GSPSA
 

ცხოველების სოფელი "რიჩი"

 

2022 წელს ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ – GSPSA-ს მიერ შეიქმნა და დაფუძნდა ცხოველებისთვის დაცული საბინადრო ტერიტორია. ტერიტორიის ფართი 2 ჰექტარამდეა და მესაკუთრე ორგანიზაციის ინიციატივით მას ეწოდა:  ცხოველების სოფელი  „რიჩი“ / RICHI Animal Village/.

სოფლის დაფუძნების და შექმნის მთავარი მიზანია შინაური (კომპანიონი და ფერმერული) და გარეული ცხოველებისთვის შესაბამისი საბინადრო პირობების შექმნა, მათი დაცვა, გადარჩენა, ვეტერინარული მომსახურება, რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა, გაჩუქება, ბუნებრივ არეალში დაბრუნება.

ცხოველების სოფლის იდეა 20 წლის წინ, 2002 წელს დაიბადა. მაშინ, როცა ამჟამინდელ GSPSA-ს დამფუძნებელს თეიმურაზ წიქორიძეს ჰყავდა ძაღლი სახელად „რიჩი“ და ის სულ ახალგაზრდა დაიღუპა. თეიმურაზმა გადაწყვიტა, რომ გასაჭირში მყოფი უპატრონო ცხოველებისთვის აეშენებინა სოფელი და დაერქვა სახელი „რიჩი“. ამ ჰუმანური იდეის გაანხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მოხდა, როდესაც  GSPSA-ს წევრმა, ქალბატონმა სანდრა ჯონსონმა მიიღო გადაწყვეტილება ამ იდეის რეალიზაციის თაობაზე. თეიმურაზის, სანდრას და ორგანიზაციის გუნდის სხვა წევრების ხელშეწყობით, მათი დაუღალავი შრომით და თავდადებით პროექტის განხორციელება დაიწყო და იგი გრძელდება. უკვე არსებობს ცხოველების სოფელი „რიჩი“, სადაც ამ ეტაპზე 100-მდე ძაღლი გახდა ამ სოფლის ბინადარი.

ამ სოფლის ინფრასტრუქტურა განსხვავებულია თავშესაფრებისგან. ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული და დაცული ტერიტორია, სადაც ცხოველები თავისუფლად და ბედნიერად ცხოვრობენ.

ჩვენი ხედვა

ჩვენ გვწამს, რომ ყველა ცხოველი იმსახურებს მეორე შანსს ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრებისათვის. ჩვენ ვცდილობთ უპატრონო ცხოველებს შევუქმნათ  დაცული ტერიტორია ცხოველების სოფლის სახით, სადაც ისინი იქნებიან ბედნიერები,   ჯანმრთელები და  ექნებათ საკუთარი სახლები. ხოლო ჩვენი სახით ეყოლებათ პატრონები და მათ ვერავინ ვერ დაჩაგრავს, ვერ გააგდებს, ვერ დააზიანებს, ვერ მიატოვებს, ვერ აწამებს და ვერ მოკლავს.

რას ნიშნავს ცხოველების სოფელი?

ცხოველების სოფელი „რიჩი“ წარმოადგენს GSPSA-ს საკუთრებაში არსებულ დაცულ ტერიტორიას,  სადაც ცხოველები ბინადრობენ, აქვთ თავიანთი ნაკვეთები, სახლები და ყველა პირობა, რაც აუცილებელია კონკრეტული სახეობის ცხოველისთვის. ცხოველები გარანტირებულები არიან კვებით, ვეტერინარული მომსახურებით, ჰიგიენური პირობებით და შესაბამისი საბინადრო პირობებით. მათ გაცილებით უკეთესი გარემო აქვთ თავშესაფრებთან შედარებით. ისინი ერთად ცხოვრობენ, ერთობიან, თამაშობენ. ცხოველების სოფელში ბინადარი ცხოველი არის  GSPSA-ს მფლობელობაში (ან მიკედლებულის სტატუსით) და იგი რეგისტრირებულია ორგანიზაციის რეესტრში. 

თავშესაფრისგან განსხვავებით, ცხოველების სოფელი უზრუნველყოფს შინაური ცხოველების მუდმივ სახლს, ტერიტორიას და შესაბამის გარემოს, მათ ზრუნვას და კეთილდღეობას, რომელიც მათ სიცოცხლის ბოლომდე სჭირდებათ.

ცხოველების სოფელში ბინადარი ცხოველებისთვის მიმდინარეობს „დისტანციური პატრონაჟის პროგრამა“. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ცხოველების სოფელ „რიჩი“-ში ბინადარი ცხოველის პატრონი. ამ შემთხვევაში თქვენი ძაღლი ბინადრობს ცხოველების სოფელში, ხოლო თქვენ დისტანციურად მზრუნველობთ მასზე.

სრული ინფორმაცია: დისტანციური პატრონაჟის პროგრამა

ამ პროგრამის საშუალებით კიდევ უფრო ბედნიერები არიან ჩვენი სოფლის ბინადარი ძაღლები.

ცხოველების სოფლის ინფრასტრუქტურა

ლამაზ და მიმზიდველ ტერიტორიაზე მდებარე ცხოველების სოფელი „რიჩი“ გარშემორტყმულია  ხეებით და ნაკადულებით, დასახლებული პუნქტიდან დაშორებულია, რაც უზრუნველყოფს მშვიდ გარემოს ჩვენი ბეწვიანი ბინადრებისთვის. ამჟამად სოფლის მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 25%-ია კეთილმოწყობილი, სადაც განთავსებულია ჩვენი ძაღლებისთვის საგულდაგულოდ შექმნილი საცხოვრებელი და გასართობი სივრცეები, სახლები და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

ჩვენი ძაღლების საცხოვრებელი სივრცეები შექმნილია მაქსიმალური ზრუნვით და ყურადღებით. თითოეული ტერიტორია ერთმანითისგან იზოლირებულია მავთულბადის ღობით. ნაკვეთებში განთავსებულია საჩრდილობლები,  თბილი და კომფორტული ხის სახლი ყველა ძაღლისთვის. სოფელში გამოყოფილი სასეირნო და გასართობი ღია სივრცეები საშუალებას აძლევენ ძაღლებს ერთად ურთიერთობის, თამაშის, გართობის და სეირნობის დღის და ღამის ნებისმიერ პერიოდში.

როგორ ხვდებიან ძაღლები ცხოველების სოფელში

ცხოველების სოფელში მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ მხოლოდ უპატრონო (მიუსაფარ) ცხოველებს, რომლებმაც განიცადეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმა, დაზიანდნენ ან დასახიჩრდნენ და შემდგომში მათი ცხოვრება ქუჩაში შეუთავსებელი, შეუძლებელია და დამღუპველია.

სოფელში შემოსული ძაღლების უმეტესობა მძიმე ტრავმებითა და დაზიანებებით მიუსაფარი ძაღლებია, რომლებსაც უკიდურესად ესაჭიროებათ მოვლა-პატრონობა და უსაფრთხო გარემო. ტრავმირებულ და დაზიანებულ ცხოველს თავდაპირველად იფარებს და მფარველობს GSPSA-ს წევრი მოხალისე. შესაბამისი მკურნალობის, რეაბილიტაციის და გამოჯანმრთელების შემდეგ, ძაღლები, რომლებიც ვერ დაბრუნდებიან თავდაპირველ ადგილას, მიიღებიან ცხოველების სოფელში და ენიჭებათ მუდმივი ბინადრის სტატუსი. 

ცხოველების სოფლის პირველი ბინადრები გახდნენ GSPSA-ს თბილისის ყოფილი ტრავმირებული ცხოველების თავშესაფრის ძაღლები, რომელიც 2021 წელს გაუქმდა და ყველა ცხოველი (50 ძაღლი) გადმოყვანილი იქნა ცხოველების სოფელ „რიჩი“-ში.

2023 წლის მონაცემებით სოფელში უკვე 100-მდე ძაღლი ბინადრობს. მათი უმრავლესობა  ტრავმირებული და დაზიანებული ძაღლებია, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი ვეტერინარული მომსახურება  და მართალია, ზოგს ფეხი არ აქვს, ზოგიც ხეიბარია, მაგრამ ისინი ამჟამად ბედნიერად ცხოვრობენ სოფელში.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვუზრუნველყოთ უსაფრთხო და მშვიდი გარემო სოფელში ბინადარი ძაღლებისთვის, რათა დარჩენილი ცხოვრება ბედნიერად გაატარონ.

ცხოვრების ხარისხი

ჩვენ ვამაყოფთ, რომ აქ Richi Animal Village-ში ჩვენი ოთხფეხა მეგობრები განიცდიან ცხოვრების მაღალ ხარისხს. მიმზიდველ ბუნებრივ სივრცეებზე წვდომით, სათანადო ზრუნვით, ხარისხიანი საკვებით და თბილი სახლებით, ჩვენი ბეწვიანი მეგობრები ბედნიერნი და კმაყოფილნი არიან. ჩვენი გუნდი დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ ამ ძაღლებმა მიიღონ მაქსიმალური ზრუნვა, ყურადღება და სიყვარული, რომელსაც ისინი იმსახურებენ, დაივიწყონ და წარსულს ჩააბარონ ის განვლილი მძიმე და რთული ცხოვრების ეპიზოდები, რაც მათ გამოიარეს. სინამდვილეში, ისინი დღეს ალბათ უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ბევრი პატრონიანი ძაღლი!

სოფელში ბინადარი ყველა ცხოველი იდენტიფიცირებულია, მათ მოყვანისთანავე უტარდებათ გამრავლების საწინააღმდეგო შესაბამისი ვეტერინარული მომსახურება. დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ჩვენი ძაღლი ვაქცინირებული და სტერილიზებულია მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი თავდადებული გუნდი

ჩვენი ცხოველების მოვლა და კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, ჩვენ ამჟამად გვყავს მცირე გუნდი მხოლოდ, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ყოველდღიურად. ჩვენ მადლობელი ვართ მათი ერთგულებისა და შრომისმოყვარეობისთვის, მაგრამ საჭიროება მოითხოვს მეტი თანამშრომლის ჩართულობას, ვინაიდან სოფელში ბინადარი ცხოველების რიცხვი იზრდება. სასიკეთო იუქნება, თუ ცხოველების სოფელში მოხალისეებისგან შემდგარი გუნდი დაიწყებს დახმარებას.

GSPSA-ს თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე გადამწყვეტ როლს ასრულებს სოფლის მართვასა და ცხოველების მოვლა-პატრონობისა და კონტროლის საქმეში. თეიმურაზი პირადად უანგაროდ ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს  და დიდ დროს უთმობს ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ის დაუღალავად მუშაობს, ყოველდღიურად შაბათ-კვირისა და სხვა უქმე დღეების ჩათვლით, წელიწადში 365 დღე. თეიმურაზი არა მხოლოდ მართავს ცხოველების სოფელს და პირადად ზრუნავს ცხოველებზე, არამედ ის არის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, მუშაობს  საკანონმდებლო ცვლილებებზე, აწყობს ცხოველთა დაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ატარებს GSPSA-ს წევრების შეხვედრებს. მისი ურყევი გარანტირებული პირობაა ცხოველების კეთილდღეობისთვის და უსაფრთხოებისთვის. თეიმურაზის გვერდზე დგანან GSPSA-ს გუნდის წევრები და ჩვენი ქართველი და უცხოელი მეგობრები.

ჩვენი მიზნები

მომავალში, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები Richi Animal Village-ის განვითარებისთვის. ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაფართოვოთ ჩვენი ობიექტები, რათა მოიცავდეს დამატებით სივრცეებს ცხოველებისთვის. პერსპექტიულ გეგმაშია ვეტერინარული კლინიკის, თავშესაფრის, საკარანტინე და პოსტოპერაციული სივრცეების, ხეიბარი ძაღლების პანსიონატის და სხვა აუციულებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობა და ფუნქციონირება. ეს საშუალებას მოგვცემს გავწიოთ ზრუნვა და მხარდაჭერა უფრო მეტი ცხოველისთვის.

ფინანსური უზრუნველყოფა

ცხოველების სოფელი შეიქმნა და მასში ფინანსები დაიხარჯა მხოლოდ GSPSA-ს წევრების და მათი მეგობრების მხრიდან, რომელიც მხოლოდ შემოწირულობის ფორმით არის. მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და მიმდინარე ყოველწლიური ხარჯები მხოლოდ ორგანიზაციის წევრების და მეგობრების მიერ არის წახალისებული.  ამ ჰუმანურ და კეთილ საქმიანობაში ორგანიზაციას სახელმწიფოს მხრიდან თავისი ისტორიის მანძილხზე არავითარი დაფინანსება არ მიუღია, ალბათ პირიქით, ორგანიზაცია კანონის ფარგლებში აწარმოებს საფინანსო-ეკონომიურ საქმიანობას და ათიათასობის ლარი აქვს გადახდილი ქვეყნის ბიუჯეტში.

ჩვენი მთავარი მიზანი ამჟამად არის ფინანსური შემოსავლის სტაბილიზაცია, რათა დავფაროთ ორგანიზაციისთვის და ცხოველთა სოფლისთვის საჭირო ძირითადი ხარჯები. ჩვენი ორგანიზაცია ეყრდნობა მხოლოდ შემოწირულობებს, რომლებიც ამჟამად, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ნიშნულზეა.

როგორ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ

ცხოველების სოფლის ბინადრებისთვის მოქმედებს საქველმოქმედო დახმარების პროგრამები.  ამ მიზნით ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს სხვადასხვა სახით დაეხმაროს ორგანიზაციას და მონაწილეობა მიიღოს ცხოველების სოფლის განვითარებაში.

დახმარების სახეები:

  • ფინანსური დახმარება
  • მატერიალური (საგნობრივი და ნივთობრივი დახმარება)
  • ცხოველების საკვებით დახმარება
  • ფიზიკური დახმარება (მოხალისეობრივი სტატუსით)
  • ინტელექტუალური დახმარება (მოხალისეობრივი სტატუსით)
  • და სხვა სახის დახმარება, რისი სურვილიც გააჩნია ქველმოქმედ პირს.

დახმარების მიზნით თანხა შეგიძლიათ გადმორიცხოთ ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე

თუ გატაცებული ხართ ცხოველთა კეთილდღეობით და გსურთ ცვლილებების შეტანა, არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ:

შემოწირულობა
  • განიხილეთ ფინანსური შემოწირულობის გაწევა ჩვენი მუდმივი ძალისხმევის მხარდასაჭერად;
  • იფიქრეთ გახდეთ ცხოველების სოფელში ბინადარი რომელიმე ძაღლის დისტანციური პატრონი;
  • იშვილეთ ცხოველი და მიეცით მათ სამუდამოდ სახლი;
  • გახდით მოხალისე და ორგანიზაციას დაეხმარეთ ცხოველების კეთილდღეობის საქმეში.

ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი სამყარო ცხოველებისთვის!

ცხოველების ადგილსამყოფელი

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram