წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ (პაკეტი), რომელიც საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ იქნა შემუშავებული.
ინიცირებული კანონპროექტი - 27.12.2023
ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“-GSPSA გაეცნო და განიხილა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ავტორობით შემუშავებულ ინიცირებულ კანონპროექტს N: 07-3/407/10 სახელწოდებით „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ (პაკეტი).
GSPSA-მ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, წინადადებები და დასკვნა გადაუგზავნა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს (რეგისტრ. N 1-2611/24 04.03.2024)
GSPSA-მ უარყოფითად შეაფასა კანონპროექტი და მოითხოვა წარდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა და შემდგომი მუშაობა კანონპროექტზე.
GSPSA ერთმნიშვნელოვნად ეთანხმება, ითხოვს და მხარს უჭერს, რომ აუცილებელია არის კანონი, რომელიც დაარეგულირებს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში ცხოველთა კეთილდღეობისათვის აუცილებელ და სათანადო ინსტიტუციების განსაზღვრას და შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველის თანაარსებობა უსაფრთხო და საიმედო გარემოში.
GSPSA ეთანხმება, რომ კანონით უნდა იყოს განსაზღვრული ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, პატრონის ვალდებულებები, რეგულაციები ცხოველის მოვლა-პატრონობის შესახებ, ცხოველთა სისასტიკის და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა და სხვა.
ამ კანონის მთავარი მიზანი უნდა იყოს ცხოველთა პოპულაციის მართვა, უსახლკარო ცხოველთა რაოდენობრივი ოპტიმიზაცია, ადამიანის ცნობიერების ამაღლებისთვის შესაბამისი პროგრამების შექმნა და ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებული დაფინანსება.
მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების სწორად წარმართვაში სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოებთან ერთად ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე უნდა იყვნენ ჩართული ცხოველთა დაცვის არასამეწარმეო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი გაერთიანებები.
ამ კანონპროექტის ინიცირებამდე კომიტეტის მიერ მიმდინარეობდა კანონპროექტის სამუშაო ვერსიაზე მუშაობა, რაზედაც ააიპ „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ GSPSA-მ თავის დროზე, 2022 წელს წარადგინა შენიშვნები და წინადადებები.