
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება" - GSPSA (ს/ნ 205171847) დაფუძნდა 2006 წელს. ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საკუთარი წესდების, საერთაშორისო დონეზე აღიარებული წესებისა და ნორმების საფუძველზე მორალური პრინციპების გათვალისწინებით.
GSPSA-ს მიზანია საქართველოში ცხოველთა დაცვა და გადარჩენა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შესწავლა და საზოგადოების ცნობიერებაში მისი ასახვა, საქართველოში ცხოველთა დაცვის მიმართებაში საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან სრულყოფილი საკანონმდებლო ინციატივისა და საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
იხილეთ სრული ვერსია: GSPSA მისია
ორგანიზაციის შექმნის და დაფუძნების იდეა მის იურიდიულ აღიარებამდე რამოდენიმე წლით ადრე არსებობდა. ორგანიზაციის იურიდიულ რეგისტრაციამდე სამი წლით ადრე, 2003 წელს, GSPSA -ს ამჟამინდელი წევრების უშუალო მონაწილეობით შეიქმნა უსახლკარო ძაღლების თავშესაფარი, რომელშიც შემდგომში რამოდენიმე ასეულმა ცხოველმა დაიდო ბინა და მათი უმრავლესობა ჩაბარდა ცხოველების მოყვარულ, გულისხმიერ ადამიანებს.
2012 წელს "ბრიჟიტ ბარდოს ფონდი"-ს დახმარებით და დაფინანსებით GSPSA-მ დაიწყო პირველად საქართველოში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის პროგრამა.
2020 წლიდან ორგანიზაციის ცხოველთა თავშესაფრის ბაზაზე დაფუძნდა "ტრავმირებული ძაღლების პანსიონატი". GSPSA-მ ამ პერიოდიდან მიღებას იწყებს მხოლოდ ტრავმირებული უსახლკარო ცხოველების, რომელთა რაოდენობა საგრძნობლად დიდია საქართველოში.
2021 წელს ორგანიზაციამ შეიძინა მიწის ნაკვეთები და დაიწყო ცხოველების სოფლის მშენებლობა. ამ სოფელს ეწოდა სახელი: ცხოველების სოფელი "რიჩი".
GSPSA-ს ურთიერთობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან. ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს სხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან.