GSPSA

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია "საქართველოს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ"

25 სექტემბერი 2025

2025 წლის 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო "საქართველოს კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ".

კანონის მიზნები და ამოცანებია: შინაურ ბინადარ ცხოველთა (ძაღლი/კატა) მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი საქმიანობისთვის ან/და ქმედებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისთვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნას, შინაური ბინადარი ცხოველისა და ადამიანის დაცვა სხვა შინაური ბინადარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეებისგან, შინაური ბინადარი ცხოველის დაცვა არასათანადო და სასტიკი მოპყრობისგან, ცხოველის მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, მაგრამ კანონში მითითითებული მუხლების ამოქმედება განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვრიდან და 2028 წლის 1 ივლისიდან.

კანონში განსაკუთრებით საყურადღებოა მე-19 მუხლი - ცხოველისადმი არასათანადო და სასტიკი მოპყრობა, რომლის თანახმად დაუშვებელია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა: ცხოველის ცემა, მუდმივ დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ცხოველის მოწოდება აგრესიისკენ ან/და წახალისება სხვა ცხოველის ან/და ადამიანის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის საწინააღმდეგოდ, ცხოველისთვის ჭრილობის მიყენება, მისი დასახიჩრება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანება (მათ შორის, ავტოსაგზაო შემთხვევისას), რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის, ცხოველების ორთაბრძოლის ორგანიზება, ჩატარება და ორთაბრძოლისთვის ადგილის გადაცემა და სხვა.

ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში და კანონი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - „მუხლი 259. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა

1. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) საჯაროდ;
გ) არაერთგზის;
დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით;
ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, −
ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ოთხ წლამდე.

3. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;
ბ) საჯაროდ;
გ) არაერთგზის;
დ) არასრულწლოვანის თანდასწრებით;
ე) ორი ან ორზე მეტი ცხოველის მიმართ, −

ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.“.

 

"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" ცვლილებების მიხედვით, კანონით აკრძალული ხდება:

შინაური ცხოველი მიტოვება/მიკედლება:

  • შინაური ცხოველის მიტოვება და დარღვევის შემთხვევაში შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი — 10 000 ლარის ოდენობით;
  • მიტოვების შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია გონივრულ ვადაში ცხოველისთვის მოიძიოს ახალი მეპატრონე, ხოლო ახალი მეპატრონის ვერ მოძიების შემთხვევაში ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა უზრუნველყოს. კანონპროექტში ასევე დაკონკრეტებულია, რომ სავალდებულოა ახალი მეპატრონის მოძიების შემთხვევაში ახალი მეპატრონის რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანა;

შინაური ცხოველების აცრა/კასტრაცია:

  • შინაური ცხოველისთვის ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ბინადარი ცხოველის მეპატრონის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • ცოფის აღმოჩენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა და შინაური ცხოველის უმეთვალყურეოდ დატოვება 500-ლარიანი ჯარიმით დაისჯება. ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 1 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება;

შინაური ცხოველებით გადაადგილება საჯარო სივრცეში:

  • შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ალიყაფის გარეშე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებსა და საავადმყოფოში — გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
  • შინაური ცხოველის გასეირნება საბლის ან ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) გამოიწვევს პატრონის 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
  • შინაური ბინადარი ცხოველის ალიკაპის ან ხელში აყვანის ანდა სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეყვანაც 150-ლარიანი ჯარიმით დაისჯება.

შინაური ბინადარი ცხოველის გამრავლება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე დაისჯება 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმით. შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა ცხოველების კონფისკაციას გამოიწვევს. ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა − 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.

შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან ჩატარება ფიზიკური პირის დაჯარიმებს 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას გამოიწვევს, ხოლო იურიდიული პირისა − 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის მიხედვით,

ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი და საშენი ვალდებული არიან 2026 წლის 1 მაისამდე მიმართონ სააგენტოს, რათა ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სრულყოფილად განსახორციელებლად ჰქონდეთ წვდომა მონაცემთა ერთიან ბაზაზე.

ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ცხოველების დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), კინოლოგიური დაწესებულება, ფელინოლოგიური დაწესებულება, რეალიზატორი და ცხოველების მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტი ვალდებული არიან 2026 წლის 1 მაისამდე მიმართონ სააგენტოს, რათა ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების სრულყოფილად განსახორციელებლად ჰქონდეთ წვდომა (რეგისტრაციისა და ცვლილების შეტანის უფლების გარეშე) მონაცემთა ერთიან ბაზაზე.

მეპატრონემ 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

მეპატრონე, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

მიმკედლებელი, რომელსაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს ცხოველი, ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის რეგისტრაციის მიზნით 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.

მეპატრონე, რომლის ცხოველიც სტერილიზებული ან კასტრირებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულია 2027 წლის 1 იანვრამდე მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში შესატანად.

© 2023 GSPSA
Voluntarily created by GSPSA member Irakli Geleishvili
linkedin facebook pinterest youtube rss twitter instagram facebook-blank rss-blank linkedin-blank pinterest youtube twitter instagram