GSPSA

GSPSA მურა დათვების გადარჩენასთან დაკავშირებით

30 სექტემბერი 2015

ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს წითელ წიგნში შეყვანილი მურა დათვების მდგომარეობა. რესტორნებში, ეკლესიებსა და კერძო პირებთან დატყვევებულია რამდენიმე ათეული დათვი. სამწუხაროდ, ბოლო წლების მანძილზე იმატა დათვის ბელების უკანონო დატყვევების ფაქტებმა. ბელების გადაცემასა და ჩუქებას კი ახორციელებენ ბრაკონიერები, რომლებიც ბელის მშობლებს - ზრდასრულ დათვებს ხოცავენ, ხოლო ბელებს იტაცებენ.

საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებია როგორც შინაურ, ასევე გარეულ ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხებში. კანონთა არარსებობისა და არასრულყოფილების გამო გამეფებულია ცხოველისადმი სისასტიკე. საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და სხვა აქტებს. გადაშენების პირასაა საქართველოს გარეულ ცხოველთა ბევრი სახეობა, მათ შორის წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველები. საქართველოში უკვე დავკარგეთ ცხოველთა ისეთი სახეობები, როგორიცაა ქართული დომბა, ჯეირანი და სხვა. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობისა, საქართველოში დღემდე ვერ გადაწყდა გარეული ცხოველებისათვის შესაბამისი სახელმწიფო ნაკრძალების დაარსების საკითხი. ნადირობის შესახებ ლიბერალური კანონმდებლობის გამო გამეფებულია ბრაკონიერობა და ვერ ხერხდება ცხოველთა პოპულაციების სრული კონტროლი.

მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და მისი დატყვევება აკრძალულია და ისჯება კანონით.

საქართველოში მურა დათვებს მასობრივად ხოცავენ და ატყვევებენ. 2013 წლის მონაცემებით ორმოცდაათამდე დათვი იმყოფებოდა უკანონო ტყვეობაში ეკლესია-მონასტრების, რესტორნებისა და კერძო ტერიტორიებზე. გართობის მიზნით ბელებს დედას უკლავენ და მათ ამწყვდევენ ვოლიერებში, სადაც გაუსაძლის პირობებში ატყვევებენ, რაც ხშირ შემთხვევაში ცხოველის სიკვდილით მთავრდება.

თბილისში კერძო პირის თავშესაფარში ბოლო ორი წლის განმავლობაში შეფარებული იქნა 10 დათვი. ეს დათვები უკანონო ტყვეობიდან ჩამოერთვათ სხვადასხვა პირებს. 2015 წლის ივლისის წყალდიდობის შედეგად ათივე დათვი დაიხრჩო. ამავე წყალდიდობის შედეგად თბილისის ზოოპარკის 13 დათვიდან დაიღუპა 10.

დატყვევებულ დათვების თაობაზე GSPSA მუდმივად იღებს შეტყობინებებს, რასაც მიღებისთანავე აწვდის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტა რთულდება, ვინაიდან არ არსებობს ჩამორთმეული დათვების განთავსების ადგილი - შესაბამისი თავშესაფარი (ნაკრძალი).

ამავე დროს თითქმის ყოველწლიურად ფორმდება ხელშეკრულებები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და რაიონის გამგეობებს შორის, რაც ითვალისწინებს გარემოდან ცხოველების, ამ შემთხვევაში დათვების ამოღებას და მის განადგურებას. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი თავშესაფრის (ან ნაკრძალის) დაარსების საკითხის გადაწყვეტა და დღემდე მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება. 2015 წლის სექტემბერში აღნიშნულზე GSPSA-მ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ -GSPSA უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში დათვების მძიმე მდგომარეობით და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მოუწოდებსკონსულტაციისაკენ და ამ პრობლემატური საკითხის გადაწყვეტისაკენ.

2015 წლის 28 სექტემბერს GSPSA - ს თავმჯდომარემ წერილობითი მიმართვა გაუგზავნა სამინისტროს დათვებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისათვის. GSPSA მიიღებს ყველა კანონიერ ზომებს საქართველოს „წითელ წიგნში“ შეყვანილი ცხოველთა სახეობების გადასარჩენად.

GSPSA-ს ოფიციალური გვერდი: დათვი საქართველოში  https://www.facebook.com/bearingeorgia

ელექტრონული გაზეთი "ლიბერალი" - http://www.liberali.ge/ge/liberali/news/127887/

 

 

  

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram