GSPSA-ს ღონისძიება “ცხოველთა მსოფლიო დღე” – 4 ოქტომბერი

2020 წლის 4 ოქტომბერს, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ” ცხოველთა დამცველ აქტივისტებთან ერთად აღნიშნა “ცხოველთა მსოფლიო დღე”.
ღონისძიება მიმართული იყო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისკენ ყველა იმ ცოცხალი არსებისადმი, რომლებთან ერთადაც ვიზიარებთ ერთადერთ სახლს – დედამიწას. ისინი არა ჩვენთვის, არამედ ჩვენთან ერთად ცხოვრებენ და ბუნების სასიცოცხლო ციკლში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

2020 წლის “მსოფლიო ცხოველთა დღის” აღნიშვნისთვის PETA გერმანიის ოფისმა რამდენიმე თვით ადრე მხარდაჭერა გაუმოუცხადა „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას“, ცხოველთა უფლებების დაცვისთვის მისაღწევ დიდ ბრძოლაში და მათ განხორციელებაში.

მსოფლიო ცხოველთა  დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული აქცია-პერფორმანსი მოეწყო  PETA (გერმანიის ოფისის) მხარდაჭერით. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ცხოველთა დამცველი ორგანიზაცია. PETA ძირითადად 4 მიმართულებით მუშაობს, სადაც ცხოველების ყოფა და მათ მიმართ გამოხატული სისასტიკე გრძელვადიანია, ესენია : ლაბორატორიები, საკვების, ტანსაცმლის და გართობის ინდუსტრიები.

„მსოფლიო ცხოველთა დღის“ ისტორია:

„მსოფლიოს ცხოველთა დღის“ პირველი აღნიშვნა მოხდა გერმანიაში, 1925 წლის 24 მარტს, კინოლოგ ჰეინრიჰ ზიმერმანის მიერ. მან შეაგროვა 5000მდე  ადამიანი ბერლინის სპორტის სასახლეში. ის დაუღალავად შრომობდა, იმისთვის, რომ ეს დღე ყოფილიყო ოფიციალური. 1931 წელს, ფლორენციაში, ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს გადაწყვეტილება ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერი არის კათოლიკე წმინდანის, ფრანცისკ ასსიზელის, გარდაცვალების დღე. ის ითვლებოდა ცხოველების დამცველად და მფარველად, ზუსტად ამიტომ მოხდა ამ თარიღის შერჩევა.

ეს დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება და ერთი იდეის გარშემო აერთიანებს საზოგადოების ნაწილს, ასევე ბევრი ადამიანისთვის წარმოადგენს შთაგონების წყაროს – შეცვალონ მსოფლმხედველობა და უარი თქვან ცხოველის ნებისმიერი სახით ექსპლუატაციაზე, რომელებსაც ისეთივე უფლება აქვთ იცხოვრონ თავისუფლად, ტანჯვის გარეშე, როგორც ჩვენ ადამიანებს.
ადამიანს შეუძლია ცხოვრება ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პლანეტის სხვა ბინადრებს. ეს დღე სწორედ იმას ახსენებს საზოგადოებას, რომ თანაგრძნობას შეუძლია გაიმარჯვოს ჩაგვრაზე, ადამიანი იყოს ნაკლებ ეგოცენტრული და იზრუნოს პლანეტასა და მის სხვა სრულფასოვან წევრებზე.