშინ მინიმუმ ერთი თვის სამყოფი საკვებით უნდა უზრუნველყოს ყოველ თვე;
- პატრონი ვალდებულია ძაღლის დატოვებისას შეავსოს ფორმა, რომელშიც აღწერს ძაღლის კვებასთან დაკავშირებულ დეტალებს, როგორიცაა - კვების რაციონი, დრო და სხვა;
- ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საეჭვოდ დადგენისას, დაავადების გამოვლენის, სტრესული მდგომარეობის (თუ ძაღლი ვერ ეგუება ახალ გარემოს), ამძუების, ან სხვა ობიექტური გარემოებების გამო, როდესაც ცხოველის ან სხვა მიზეზით მიზანშეუწონელია მისი სასტუმროში ბინადრობა, ძაღლის პატრონი ვალდებულია სასტუმროს ხელმძღვანელობის შეტყობინებისთანავე დაუყონებლივ გაიყვანოს ცხოველი სასტუმროდან;
- პატრონი ვალდებულია ბინადრობის ვადის ამოწურვის დღეს დაიბრუნოს მისი ძაღლი;
- ძაღლის სასტუმროში ბინადრობის ვადის გასვლის შემდგომ თუ პატრონი ძაღლს არ გაიყვანს, პატრონს ეკისრება პირგასამტეხლო ორგანიზაციის წინაშე 5000 ლარის ოდენობით და ძაღლი ჩაითვლება პატრონისგან მიტოვებულად. ამ შემთხვევაში სასტუმრო იტოვებს უფლებას სოციალური ქსელით გაავრცელოს ინფორმაცია პატრონის პირადი მონაცემების მითითებით და ფაქტის შესახებ, შეიყვანოს პატრონის მონაცემები “შავ სია”-ში, ხოლო მიტოვებული ცხოველი გადაიყვანოს მუნიციპალურ თავშესაფარში. აღნიშნული ფაქტი განიხილება საქართველოს კანონთან მიმართებაში, როგორც პატრონის მხრიდან ცხოველის მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა და არასათანადო ქმედება (საკუთრებაში მყოფი ცხოველის მიტოვება). პატრონს უფლება რჩება გაიყვანოს ცხოველი, მაგრამ მან უნდა გადაიხადოს მიტოვების პერიოდში გაწეული მომსახურების თანხა.
VI. პროცედურა
სასტუმროში ძაღლის დატოვების მსურველმა პირმა უნდა გაიაროს შემდეგი საფეხურები:
- უნდა გაეცნოს სასტუმროს წესებს და პირობებს (ამ დოკუმენტს);
- უნდა შეავსოს ძაღლის სასტუმროში მიღებისთვის განაცხადის ფორმა, რის შემდეგ მას დაუკავშირდება სასტუმროს მენეჯერი.
- პატრონმა (ან მისმა წარმომადგენელმა) წინასწარ ადგილზე უნდა დაათვალიეროს სასტუმრო, გაეცნოს მენეჯმენტს, რის შემდეგაც მიიღოს (ან არ მიიღოს) გადაწყვეტილება თავისი ძაღლის სასტუმროში დროებით ბინადრობის თაობაზე;
- პატრონს და ძაღლს უნდა გაეცნოს სასტუმროს წარმომადგენელი;
- სასტუმროში ძაღლის შემოყვანამდე ორი დღით ადრე ძაღლის პატრონმა (ან მისმა წარმომადგენელმა) ორგანიზაციას უნდა წარმოუდგინოს (გადაუგზავნოს ელექტრონული წესით) შემდეგი დოკუმენტაცია:
- ვეტერინარული პასპორტი;
- ძაღლის სარეგისტრაციო მოწმობა (მისი არსებობის შემთხვევაში);
- ცნობა ვეტერინარული კლინიკიდან ძაღლის ჯანმრთელობის შესახებ. (ძაღლის პატრონი ვალდებულია სასტუმროში ძაღლის შემოყვანამდე ძაღლი შეამოწმოს ვეტერინარულ კლინიკაში სხვადასხვა ინფექციური დაავადების მიმართებაში (სავალდებულოა ტესტი ჭირზე. სასურველია ტესტი: ლეიშნანიოზზე, ერლიხიოზზე, და სისხლის საერთო ანალიზი);
- სასტუმროს მხრიდან ძაღლის მიღების გადაწყვეტილების შემთხვევაში ძაღლის მფლობელმა წინასწარ სრულად უნდა გადარიცხოს თანხა სასტუმროს მიერ გამოწერილი ინვოისის თანახმად;
- ტრანსპორტირება მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
- ძაღლის სასტუმროში დატოვების პერიოდის ხანგრძლივობის გაზრდის შემთხვევაში პატრონმა უნდა მიმართოს სასტუმროს ხუთი დღით ადრე;